ნიკა კოპლატაძის მრავალფეროვანი შემოქმედება - ინტერვიუ ხელოვანთან

ნიკა კოპლატაძე  მხატვარია, რომელიც სამყაროში არსებული ენერგიების კვლევისა და შეგრძნების საფუძველზე საინტერესო და გამორჩეულ ნამუშევრებს ქმნის.  ხელოვანის ხატვის სტილი ცვალებადია, მისი შემოქმედება კი მისივე ცხოვრების განსხვავებული ეტაპებისა თუ საკუთარი თავის განსხვავებულად აღქმის გამოძახილი. მუშაობის პროცესში მხატვარი მრავალ ამოუცნობ სიმბოლოს იყენებს, ფერთა მაგიაში ხშირად საკუთარ თავს კარგავს, ყოველი ახალი ნამუშევრის შექმნა კი  მისთვის ახალი მოგზაურობაა.




ნიკა, არსებობს რაიმე კონკრეტული გამოცდილება, რომელმაც გიბიძგა  მომავალი  ხელოვნებასთან დაგეკავშირებინა?

კონკრეტულად არაფერი.  უბრალოდ დიდი სურვილისა და ინტერესის გამო  გადავწყვიტე,  ვყოფილიყავი იქ, სადაც ახლა ვარ - ამ მედიუმში და ამ დარგში. ხელოვნებას ადრეულ ასაკში დავუკავშირდი,  მერე ეს კავშირი რაღაც პერიოდის განმავლობაში გაწყდა და საბოლოოდ მაშინ აღდგა, როცა ცხოვრებაში გადაწყვეტილებების მიღების ეტაპი დადგა. ამ სფეროში თავს კარგად ვგრძნობდი და დროის გასვლასთან ერთად ეს ყველაფერი ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი ხდებოდა. ვერ ვიტყვი, რომ არსებობს კონკრეტული შთაგონება, რომელიც დიდი ავტორებისაგან მივიღე ან მესიჯი სამყაროდან, რომელმაც მიკარნახა, რომ ხელოვანი უნდა გავმხდარიყავი. ეს გადაწყვეტილება - ჩემი თავი ხელოვნებასთან დამეკავშირებინა, თავისთავად მოვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ის სფეროა, სადაც უნდა ვიყო და ვიყო ყველაზე პროდუქტიული.




აგვიწერე ის სივრცე, რომელშიც ყველაზე კომფორტულად მუშაობ - იმ მასალის გარდა, რასაც მუშაობის პროცესში იყენებ,  კიდევ რა გჭირდება იმისათვის, რომ იდეალური გარემო და განწყობა შეიქმნა ხატვისთვის?

მუშაობის პროცესი ჩემთვის ყოველთვის ძალიან უცნაურია, იმიტომ რომ ძირითადად ბევრ მასალასა და სხვადასხვა მედიუმში ვმუშაობ, რაც ურთიერთგანსხვავებულ ენერგიას ითხოვს. ბექგრაუნდი, რომელზეც ამ პროცესს ვაგებ, არის არა კონკრეტული სივრცე, არამედ ენერგია, რომლის მიღებაშიც ყოველდღიურად მომხდარი მოვლენები, ადამიანები თუ საინტერესო ლიტერატურა მეხმარება. სიმშვიდე და მედიტაციური გარემოც საჭიროა, თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ შინაგანად ვგრძნობდე იმ ენერგიას, რომლის ვიზუალიზაციასაც ვაპირებ.  




რისი ანარეკლია შენი ხელოვნება, მაინც რა შეიძლება ყოველდღიურობიდან შენი შთაგონების წყარო გახდეს?

ყოველდღიურობა ჩემთვის არის პროცესი, რომელიც განსხვავებულ თემებზე მუშაობისათვის საჭირო ენერგიებით მავსებს. ჩემს შემოქმედებაში მის პირდაპირ ასახვას არ ვცდილობ, ჩემი მიზანი და ხაზი, რომელსაც მივყვები,  ყოველდღიურობის ასახვა არ არის. მიუხედავად ამისა, წარსულში მიმუშავია სერიებზე, რომლებიც ჩემ გარშემო ყოველდღიურობაში მომხდარი მოვლენების ძალიან ემოციურად გადმოცემას ემსახურებოდა,  თუმცა ბოლო პერიოდია ვცდილობ, მე და ჩემი ყოველდღიურობა ჩემს ნამუშევრებში ნაკლებად ვჩანდეთ.




რსებობს რაიმე ფარული სიმბოლოები ან მესიჯები, რომლებიც შენს შემოქმედებას გასდევს თან და გინდა, რომ ისინი ადამიანებისათვის ცნობილი იყოს?

ჩემს ნამუშევრებში სიმბოლოებს  ვიყენებ ხოლმე, თუმცა ისინი ხშირად გაურკვეველია. კონკრეტული სიმბოლოები ხან ჩნდება, ხან ვცდილობ, რომ ისინი მნახველისათვის ნაკლებად იყოს შესამჩნევი. ზოგიერთი სიმბოლო ეზოტერკულია, ზოგიერთი არა,  ისინი განსხვავებული დარგებიდანაა. მაგალითად, ფერწერის სერიაში, რომელსაც ახლა ვქმნი, სიმბოლოებზე განსხვავებული დამოკიდებულებით ვმუშაობ. მიუხედავად იმისა, რომ მსურს ჩემი ნამუშევრების შინაარსი გასაგები იყოს, ვცდილობ, ისინი  მისტიკურიც ჩანდეს - ის კავშირი, რომელიც მნახველსა და ხელოვნების ნიმუშს შორის მყარდება, მინდა, ადამიანს ნამუშევრის მისეულად აღქმისა და გადააზრების შესაძლებლობას უტოვებდეს. ვცდილობ, ჩემს ნახატებში ბევრი სიმბოლო ერთმანეთთან იყოს შერწყმული და მინდა, რომ მათი გამოყენება შორეულ წარსულში მაბრუნებდეს და, ამავდროულად,  მათი განსხვავებულად ინტერპრეტირებაც შეიძლებოდეს. 




საიტერესოა, შენი დამოკიდებულება ფერების მიმართ - რომელ ფერს რა დატვირთვით იყენებ  აბსტრაქტულ ნამუშევრებში და როგორი ენერგეტიკის მატარებელია ისინი შენთვის?

ძალიან მომწონს ფერწერაში მუშაობა, ფერთან ურთიერთობა. ზოგადად, სიმბოლურად თუ ფსიქოლოგიურად,  რა თქმა უნდა, ყოველი ფერი გარკვეულ რამესთანაა დაკავშირებული. ჩემ შემთხვევაში, მინდა, რომ ფერების მიმართ პირადი დამოკიდებულება ამოვიტანო ზედაპირზე. კონკრეტულად ერთი ფერი რომ ვახსენო, ალბათ ამ ეტაპზე  ჩემთვის თეთრია განსაკუთრებული, თუმცა თეთრის გარდა მუშაობის პროცესში ვირჩევ ხოლმე ერთ ფერს, რომელსაც მინდა ხოლმე, რომ განსაკუთრებულად გავუგო და მასზე ვიმუშაო. ჩემთვის ფერებს კონკრეტული სიმბოლიკა ნაკლებად აქვთ, გარდა თეთრისა. სხვადასხვა დროს  განსხვავებულ ფერებზე მიმუშავია. მაქვს ძველი ნამუშევრების სერია, სადაც ერთ ტონალობაში, ერთი კონკრეტული პალიტრით ვმუშაობ. ახლა ძირითადად ვცდილობ ხოლმე, რომ ყველა ფერს ერთად შევეჭიდო, თავისი ემოციებითა თუ ვიბრაციებით. ჩემთვის ფერთა კონტექსტი  ჯადოსნურია, ისინი თან არსებობენ, თან არა და სწორედ ამის გამო ხანდახან მუშაობის პროცესში შეიძლება სუბიექტურობის შეგრძნება დავკარგო, იმდენად ჩავუღრმავდე ფერთა ბუნებას.




შენი ნამუშევრების სტილი ცვალებადია,  როგორია გზა მუქ ფერებში შექმნილი დემონებიდან კაშკაშა ტილოებამდე?

ეს გზა არის იმ ყველაფრის ინტერპრეტაცია, რომელიც ჩემში, როგორც ადამიანში, როგორც მოქალაქეში ხდებოდა - ყოველ პერიოდში მომხდარი კონკრეტული ამბების გამოძახილია. გზა იმ წითელ ფერში დახატული ნახატებიდან იქამდე, რასაც ახლა ვქმნი, საინტერესოა, იმიტომ რომ ჩემი თავის განვითარებაა და ჩემი თავის სხვადასხვა ადგილზე ყოფნა. შეიძლება მას ცხოვრების  ხაზიც დავარქვა, ჩემი განვითარება. თან მომწონს ერთი თემიდან მეორესკენ რადიკალური გადახვევა, რაც ჩემს ნამუშევრებში იგრძნობა კიდეც. ჩემ მიერ შექმნილი თითოეული სერია ახალი მოგზაურობაა ახალი ენერგიებისა და ემოციური ცოდნისკენ, რომელსაც ვიღებ და მერე ისევ თავიდან ვიწყებ კვლევას განსხვავებული მიმართულებით. მოკლედ, მთავარი, რაც მინდა ვთქვა, ისაა, რომ ეს გზა ძალიან საინტერესოა.





რა გავლენა იქონია შენს შემოქმედებაზე ბოლო ერთმა წელმა, სირთულეები შეგექმნა თუ პირიქით, მეტი დრო გქონდა ფიქრისა და მუშაობისათვის?

უცნაური იყო  ასეთ ვითარებაში ცხოვრებაც და მუშაობაც, იმიტომ რომ მოულოდნელად სრულიად ახალ რეალობაში აღმოვჩნდით. ცოტა დავიღალე, თუმცა ამ ამბებს ჩემს შემოქმედებაზე დიდი ზემოქმედება არ მოუხდენია. ვცდილობ ხოლმე, რომ სულ პროდუქტიული ვიყო და სულ პროცესში, რაც აქტიურ, თუმცა  მანიაკალურ შრომას არ გულისხმობს. ადამიანებს შორის ურთიერთობის ფორმა შეიცვალა, რაღაც გაგებით საინტერესო ერა დაიწყო, რომელმაც ჩემს წარმოსახვაზე თავისი კვალი დატოვა  - ცოტა ხნის წინ მეგობრის მიერ მოყოლილი ამბის ჩემს გონებაში გაცოცხლებისას, ადამიანები პირბადით წარმოვიდგინე. ჩემს ვიზუალიზაციაში პირბადე გაჩნდა, რაც არ მომწონს. რაც შეეხება მეტ დროს ფიქრისა და მუშაობისათვის, მგონია, რომ ამისთვის ადამიანს ყოველთვის სცალი, მნიშვნელობა არ აქვს სახლში ჩაკეტვასა თუ კომენდანტის საათის არსებობას.




მოგვიყევი შენი ბოლო ნამუშევრის შესახებ, რომელიც რია ქებურიას რეზიდენციაში განათავსე.

ჩემი ბოლო ნამუშევარი გაგრძელებაა იმ სერიისა, რომელსაც „იქ ადამიანი არ არსებობდა“ ჰქვია და არტ ვილა გარიყულაში შესრულდა. უბრალოდ, გადავწყვიტე, მას განსხვავებული ფორმა ჰქონოდა და გამოეხატა ჩემი, როგორც ადამიანის და არა როგორც  არტისტის პოზიცია. ეს ნამუშევარი არის სიცოცხლის ტოტემი, რომლის შექმნითაც ვეცადე, რომ ჩემი დამოკიდებულება ისევ ჩემივე თავისთვის გამეხადა აშკარა - იმ ხეს, რომელსაც ნამუშევარზე ვხედავთ, თავად ვიცავ. ბავშვურად მინდოდა, რომ ჩემი ამ ნამუშევრით იმ ცოცხალ ხეს, რომელიც მის შუაში დგას, თავი ამ სამყაროში დაცულად, ცოცხლად და ენერგიულად ეგრძნო. ნამუშევარი დატვირთულია სამკუთხედებით, ფერებით, სიმბოლოებით. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტი სიმბოლო სწორედ ამ ნამუშევარშია გამოყენებული. ჩემი მიზანი კი, როგორც უკვე ვთქვი, ისაა, რომ ამ ხემ მაქსიმალურად შეძლოს თავდაცვა, რაც ასევე სიმბოლურია. აქ ხეა მნიშვნელოვანი და აქცენტირებული, ეს ნამუშევარიც მას ემსახურება, დანარჩენი ყველაფერი მინიშნებაა, რომელიც იქ გვაბრუნებს, რაც ადამიანის მიერ დიდი ხანია დავიწყებულია. სწორედ ამიტომ აქვს ნამუშევარს ტოტემის სახე - ტოტემისა, რომლითაც უხსოვარ დროში სხვადასხვა რამეს  განადიდებდნენ. ჩემი ნამუშევარიც რაღაცის განდიდებას ემსახურება და ეს რაღაც -  სიცოცხლეა.



ავტორი : ანი კლდიაშვილი