Palm Springs - მოდერნისტული არქიტექტურის ოაზისი

 

კალიფორნიის საკურორტო ქალაქი Palm Springs, რომელიც სუბტროპიკულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს, მე-20 საუკუნის შუა წლების არქიტექტურის არაერთ შთამბეჭდავ ნიმუშს აერთიანებს. სტატიაში Palm Springs-ის იმ შენობებს გაგაცნობთ, რომელთა ფორმები მოდერნისტულ ტენდენციებს ამჟღავნებს და ადგილის სპეციფიკასაც ესადაგება.

 Abernathy House

ეს სახლი Palm Springs-ის შუაგულშია აშენებული, რომელზეც ამერიკელმა არქიტექტორმა - უილიამ კოდიმ იმუშავა. შენობასთან ერთად წარმოდგენილი ღია ტერიტორია - საცურაო აუზით, შეზლონგებით, მოსასვენებელი ზონებითა და გრძელი ფანჩატურით, მზიანი დღეებისთვის სასიამოვნოდ isგასატარებელ გარემოს წარმოქმნის. შენობაში ჭარბად გამოყენებული მინა, თეთრი ექსტერიერი და გეომეტრიული დაგეგმარება არქიტექტორ ლე კორბუზიეს მოდერნისტულ სახლებს - Villa Savoye-სა და Maison La Roche-Jeanneret-საც მოგვაგონებს.

 Swiss Miss House

ჩარლზ დუბოისი, რომელიც ნაკლებად ცნობილი მოდერნისტი არქიტექტორია, ერთსართულიანი რეზიდენციების პროექტებით გამოირჩევა. Swiss Miss Houses-ებისთვის A-ფორმის სახურავია დამახასიათებელი, რომელთა რაოდენობა Palm Springs-ის ტერიტორიაზე დღესდღეობით 15-ს შეადგენს. ამ ტიპის სახლებში 1950-იან წლებში სხვადასხვა ჰოლივუდის ვარსკვლავი ცხოვრობდა. მათ შორის იყვნენ მერლინ მონრო, დინ მარტინი, პიტერ ლაუფორდი, ჯოან კოლინსი, ჯორჯ ჰამილტონი და სხვ.

 Tramway Gas Station 

არქიტექტორების - ალბერტ ფრეისა და რობსონ ჩემბერსის Tramway Gas Station ის ერთ-ერთი პირველი შენობაა, რომელსაც ლოს ანჯელესიდან მიმავალი მგზავრი კალიფორნიის უდაბნოში შეხვდება. შენობა განსაკუთრებით დასამახსოვრებელია უზარმაზარი სახურავით, რომელიც მზიან უდაბნოში ჩრდილს ქმნის. შენობის მსგავსი დეტალი იმ მრავალი მოდერნისტული ნაგებობისთვისაა დამახასიათებელი, რომლებიც მზიან და მშრალ კლიმატურ ზონაშია აშენებული.

 Coachella Valley Savings & Loan bank 

Coachella Valley Savings & Loan bank-იც ასევე გრძელი გადახურვით გამოირჩევა, რომელიც შენობის წინ ჩრდილს წარმოქმნის. უილიამსის პროექტს გამორჩეულს ბანკის წინ არსებული შადრევანიც ხდის, თუმცა შენობის განსაკუთრებული ელემენტი ამობრუნებული თაღებია, რომელთა სვეტები სახურავს ებჯინება. ამასთან აღსანიშნავია, რომ მოდერნისტმა არქიტექტორმა ი სტიუარდ უილიამსმა კედლების ზედა ნაწილის ღიად დატოვებით შენობის შიდა სივრცე ბუნებრივი განათებით უზრუნველყო. 

Hope Residence

რეზიდენცია, რომელიც გარეგნულად ვულკანსაც მოგვაგონებს, არქიტექტორმა ჯონ ლოტნერმა კომიკოს ბობ ჰოუფისთვის დააპროექტა. ჰოუფის სახლი ცნობილი არქიტექტორისა და ლოტნერის მენტორის - ფრენკ ლოიდ რაიტის შენობებსაც გაგვახსენებს, რომლებიც არქიტექტურასა და ბუნებას შორის ჰარმონიული კავშირით გამოირჩევა.

Twin Palms 

Twin Palms არქიტექტორი სტიუარტ უილიამსის პირველი სარეზიდენციო პროექტია, რომელიც მუსიკოს ფრენკ სინატრასა და მისი ცოლისათვის აშენდა. სინატრასათვის “ტვინ პალმსის” სახლი ის მშვიდი და დაცული ტერიტორია იყო, სადაც ცოლთან ერთად ჰოლივუდის კამერებისაგან დამალვას შეძლებდა. რეზიდენცია 418 კვადრატული მეტრის არეალს მოიცავს. 

 Kaufmann House 

ორსართულიანი რეზიდენცია The Kaufmann House ამერიკელი ბიზნესმენის - ედგარ ჯეი კაუფმანისათვის 1946 წელს აშენდა. შენობა, რომელიც ხუთ საძინებელსა და სააბაზანოს, ბალახით დაფარულ ეზოსა და აუზს აერთიანებს, ამასთან ბრტყელი სახურავით, ღია ფერის ფასადითა და ღია მოსასვენებელი ზონებით გამოირჩევა. კაუფმანის სახლი ნეუტრას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობაა, საიდანაც სან ჯასინოს მთების ხედი იშლება. 

 Palm Springs City Hall 

ალბერტ ფრეიმ Palm Springs-ის მერიის პროექტზე მუშაობა 1952 წელს დაასრულა. მერიის შესასვლელთან წრიულად გაჭრილ სახურავია წარმოდგენილი, რომელშიც უზარმაზარი პალმის ხეები იზრდება. 

 Bank of America 

როგორც ცნობილია, არქიტექტორ რუდი ბაუმფილდისთვის Bank of America-ს პროექტზე მუშაობის დასაწყებად გადამწყვეტი აღმოჩნდა ლე კორბუზიეს აღიარებული შენობა - Ronchamp chapel, რომლის ფორმები ხვეულ ხაზებსა და გრძელი გადახურვის ელემენტებს აერთიანებს. “ამერიკის ბანკი” 1959 წელს აიგო, რომელიც მოდერნისტული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი მკვეთრი გეომეტრიული ხაზებისაგან განსხვავებით, მომრგვალებული კუთხეებით გამოირჩევა, თუმცა უჩვეულო ფორმებითა და მინიმალისტური დეკორით “ამერიკის ბანკი” მაინც მოდერნისტულ სტილს უახლოვდება.

 Elrod House by John Lautner

Elrod House ამერიკელი ინტერიერის დიზაინერის - ართურ ერლოდის დაკვეთით შეიქმნა, რომელზეც ამერიკელმა არქიტექტორმა ჯონ ლოტნერმა იმუშავა. შენობა კოაჩელას ხეობას გადაჰყურებს, საიდანაც შთამბეჭდავი ხედები იშლება. Elrod House-ის განსაკუთრებული ცნობადობა ჯეიმს ბონდის სერიის 1971 წლის ფილმს - Diamonds are Forever-საც უკავშირდება, რომელშიც სახლის მისაღები ოთახი და საცურაო აუზია ნაჩვენები.

ფოტო: dezeen

ავტორი: ანა გაბისიანი