Of Guardians and Magic Wands - თეკლა კიღურაძის გამოფენა

თეკლა კიღურაძე ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომლის შემოქმედებაშიც ხშირად განსხვავებული სახის ორნამენტები და პატერნები ჩნდება. პასტელური ფერთა გამა კი თეკლას ხელწერისთვის დამახასიათებელი და განმსაზღვრელია. გამოფენა Of Guardians and Magic Wands, რომელიც The Why Not Gallery-ისა და  გალერეა “ქარავანი ორბელიანზე” თანამშრომლობის ფარგლებში 25 ივლისს იგეგმება, მის ნამუშევრებს სრულიად განსხვავებულ ფორმატში შემოგვთავაზებს. 

გამოფენა თეკლას ნამუშევრების, ინტერესებისა და შეხედულებების ერთგვარი შეჯამებაა, რომელიც ყოველდღიურობისთვის დამახასიათებელ ენერგეტიკასა და მისტიკურ ძალებს ეძღვნება. ტაროს კარტის შთაგონებით შექმნილი ორი ნამუშევარი - The Star და Archangel Fuchsia კომპოზიციურად არკანების გამოსახვის წესებს მიჰყვება, თუმცა ამასთანავე თეკლას ინტერპრეტაციას გვთავაზობს. ნამუშევრებში თეკლას პირადი სიმბოლიკა იკითხება, რაც მათ კიდევ უფრო ავთენტურს ხდის. მომავლის იმედი, შთაგონება, ჰარმონია, სიმშვიდე - ეს ის თემებია, რომლებიც გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში ვლინდება. 








ავტორი : ქეთევან ბარბაქაძე