როგორ შეცვალა ფრანგულმა ახალმა ტალღამ კინემატოგრაფია

1950-იანი წლების ბოლოს ფრანგულ კინოში მოულოდნელად რევოლუცია მოხდა, რომელსაც მოგვიანებით ფრანგული ახალი ტალღა ეწოდა. ყველაფერი კი ცოტა უფრო ადრე, ჟურნალ Cahiers du Cinema-დან დაიწყო, რომლის რედაქტორი ანდრე ბაზენი ახალგაზრდა კრიტიკოსებს საშუალებას აძლევდა ნებისმიერი ფილმი თუ რეჟისორი თამამად გაეკრიტიკებინათ. “კაიეს” კრიტიკოსები - ჟან-ლუკ გოდარი, ფრანსუა ტრიუფო, ერიკ რომერი, კოლდ შაბროლი და ბევრი სხვა მომავალში ცნობილი რეჟისორი გმობდნენ ჰოლივუდისთვის დამახასიათებელ მარტივ სცენარებს, დიდ კინოკომპანიებს, რომლებიც სრულად აკონტროლებდნენ გადაღების პროცესს და მოითხოვდნენ, რომ რეჟისორს ისეთივე თავისუფლება ჰქონოდა, როგორიც მწერლებს აქვთ წიგნის წერის დროს. ახალი ტალღის ერთგვარ მანიფესტად იქცა ფრანსუა ტრიუფოს წერილი Cahiers du Cinema-ში, სადაც მან ისაუბრა საავტორო კინოს მნიშვნელობაზე და მწვავედ გააკრიტიკა ფრანგი რეჟისორები, რომლებიც ფილმებს ჰოლივუდური პრინციპით იღებდნენ.

 


“ახალი ტალღის” დაბადების თარიღად ოფიციალურად 1958 წელი ითვლება, როდესაც კლოდ შაბროლის Le Beau Serge გამოვიდა, თუმცა თარიღი სადავოა, რადგან 1955 წელს ანიეს ვარდამ გადაიღო ფილმი - La Pointe Courte, რომელიც სრულიად აკმაყოფილებდა “ ახალი ტალღისთვის” დამახასიათებელ ყველა მოთხოვნას, მაგრამ ფილმის კომერციული პრემიერა 53 წლის შემდეგ, 2008 წელს შედგა. როგორც საერთაშორისო, ასევე ფრანგული აუდიტორიის ყურადღება რეალურად ფრანსუა ტრიუფოს “400-მა დარტყმამ” და ჟან-ლუკ გოდარის Breathless-მა მიიქცია, სწორედ ამ ფილმების გამოსვლის შემდეგ დაერქვა მიმდინარეობას სახელი. 

 

 

ფრანგული “ახალი ტალღის” რეჟისორებს განსხვავებული ფილმები და სტილი, მაგრამ მსგავსი მიდგომა ჰქონდათ, ისინი გმობდნენ კინოში მიღებულ ნორმებს, ხშირად ფილმებს იღებდნენ დანაწევრებული თხრობით, გამოკვეთილი პროტაგონისტისა და სიუჟეტის გარეშე, უარყოფდნენ კინოს კანონებს და პერიოდულად არღვევდნენ “მეოთხე კედელს”, უპირატესობას ანიჭებდნენ იმპროვიზაციას და რაც ყველაზე მთავარია, “ახალ ტალღაში” ყველა გადაწყვეტილებას ავტორი იღებდა, რეჟისორი წყვეტდა - როგორი იქნებოდა სცენარი, მონტაჟი, სამსახიობო ანსამბლი თუ ოპერატორული ნამუშევარი და საბოლოოდ, ფილმი წარმოადგენდა  კონკრეტული ავტორის ხედვას, დამახასიათებელი სტილითა და თხრობის მანერით. “ახალი ტალღის” რეჟისორები ფილმებში გამოხატავდნენ ფრანგ ახალგაზრდებში აკუმულირებულ ბრაზს, რაც საბოლოოდ 1968 წლის დემონსტრაციებად გარდაიქმნა. 

 

 

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც “ახალმა ტალღამ” მოიტანა, კინოსადმი ახლებური მიდგომა იყო. თუ ადრე ფილმს მხოლოდ დიდი კომპანიის, ხანშიშესული და თავდაჯერებული პროდიუსერისა და პოპულარული სცენარისტის დახმარებით გადაიღებდი, ახალმა ტალღამ ცხადყო, რომ ენთუზიაზმი და ნიჭი სრულიად საკმარისი იყო, არათუ მსგავსი ხარისხის, არამედ უკეთესი ფილმების გადასაღებადაც. “ახალი ტალღის” ახალგაზრდულმა იდეალიზმმა ბიძგი მისცა სხვა ქვეყნებში კინემატოგრაფის ახალი აღქმის გაჩენას, რეჟისორები აცნობიერებდნენ, რომ არ იყო აუცილებელი უნაკლო გამოსახულება და მაღალი ბიუჯეტი და ფილმის გადასაღებად მხოლოდ სურვილი და კამერაც კმაროდა.

 

 

ფრანგული “ახალი ტალღის” გავლენა ყველაზე მეტად ბრაზილიურ “ახალ კინოზე” იგრძნობა. 60-70-იან წლებამდე ბრაზილიურ კინოში ძირითადად მიუზიკლებს, კომედიებს და ჰოლივუდურ ისტორიებს შეხვდებოდით, რომლებიც სრულიად ცრუ, მდიდრულ, “გაპრიალებულ” რეალობას უჩვენებდა მაყურებლებს, ამ დროს ქვეყნის მძიმე სოციალურ-პოლიტიკური რეალობა კადრს მიღმა რჩებოდა. ფრანგული “ახალი ტალღით” შთაგონებულმა ბრაზილიელმა რეჟისორმა გლაუბერ როშამ პირველმა გადაწყვიტა კამერით შეიარაღებულიყო და ფაველებში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობა ეჩვენებინა. გლაუბერ როშას გადაწყვეტილებამ აიყოლია სხვა კინემატოგრაფისტებიც, როშამვე დაწერა ტექსტი “შიმშილის ესთეტიკა”, რომელიც ბრაზილიური “ახალი კინოს” მანიფესტად იქცა. 

 

 

ფრანგულმა ახალმა ტალღამ განაპირობა ჩეხოსლოვაკიური “ახალი ტალღის” გაჩენაც, რომელიც თხრობით სრულიად განსხვავდებოდა ფრანგული კინოსგან, მაგრამ იგივე ახალგაზრდულ ბრაზს, ირონიას და შავ იუმორს წარმოაჩენდა. 

თუმცა განსაკუთრებით საინტერესოა “ახალი ტალღის” გავლენა არა საავტორო, არამედ მეინსტრიმულ კინოზე. მაგალითად, ცალსახაა, რომ კვენტინ ტარანტინოს “მაკულატურა” ფრანგული კინოთია შთაგონებული. ფილმის არაწრფივი, დანაწევრებული თხრობა, სიუჟეტი, რომელიც ანტიგმირების გარშემო ვითარდება, შავი იუმორი და ტრადიციული ინსტიტუციებისადმი ირონია, რაც 1994 წელს ამერიკული კინოსთვის სრულიად ახალი სიტყვა იყო, ფრანგულისთვის უკვე ნაცნობს და, შეიძლება ითქვას, მოძველებულსაც კი წარმოადგენდა. 


“ახალი ტალღის” გავლენა აქვს ვუდი ალენის ფილმების უდიდეს ნაწილსაც, თუმცა მათ შორის ყველაზე თვალშისაცემია “ჰანა და მისი დები”. ფილმი მთავარი პერსონაჟის, ჰანას 2-წლიან ცხოვრებას მიგვითხრობს და სამ ისტორიად იყოფა, რომლებსაც ჰანას დები გვიყვებიან, მძიმე და მსუბუქი თემების მონაცვლეობა, კლასიკური კინოსთვის ზედმეტად ხანგრძლივი სცენები და პერსონაჟები, რომლებიც პირდაპირ მიმართავენ მაყურებლებს, აუცილებლად მოგვაგონებს ჟან-ლუკ გოდარის სტილს. ხოლო დანაწევრებული თხრობა და დროისა და სივრცის პერიოდული გაურკვევლობა, მაშინ როდესაც სიუჟეტი სრულიად გასაგები რჩება, არა კონკრეტულ რეჟისორს, არამედ მთელ მიმდინარეობას მიაგებს პატივს.  

ჟან-ლუკ გოდარითაა შთაგონებული რიჩარდ ლინკლეიტერის “მზის ამოსვლამდე”, ახალგაზრდა წყვილის ისტორია მოგვაგონებს Breathless-ს, მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტი სრულიად განსხვავებულია, მსგავსია მხოლოდ დიალოგებზე დაფუძნებული თხრობა, პერსონაჟების რეალურობა, მათი მუდმივი ფლირტი და განცდა, რომ ეს ურთიერთობა ერთ დღეზე მეტს ვერ გასტანს. დაუდევარი შარმითა და მსუბუქი ნიჰილიზმით განსაკუთრებით ჰგავს ითან ჰოუკის პერსონაჟი “ახალი ტალღის” პერსონაჟებს. 


მარტინ სკორსეზეს ნეო-ნუარისტული კლასიკა, “ტაქსის მძღოლიც” ატარებს ფრანგული კინოს ნიუანსებს, ფსიქიკურად არასტაბილური მთავარი პერსონაჟი, რომელიც გარშემორტყმულია ნიჰილიზმით, კორუფციითა და ურბანული გარემოთი, სადაც ძალადობა ერთადერთი გზაა გადასარჩენად, ძალიან ჰგავს “ახალი ტალღის” სიუჟეტს, ფილმის რამდენიმე სცენა კი პირდაპირ ციტირებს ამ მიმდინარეობის კინოს.


ფრანგულმა “ახალმა ტალღამ” რეალურად 1958 წლიდან 1964 წლამდე გასტანა. მიმდინარეობა შეიქმნა ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე და მას მხოლოდ კინოს სიყვარული ამოძრავებდა, თუმცა ფაქტია, რომ ეს 6 წელი თავისუფლად შეიძლება კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდად მივიჩნიოთ. ფრანგული ახალი ტალღის გავლენას კინოში დღესაც იპოვით, 60-იან წლებში გადაღებული ფილმები კი ისეთივე სიმძაფრით გაგრძნობინებთ ახალგაზრდობის თანმხლებ სევდასა და ბრაზს, როგორც იმდროინდელ ახალგაზრდებს სურათის გამოსვლისას.

 

 

ფოტო: New York Times, Screen Musings, Vice, Criterion

ავტორი: ლიზა ალფაიძე