როზმარი ტროკელი გალერეა Window Project-ში - ინტერვიუ გამოფენის ავტორებთან

თითქმის ერთი თვეა, რაც გალერეა Window Project-ში თანამედროვე სახელოვნებო სივრცის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის, როზმარი ტროკელის გამოფენა მიმდინარეობს. გერმანელი კონცეპტუალისტის ბევრ სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ნამუშევრები, რომლითაც იგი ქალთა ცხოვრებისეულ კონტექსტსა და გენდერულ საკითხებს იკვლევს, თბილისში პირველად Window Project-თან თანამშრომლობით, უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტმა (Ifa) და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტმა ერთობლივად წარმოგვიდგინეს. გამოფენა Ifa-ს პროგრამაში ზიგმარ პოლკეს, გეორგ ბაზელიცის და გერჰარდ რიხტერის მონოგრაფიულ გამოფენათა რიგის გაგრძელებაა და ის თბილისში 30 ნოემბრის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი. ამასთან,  შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, საშუალება გეძლევათ გამოფენა ვირტუალურ სივრცეშიც იხილოთ, მანამდე კი გაეცანით ჩვენს ინტერვიუს თამუნა ღვაბერიძეთან, თამუნა არშბასთან და საქართველოს გოეთეს ინტიტუტის წარმომადგენელ ბარბარა ვონ მიუნჰაუზენთან, რომლებიც ერთობლივი თანამშრომლობისა და როზმარი ტროკელის მნიშვნელობის შესახებ ვრცლად გვიყვებიან.



თამუნა, მოგვიყევით პირველად როდის და როგორ გაჩნდა Window Project-ში როზმარი ტროკელის გამოფენის გამართვის იდეა?

თამუნა ღვაბერიძე: გვინდოდა,  მოგვეხდინა ჩვენი  სახელოვნებო  სივრცის  დივერსიფიკაცია და გაგვეზარდა მისი   მასშტაბი, ქართველ არტისტებთან ერთად  გალერეაში წარმოგვედგინა საერთაშორისო არტისტებიც, იმისათვის, რომ ქართველ დამთვალიერებელს საშუალება მისცემოდა მსოფლიოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებში წარმოდგენილი არტისტების  გამოფენების ნახვისა, ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია იდეურად დატვირთული ექსპოზიციებისა და ისეთი საინტერესო თემების წამოწევა, რომლებიც დღესაა აქტუალური. როგორც ხედავთ, ქართული სახელოვნებო სივრცე საკმაოდ კარგი ტემპებით ვითარდება, ვგულისხმობ იმას, რომ არტისტები მუდმივად ქმნიან და მუშაობენ, რაც ძალიან კარგი დინამიკაა. თუმცა,  მიუხედავად ამისა, უამრავი პრობლემა რჩება, რომელიც იმედია გამოსწორდება.
თანამედროვე ქართული სახელოვნებო სივრცე საერთაშორისო გამოფენებით განებივრებული არ არის.  ვაპირებთ მეტი საერთაშორისო მეგაარტისტების გამოფენების ორგანიზებას მომავალშიც. როზმარი ტროკელის შემოქმედების წარმოდგენა აქაური დამთვალიერებლისთვის  ჩვენი დიდი ხნის სურვილი იყო და მოხდა ისე, რომ ხანგრძლივი  მოლაპარაკების შემდეგ ifa, რომელიც გერმანული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებთან თანამშრომლობს,     დაგვთანხმდა გამოფენა ჩამოეტანა თბილისში, ეთანამშრომლა საქართველოს  გოეთეს ინსტიტუტთან და  მიუხედავად პანდემიისა, ეს შეთანხმება მაინც შემდგარიყო.


ბარბარა, თქვენთვის, გოეთეს ინსტიტუტისთვის, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ გამოფენის თბილიში გამართვა?

ბარბარა ვონ მიუნჰაუზენი: Window Project-ში გამართული ეს გამოფენა ნამდვილად აღმაფრთოვანებელია, ძალიან მოხარულები ვართ, რომ ეს ცნობილი გერმანელი ხელოვანი ამ საინტერესო სივრცეშია წარმოდგენილი. გოეთეს ინსტიტუტი ifa-სთან ერთად ძალიან ბევრ საინტერესო გამოფენას მასპინძლობს.  გოეთეს ინსტიტუტის მსგავსად, ifa-ც მხარს უჭერს კულტურებს შორის ინფორმაციის გაცვლას, სწორედ ამ მიზანს ემსახურება Ifa-ს მიერ ორგანიზებული გამოფენები. როზმარი ტროკელის მიმდინარე  ექსპოზიციაც Ifa-ს პროგრამის მონოგრაფიული გამოფენების ციკლის ნაწილია, რომელიც ასევე გერჰარდ რიხტერის, ზიგმარ პოლკეს და გეორგ ბაზელიცის ექსპოზიციებს მოიცავს, ამასთანავე,  გარდა გამოფენებისა, ჩვენ ორგანიზებას ვუწევთ კურატორების მიერ ლექციებისა და ვორქშოპების ჩატარებასაც.


როზმარი ტროკელი ბევრ სხვადასხვა მედიუმში მუშაობს, ამ კონკრეტულ გამოფენაზე მისი რომელი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი და რა არის ის ძირითადი თემები, რასაც ეს ნამუშევრები ეხება?

თამუნა ღვაბერიძე: დიახ, როზმარი ტროკელი არ მუშაობს რაიმე კონკრეტულ მედიუმში და მისი შემოქმედება არც კონკრეტული  ჟანრობრივი თუ სტილისტური ჩარჩოებით განისაზღვრება.  მისი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები, ინსტალაცია, ქანდაკება, ფოტო- და ვიდეონამუშევრები შლის საზღვარს პიროვნულს, ლოკალურსა და გლობალურს შორის. მისი მთავარი თემა ქალია, იგი  ეხება 80-იან წლებში მამაკაცთა გაბატონებულ დომინაციას სახელოვნებო სივრცეში და იუმორით და ირონიით ახერხებს აზრთა ვიზუალიზაციას. ტროკელი არ ერიდება არსებული სახელოვნებო სისტემის ფუნდამენტურ კრიტიკას. თავის შემოქმედებაში როზმარი ტროკელი ხშირად თამაშობს ეგრეთ წოდებული მამრობითი და მდედრობითი სფეროების კატეგორიებით და ძირს უთხრის მათ მინიმალიზმის ენის მეშვეობით. ტროკელის კრიტიკული დამოკიდებულება მინიმალიზმისა და მინიმალისტების მიმართ  მის მრავალ ნამუშევარში ჩანს. "KELLEY", "STELLA", "DOUGLAS", "SERRA" - ის ამ ოთხ სახელს ქაღალდზე წერს, და ამით პროტესტს გამოთქვამს მინიმალიზმის და მამაკაცთა დომინაციის მიმართ. ეს ნამუშევარი წარმოდგენილია   Window project-ში და დამთვალიერებელს შეუძლია  ნახოს ასევე  მისი სხვა  უმნიშვნელოვანესი ნამუშევრებიც: სახატავი მანქანა და 7 ტილო, მისი გრაფიკული ნამუშევრები და ნაქსოვი ფერწერა, რითაც როზმარი ტროკელი 90-იან წლებში გახდა პოპულარული. მიუხედავად მისი დამოკიდებულებისა,  როზმარი ტროკელი საკუთარ პოზიციასაც  კრიტიკულად განიხილავს, როგორც ხელოვანი ქალი მამაკაცთა დომინირებულ სახელოვნებო სივრცეში.   Ifa-ს კოლექცია წარმოადგენს როზმარი ტროკელის ნამუშევრებს, რომლებიც შექმნილია 90-იან  და 2000-იან წლებში. და ვფიქრობ, ეს გამოფენა მნიშვნელოვანია როგორც ხარისხობრივად, ასევე აზრობრივად,  ვისურვებდი, რომ ბევრმა მოახერხოს მისი ნახვა...


როგორც ახსენეთ, ფემინიზმი და გენდერული განსხვავებების კრიტიკული ანალიზი როზმარი ტროკელის შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხია, რაზე გვაფიქრებს და როგორი კუთხით გვაჩვენებს ხელოვანი ამ პრობლემებს?

თამუნა არშბა:  მაგალითად, სახატავი მანქანა - დანადგარი, რომლის ფუნჯებიც შექმნილია ისეთი ცნობილი ხელოვანების თემებისგან, როგორიცაა სინდი შერმანი, ალექს კაცი, ჯეიმს ტურელი, მარტინ კიპენბერგერი, სოფი კალე, ამით ტროკელი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ავტორობის მნიშვნელობას, გენიალური კონცეფციის შედეგად  შექმნილ სახატავ მანქანას პაროდიამდე მიჰყავს შემოქმედებითი გენიის კონცეფცია. 1991 წლიდან შექმნილი ელექტროქურები და ნაქსოვი ნამუშევრები ქალის ყოველდღიური ცხოვრებიდანაა აღებული და მათ მნიშვნელობას ბანალური დიასახლისის როლის მიღმა აყენებს. ამგვარად როზმარი ტროკელი არასოდეს რადიკალურად არ აკრიტიკებს დასმულ კითხვებს, ირონიისა და ვირტუოზული იუმორის გამოყენებით უფრო მეტად გამოკვეთს და აღქმადს ქმნის ისეთ საკითხებს, როგორიცაა გენდერული განსხვავება და ქალის როლი საზოგადოებაში.



ბარბარა, საინტერესოა თქვენ როგორ ფიქრობთ, რა აქცევს როზმარი ტროკელს გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო კონცეპტუალურ არტისტად?

 ბარბარა ვონ მიუნჰაუზენი: ხელოვანი თავის ნამუშევრებში ირონიული და იუმორისტული კუთხით ძალიან მნიშვნელოვან ინტელექტუალურ საკითხებს ეხება და თავს არიდებს დოგმატურ წინააღმდეგობრივ დისკუსიებს, ამასთან,  იუმორი და ირონია  ნამუშევრის შინაარსისგან დისტანცირების საშუალებასა და კრიტიკოსი დამკვირვებლის ადგილას ყოფნაში ეხმარება. როზმარი ტროკელი შეუპოვრად იმკვიდრებდა ადგილს სახელოვნებო სცენაზე, რომელშიც 1980-იან წლებში მამაკაცები დომინირებდნენ. ნამუშევრების უმრავლესობა მისი როგორც ფემინისტი ხელოვანის ხედვას ასახავს, იქნება ეს სკულპტურა, ვიდეო თუ კოლაჟი, ტროკელის მრავალფეროვანი შემოქმედება იმ მედიუმში ცოცხლდება, რომელიც კონკრეტულ იდეას ყველაზე უკეთ გამოხატავს,  მისი ნამუშევრები იკვლევს გენდერის მიმართ არსებულ ტრადიციულ ხედვას, თუმცა აღსანიშნავია, რომ არასდროს ატარებს დიდაქტიკურ ხასიათს.  როზმარი ტროკელის ტრადიციული და ახალი  ვიზუალური ენა დამთვალიერებელს ყოველ ჯერზე აღაფრთოვანებს. ეს განსაკუთრებით ნათელია ინდურ მელანში, ნახშირში, ფანქარში, კოლაჟში და კომპიუტერულ გრაფიკაში შესრულებულ ნახატებში, რომლებსაც მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ვიმედოვნებთ, რომ თანამედროვე ახალგაზრდა ქართველი ხელოვანები და დამთვალიერებლები მისი იუმორითა და ფანტაზიით მოხიბლული დარჩებიან.


 Window Project-ისთვის რით არის მნიშვნელოვანი როზმარი ტროკელის გამოფენის გამართვა, როგორ ფიქრობთ,  რა არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც დამთვალიერებელი აუცილებლად უნდა გესტუმროთ?


თამუნა არშბა: უახლოეს წარსულს თუ გადავხედავთ, ვერ ვიხსენებ მსგავსი მნიშვნელობის  ხელოვანის გამოფენა როდის და სად გაიმართა ბოლოს საქართველოში. როზმარი ტროკელი - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გერმანელი კონცეპტუალისტია, რომლის ნამუშევრები მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში პერმანენტული გამოფენების სივრცეებს იკავებს, წამყვანი აუქციონის სახლები კი რამდენიმე მილიონად ყიდიან. დღეს მისი ისტორიული ნამუშევრები ifa-მ და გოეთეს ინსტიტუტმა თბილისში გალერეა Window Project- ში წარმოადგინეს. ეს უდავოდ უდიდესი წარმატებაა როგორც ჩვენი გალერეის გუნდისათვის, ასევე მთელი ქვეყნისათვის. ამ ხელოვანის გამოფენების სანახავად ხელოვნების მოყვარულები საზღვარგარეთ მიფრინავენ, ახლა კი ყოველ ჩვენგანს აქვს ამის შესაძლებლობა. 

თამუნა ღვაბერიძე: გარდა ამისა, საერთაშორისო  გამოფენების განხორციელების მთავარი იდეა  ისაა, რომ არ დავრჩეთ ჩაკეტილ სივრცეში. ტროკელი  თანამედროვე ხელოვნების მსოფლიო ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა,
ქალის როლის გაძლიერება  და იდეა, რომელიც როზმარი ტროკელის შემოქმედების  მთავარი თემაა, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ვამბობთ, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, ამგვარი გამოფენის წარდგენა, ვგულისხმობ ქალის როლის გაძლიერებას, მით უფრო ჩვენს კონსერვატორულ გარემოში, ძალიან  მნიშვნელოვანია.  სახელოვნობო სივრცე ყოველთვის იყო და არის  ის ადგილი, სადაც ნებისმიერი იდეის თუ თემის ვიზუალიზაცია  ხდება  ხელოვნების გზით.  როზმარი ტროკელის პირველი გამოფენა გაიმართა 1984 წელს, კელნში, Koelnmesse GmbH-ში, ხოლო უკანასკნელი გამოფენა -  Back of Track  LH2 Continent-ში,  ბერლინში, და თბილისში window Project-ში  2020 წელს. ტროკელს აქვს გაკეთებული 36 სოლო შოუ და 908 ჯგუფური შოუ და 27 ბიენალე  36 წლის განმავლობაში. მას მნიშვნელოვანი გამოფენები ჰქონდა MoMA-ში - ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში,  Gladstone Gallery-ში,  პარიზის პომპიდუს ცენტრში და უამრავ მნიშვნელოვან საგამოფენო სივრცეში. როზმარი ტროკელის ხელოვნება არის 50 მუზეუმის კოლექციაში. იგი გლობალური რეიტინგის ტოპ 100-ეულშია, ხოლო გერმანიაში ტოპ 10-ეულში.  მან  2014 წელს მიიღო  Roswitha Haftmann Prize - ევროპის ყველაზე დიდი ჯილდო, იგი აღიარეს ისეთ შემოქმედად,  რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი თანამედროვე ხელოვნების განვითარებაში და ასევე ახალგაზრდა თაობების აღზრდაში. გვიხარია, რომ   ამ გამოფენით  საქართველოც მოხვდა საერთაშორისო  საგამოფენო სივრცეთა ჩამონათვალში  და ეს გამოფენა მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში. 


ხომ არ გაგრძელდება Ifa-სთან და  გოეთეს ინსტიტუტთან ერთად ასეთი  მასშტაბის ხელოვანების გამოფენები თქვენს სივრცეში, როგორია თქვენი გეგმები ამ მიმართულებით?

თამუნა ღვაბერიძე: ჩვენ ვგეგმავთ გავაგრძელოთ თანამშრომლობა და ძალიან გვინდა  საქართველოში ჩამოვიტანოთ ზიგმარ პოლკეს, გეორგ ბაზელიცის და გერჰარდ რიჰტერის ნამუშევრები.   გვინდა ვოლფგანგ ტილმანსის გამოფენას ვუმასპინძლოთ.  ვნახოთ, რის საშუალებას მოგვცემს ეს პანდემია და საერთოდ, როდის შევძლებთ ნორმალურად ფუნქციონირების გაგრძელებას... იმედია, მალე ჩავდგებით ჩვეულ რიტმში. ვისარგებლებ  და კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას საქართველოს გოეთეს ინსტიტუტს და ifa-ს, ისინი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. ძალიან რთული იყო როზმარი ტროკელის გამოფენის გამართვა,  რადგანაც პანდემიის გამო არ ვიცოდით, როგორ მოხერხდებოდა ამის რეალიზება, მაგრამ ეს შედგა და დიდი მადლობა მინდა ასევე გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ გამოფენის განხორციელებაში.


ბარბარა, ალბათ გაგრძელდება გოეთე ინსტიტუტისა და ქართული სახელოვნებო სივრცის თანამშრომლობაც, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები ამ მიმართულებით?

 ბარბარა ვონ მიუნჰაუზენი: გოეთეს ინსტიტუტი უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოში ახალგაზრდა ხელოვანებთან, კურატორებთან და გალერეებთან თანამშრომლობს, იმედი გვაქვს, რომ კულტურის ასეთი ნაყოფიერი გაცვლა დიდხანს გაგრძელდება და ორივე მხარისთვის სიკეთის მომტანი იქნება. დღეს ძალიან მოხარულები ვართ ამ არაჩვეულებრივ გალერეასთან კოლაბორაციით, ჩვენი მომდევნო გამოფენა კი, სავარაუდოდ, 2021 წლის თებერვალში, ქარვასლაში გაიმართება.



ავტორი : გვანცა ჩანადირი, ფოტო: გურამ კაპანაძე