ყველაზე დასამახსოვრებელი ჩვენებები პარიზის მოდის კვირეულიდან

6 ოქტომბერს პარიზის მოდის კვირეული დასრულდა. ბოლო 18 თვის განმავლობაში მოდის კვირეულის ტრადიციული კონცეპტი თითქმის წარსულს ჩაჰბარდა. კოვიდპანდემიის გამო, მოდის სახლებს ჩვენებების გამართვა ციფრულ ფორმატში უწევდათ, რაც მართალია, პრაქტიკული და ლოგიკური გამოსავალი იყო, თუმცა პარიზის მოდის კვირეულის ფიზიკურმა ჩვენებამ და ცოცხალმა აუდიტორიამ განსაკუთრებულად ააღელვა მოდის თაყვანისმცემლები, ხოლო მოდის კვირეულს ჩვეული მასშტაბურობა შესძინა. ახალ სეზონზე კოლექცია 50-ზე მეტმა მოდის სახლმა წარმოადგინა. გთავაზობთ მათ შორის ყველაზე გამორჩეულ ჩვენებებს.  

 

Kenneth Ize





2020 წლის თებერვალში ახალგაზრდა ნიგერიელი დიზაინერი Kenneth Ize პარიზის მოდის კვირეულის დებიუტანტი იყო, წელს კი მოდის კვირეული მისი ჩვენებით გაიხსნა. 30 ლუქისგან შემდგარი კოლექცია შთაგონებულია დასავლეთაფრიკული თვითმყოფადი სტილითა და ფოლკლორით. ტექსტილის ადგილობრივი არტიზანების მიერ შექმნილი ტრადიციული აფრიკული სამოსის სახეობებს ვხედავთ დელიკატურ სილუეტებსა და ნაქსოვ ზოლიან ფაქტურებში. თუ დიზაინერის წინა ჩვენებაში ჭარბობდა მიწის ტონები და მარტივი, მშვიდი ფორმები, წლევანდელი კოლექცია ნათელი მხიარულებით ნამდვილად იყო აფრიკული კულტურის ზეიმი.

 

Dior





ფრანგული მოდის სახლის, Dior-ის ჩვენება პარიზის მოდის კვირეულის მეორე დღეს გაიმართა. კოლექცია შთაგონებულია 1960-იანი წლების დიორის უკვდავი კოსტიუმებით. ამ სეზონზე მარია გრაცია ქიურიმ განსხვავებული ფორმები და ფაქტურები შემოგვთავაზა - ჰაეროვანი ქვედაბოლოები, მრავალფეროვანი პრინტები, რითაც მოდის სახლის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა თავი დაგვამახსოვრა, მოკლე, მკაცრი ქვედაბოლოებითა და ნეიტრალური ტონების ტვიდის პიჯაკებით ჩანაცვლდა და მათ 60-იანი წლების ფრანგული სტილისთვის დამახასიათებელი ვინილის მაღალყელიანი ფეხსაცმელი შეუხამა. კოლექციასთან საინტერესო კონტრასტს ქმნიდა იტალიელი არტისტის, ანნა პაპარატის მიერ შექმნილი სცენოგრაფია, რომელიც ლეგენდარული რომაული ღამის კლუბის, The Piper Club-ის კონცეფციით იყო შთაგონებული, რაც ავტორისათვის გამოხატვის თავისუფლების სიმბოლოა.

 

Saint Laurent




2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის პარიზის მოდის კვირეულზე ენტონი ვაკარელოს Saint Laurent კვლავ ეიფელის კოშკთან მოწყობილ მასიურ სცენაზე დაბრუნდა. ფრანგი კომპოზიტორის, იან ტირსენის მუსიკის ფონზე მოდელებმა ივ სენ ლორანის მუზის, პალომა პიკასოს სტილით შთაგონებული კოლექცია წარმოადგინეს - განიერი მხრები, მაცდური ფორმები, ტყავის აქსესუარები, ბრჭყვიალა ფაქტურები.. 

„მას თავისუფლება, ინსტინქტები, ენერგია თავისუფლად სუნთქვის საშუალებას აძლევს. ეს არის ქალის დღესასწაული, ქალის, რომელიც უნიკალურია გარეგნობისა და თვითგამოხატვის ყველა ასპექტში“.

 

Courreges




კოსმოსური და პრაქტიკული - ასე დავახასიათებთ ფრანგი დიზაინერის, ანდრე კუღეჟის Courreges-ს. მოკლე ქვედაბოლოები სილიკონისა და პლასტმასის ჩანართებით, გეომეტრიული ნახაზები, დაბალძირიანი ლატექსის ფეხსაცმელები და ესკიმოსის მზის სათვალეები - ეს ყველაფერი ბრენდის მაიდენტიფიცირებელ ნიშნად იქცა. ბრენდის ახალმა შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა ნიკოლა დი ფელიჩიმ კუღეჟის ფუტურისტული კუტიური პარიზის მოდის კვირეულზე დააბრუნა. ფერადი თრენჩები, ხელოვნური ტყავის პრიალა კაბები და ფერთა მინიმალისტური პალიტრა - ის რასაც, ანდრე კუღეჟი 60-იან წლებში ქმნიდა, ნიკოლამ უფრო პრაგმატული და ფუნქციონალური გახადა. 

 

Balmain





პარიზის მოდის კვირეულის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე ფრანგული მოდის სახლის, Balmain-ის მასშტაბური ჩვენება გაიმართა, რომელიც ბრენდის კრეატიული დირექტორის, ოლივერ რუსტენის ბალმანში 10-წლიან მოღვაწეობას მიეძღვნა და უკვე შეფასდა წლევანდელი სეზონის ყველაზე გლამურულ ნამუშევრად. მას 6000-მდე სტუმარი ესწრებოდა. ჩვენების პირველ ნაწილში ოლივერმა სექსუალურ შავ-თეთრ სილუეტებთან ერთად უტილიტარული მოდისთვის დამახასიათებელი ნივთებიც წარმოგვიდგინა - განიერი შარვლები, მონოქრომული ფერის მაისურები და მასიური აქსესუარები. შოუს მეორე ნაწილი ამერიკელი მომღერლის, ბიონსეს აუდიოჩანაწერით გაიხსნა. ე.წ. Balmain Squad-ის გამოჩენას ოვაციები მოჰყვა - ნაომი კემპბელმა, ნატალია ვოდიანოვამ, კარლა ბრუნიმ და სხვა სუპერმოდელებმა ბალმანის წინა დეკადის ლეგენდარულ ეპოქაში დაგვაბრუნეს. მდიდრული ოქროსფერი დეტალები და მარგალიტებით შემკული ნაქსოვი კაბები ხაზს უსვამს ბალმანის იდენტობას. 

 

Rick Owens





Palais De Tokyo-ს თავბრუდამხვევ ნათელ სივრცეში დიზაინერ რიკ ოუენსის ჩვენება გაიმართა. დიზაინერის პარტნიორმა და მუზამ მიშელ ლემიმ შოუ მასიური სამგანზომილებიანი ტყავის ქვედაბოლოთი გახსნა. რიკ ოუენსისთვის დამახასიათებელ სკულპტურული სტილის ნივთებს პასტელური ფერის ელეგანტური კაბები ენაცვლებოდა.

 

Balenciaga





ფრანგული მოდის სახლ ბალენსიაგას პრეზენტაციები დისტოპიური ახალი ამბებისა და ვიდეოთამაშის ჩათვლით, სულ უფრო და უფრო დაუვიწყარი ხდება. პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ცნობილ ამერიკულ ტელესერიალთან,  „სიმპსონებთან“ კოლაბორაცია კი სეზონის საუკეთესო მომენტი აღმოჩნდა. პარიზის თეატრ "შატელში", ბალენსიაგამ წითელი ხალიჩის კონცეპტი გააცოცხლა. თეატრის შესასვლელთან დაგებულ წითელ ხალიჩაზე, კამერების განათებების ფონზე, ბალენსიაგას სამოსში გამოწყობილი მოდელები და ცნობადი სახეები გამოჩნდნენ. რა იყო შოუ და რა იყო რეალობა? მაისურები, განიერი პიჯაკები და შარვლები, ვერცხლისფერი მაღალყელიანი ფეხსაცმელი, შავისა და მკვეთრი ფერის ერთმანეთთან მონაცვლეობა ღამის წვიმიან პარიზსა და წითელ ხალიჩას მდიდრულად ერწყმოდა. ეს უფრო ჰოლივუდური ფილმის პრემიერას გვაგონებდა და ჩვენების ჩატარების ადგილიც სულაც არ ყოფილა შემთხვევითი. სტუმრების თეატრალურ დარბაზში შეკრების შემდეგ, დიდ ეკრანზე ლეგენდარული ამერიკული ტელესერიალი „სიმპსონები“ დაიწყო, რომელზეც სერიალის შემქმნელებმა და ბალენსიაგას გუნდმა ერთობლივად იმუშავეს. ანიმაციური სერიალის პერსონაჟებმა ბალენსიაგას სამოსი მოირგეს, პერსონაჟებს შორის იყვნენ ამერიკული Vogue-ს რედაქტორი ანა ვინტური და მოდის სახლის ხელმძღვანელი დემნა გვასალიაც. დემნამ კიდევ ერთხელ გარისკა შემოქმედებითი თვალსაზრისით და Balenciaga-ს ჩვენება პარიზის მოდის კვირეულის ყველაზე დასამახსოვრებელ სანახაობად აქცია.



ავტორი : მარიამ ქორიძე