,,რა არის სხვაობა ჩემსა და შენ შორის” - მაია ნავერიანის ახალი გამოფენა

ელენე აბაშიძის საზიარო სივრცე გიწვევთ მხატვარ მაია ნავერიანის ახალი ნამუშევრის გამოფენაზე, სახელწოდებით ,,რა არის სხვაობა ჩემსა და შენ  შორის“. გამოფენა, რომელიც ტექნიკურად  ,,პროპაგანდასთან“ თანამშრომლობითაა უზრუნველყოფილი,  24 თებერვალს დაიწყო და 14 აპრილამდე გაგრძელდება.




მაია ნავერიანის  ტექსტზე დაფუძნებული ნამუშევარი, რომელიც იმავე სათაურის მქონე 2003 წლის ნახატიდან იღებს სათავეს, პირველ რიგში,  ქუჩაში შემთხვევითი გამვლელისკენაა მიმართული. ნეონის შვიდი სიტყვა ხელოვანის ხელწერას იმეორებს, ავსებს საგამოფენო სივრცის შვიდ ფანჯარას და საჯარო სივრცესთან დიალოგს ქმნის. ფანჯრებზე გამოსახული წარწერები ერთგვარ ზღვარს წარმოქმნის და მნახველს სივრცეში შესვლისკენ უბიძგებს.




კითხვის ნიშნის გარეშე დასმული შეკითხვა ინგლისურ ენაზეა წარმოდგენილი, რადგანაც როგორც თავად ავტორი ამბობს, იგი ენის ამ უცხო ტერიტორიაზე თავს კომფორტულად გრძნობს. წარწერასა და ქანდაკებას შორის მოქცეული ნეონის წინადადება მნახველს ინტერპრეტაციის არაერთ შესაძლებლობას აძლევს. იგი პირველ რიგში დიქოტომიურ აზროვნებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და ბინალურობის მიღმა არსებულ სააზროვნო სივრცეში გვეპატიჟება.



ავტორი : გურანდა ლემონჯავა