ყვავილები, როგორც გამოხატვის ფორმა - ინტერვიუ ფლორისტ ბექა ცერცვაძესთან

საფრანგეთში, პარიზში მცხოვრები ბექა ცერცვაძე მხოლოდ სამი წელია, რაც ფლორისტიკის სფეროში მუშაობს, თუმცა უკვე პრესტიჟული ყვავილების მაღაზიის კრეატიული დირექტორია და თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Chanel და Moët & Chandon. ბექა გვესაუბრა საკუთარი კარიერული გზის, სამომავლო გეგმებისა და ყვავილების შესახებ, რომლებიც მისთვის ემოციების გამოხატვის ფორმაა. 


პირველ რიგში, მოგვიყევით, როგორ აღმოჩნდით პარიზში, ფლორისტიკის სფეროში?

 

პარიზში 4 წლის წინ ჩამოვედი ენის შესასწავლად, სულ რამდენიმე თვით, ძალიან მომეწონა აქ, ბევრი მეგობარი შევიძინე და მივხვდი, რომ უკან დაბრუნება აღარ მინდოდა, ცხოვრება ახალი ფურცლიდან უნდა დამეწყო. თბილისში ჟურნალისტიკას ვსწავლობდი, მაგრამ საფრანგეთში ამ მიმართულებით ვერ გავაგრძელდებდი სწავლას, ამიტომ დავიწყე ისეთი სასწავლებლის ძებნა, სადაც უმაღლეს განათლებას არ ითხოვდნენ, ასე აღმოვაჩინე პარიზის ფლორისტთა საერთაშორისო სკოლა.


როგორი იყო სწავლის პროცესი? 

 

სასწავლო პროცესი იყო საკმაოდ შრომატევადი, თუმცა, ამავდროულად, მრავალფეროვანი და საინტერესო.  თაიგულების კეთებასთან ერთად ვსწავლობდით ყველა მცენარის ბიოლოგიას, მათ სასიცოცხლო ციკლს. გარდა ამისა, გვასწავლიდნენ ისტორიას, რადგან საფრანგეთში თაიგულთან ერთად ყურადღება ეთმობა ლარნაკებს, რომლებიც ხშირად ისტორიული მნიშვნელობისაა, ასევე ვსტუმრობდით მუზეუმებსა და გალერეებს, შთაგონების წყაროს საპოვნელად.


მალე მიხვდით, რომ თქვენი საქმე იპოვეთ?

 

ალბათ მაშინ, როდესაც გავაცნობიერე, რომ მუშაობა ძალიან მსიამოვნებდა და ეს სფერო, ძალიან ბევრ რამეს მასწავლიდა არა მხოლოდ ყვავილებზე, არამედ ზოგადად ცხოვრებაზე. ხოლო ერთი წლის შემდეგ, როდესაც გარშემო მყოფები ჩემი შემოქმედებით დაინტერესდნენ, ვირწმუნე, რომ ეს საქმე კარგად გამომდის. 

 

 

საკმაოდ მოკლე დროში ძალიან პრესტიჟული მაღაზიის კრეატიული დირექტორი გახდით, როგორი იყო თქვენი გზა ამ პოზიციამდე?

 

სწავლის დაწყებამდე აუცილებელი იყო რომელიმე ყვავილების მაღაზიაში მუშაობა, აქ სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი - გასაუბრებაზე მოსულს მთხოვეს, რომ თაიგული გამეკეთებინა, მე ჯერ არაფერი ვიცოდი, რამდენიმე მზესუმზირის ყვავილით გავაკეთე თაიგული და ბოლო დეტალს როდესაც ვეძებდი, ერთ-ერთ ყვავილზე მჯდომი პეპელა შევნიშნე, დავიჭირე, მზესუმზირის ყვავილზე დავსვი და ძალიან მოეწონათ. ამ პეპელამ ერთგვარი პეპლის ეფექტი მოახდინა ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერი - სამსახურის პოვნა, კარიერული ზრდა რეალურად ამ პეპლის დამსახურებაა. ხოლო ის, რომ ახლა მაღალ პოზიციაზე ვარ, ნაწილობრივ ჩემს ქართველობასთანაა დაკავშირებული, უცხო კულტურას წარმოვადგენ და უფრო დიდ ყურადღებას ვიქცევ, ვიდრე სხვები. სწავლის დროსაც ასე იყო, რადგან ჩვენი კულტურა მათთვის უცხო და ეგზოტიკურია, უფრო ხშირად ვხვდებოდი ყურადღების ცენტრში. 

 

 

ხშირად გიწევთ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობა, როგორია მათთან მუშაობა?

 

თავიდან რთული იყო, მსოფლიოში ყველაზე დიდ ბრენდებს პრეტენზიაც ყველაზე მეტი აქვთ, თუმცა მათმა კრიტიკამ და ხედვის გაცნობამ ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა. დღეს დიდ ბრენდებთან თანამშრომლობა უკვე ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა, როდესაც მათ ატელიეში ვმუშაობთ შემოქმედებითი პროცესის ნაწილი ვხდები, ძალიან საინტერესოა დაკვირვება, თუ როგორი სკრუპულოზურობით ქმნიან თითოეულ თითქოს უმნიშვნელო დეტალს. ხშირად გვიწევს მათი შოუ რუმების, ღონისძიებების ან ვახშმების გაფორმება, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც გაფორმებას ვასრულებთ და ვიცი, რომ რამდენიმე დღეში, მაგალითად, Chanel-ის ყველა VIP სტუმარი, ყველა ჟურნალისტი და ფოტოგრაფი ჩვენს ყვავილებს ნახავს. 

 

 

ალბათ ყოფილა შემთხვევა, როდესაც თანამშრომლობა განსაკუთრებით საინტერესო იყო…

 

ყველა გაფორმება, რაც გამიკეთებია ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან თითოეული მათგანი განსხვავდება ერთმანეთისგან. თუმცა Moët & Chandon-თან თანამშრომლობა იყო ძალიან საინტერესო, რადგან ჩემ მიერ აწყობილი თაიგულები აზიაში გააგზავნეს, რომ ზუსტად იგივენაირად გაეფორმებინათ იქაური მაღაზიები. ძალიან სასიამოვნო შემთხვევაც მახსენდება, ბიჭმა შემიკვეთა თაიგული, თითქმის დამთავრებული მქონდა მუშაობა, თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა მისამართზე ვაგზავნიდით, ბოლო წუთები იყო დარჩენილი, როდესაც შეტყობინება მოვიდა, რომ ყვავილები სოფია ლორენისთვის იყო. მინდოდა, რაღაც ძალიან განსხვავებული და განსაკუთრებული გამეკეთებინა და უკვე გამზადებული თაიგული სულ რამდენიმე წუთში გადავაკეთე. 

 

 

ფლორისტიკა პრაქტიკულად ხელოვნების დარგია, თუმცა თქვენი ნამუშევრები წარმავალია, თაიგული რაღაც დროის შემდეგ უნდა დაჭკნეს. როგორი შეგრძნებაა, როდესაც ის, რაზეც მუშაობთ, მალევე ქრება?

 

ფლორისტიკა მართლაც ხელოვნების დარგია, მხატვარი ტილოს რომ ხატავს, იცის, რომ ის საუკუნეებს გაუძლებს, თაიგული კი - რამდენიმე კვირაში ჭკნება. სწორედ ამიტომ, არასდროს გამიკეთებია ორი ერთნაირი თაიგული, ფოტოებსაც იშვიათად ვუღებ, თაიგული ჩემთვის გამოხატვის ფორმაა, დეტალებსა და ფერებში ჩემს ქვეცნობიერში დალექილ მოვლენებსა და შინაგან განცდებს გადმოვცემ, ჩემი ყველა ნამუშევარი მახსოვს როგორია, ამიტომ მათი წარმავალობა არ მასევდიანებს, პირიქით, ნაწილობრივ საშუალება მაქვს, რომ მუდმივად რაღაც ახალი გავაკეთო. 

 

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: ბექა ცერცვაძე