Pleasing: ჰარი სტაილსი კოსმეტიკის ბრენდს აფუძნებს

სულ ცოტა ხნის წინ ჰარი სტაილსმა კოსმეტიკის ბრენდი - Pleasing დააფუძნა. ბრენდი ფრჩხილებისა და კანის მოვლის ხაზს მოიცავს, რომლის პირველი პროდუქცია Perfect Pearl-ის (“იდეალური მარგალიტის”) სახელით ერთიანდება. 




Pleasing-ის პლატფორმა შესაძლებლობას გაძლევთ შეიძინოთ სხვადასხვა ფერისა და ტიპის ლაქი, ასევე კანის მოვლის ორი სახის პროდუქტი: დამატენიანებელი შრატი გამდიდრებული ვიტამინი B5-ით, ანტიოქსიდანტებითა და ამინომჟავებით და ჰიბრიდული პროდუქტი The Pleasing Pen, რომელიც ერთდროულად თვალის უპეებისთვისაც გამოიყენება და ტუჩის დამარბილებლის ფუნქციასაც ასრულებს. 




მომღერალი, მოდელი, მსახიობი და ახლა უკვე ბრენდის დამფუძნებელი ჰარი სტაილსი ჟურნალ Dazed-თან Pleasing-ის დაარსების წინაპირობაზე საუბრობს და ამავე ჟურნალის 2021 წლის ზამთრის ნომრის გარეკანზეც გვევლინება. მისი სიტყვებით, კოსმეტიკის ხაზის შექმნის იდეა ფრჩხილის ლაქმა განაპირობა. როგორც ჰარი ინტერვიუში ახსენებს, გარემოში შემჩნეული ფერებით იმდენად იხიბლებოდა ხოლმე, რომ მომენტალურად უჩნდებოდა სურვილი დანახული ფერები თავის ფრჩხილებზე გადაეტანა.




“თავდაპირველად Pleasing-ს სახალისო პროექტად ვხედავდი, თუმცა როდესაც პანდემიის პერიოდში ბრენდის სახელზე საბოლოოდ შევჯერდით, Pleasing ბევრად მეტი გახდა, ვიდრე უბრალოდ ლაქი. მომენტები, რომლებიც ცხოვრებაში ყველაზე მეტ სიხარულს მანიჭებს, ყოველთვის მცირე დეტალებს ეფუძნება - ეს იქნება ვარსკვლავებიანი ღამის დასრულებამდე დარჩენილი უკანასკნელი წუთები, საჭმლის ერთი ლუკმა თუ მეგობრებთან ერთად ყოფნისას გაფიქრებული სიტყვები - “მე ამას არასოდეს დავივიწყებ”. ...დანამდვილებით მგონია, რომ Pleasing-ის არსებობის მთავარი მოტივი ამგვარი ბედნიერი ნაპერწკლების პოვნა და მათი ხალხისთვის ჩვენებაა,” - ამბობს ჰარი სტაილსი.

 



ავტორი : ანა გაბისიანი