რუნი მარას მრავალი სახე

თავზეხელაღებული ჰაკერი გოგონა, სახასიათო გარეგნობითა და სტილით, 50-იანი წლების გამოუცდელი, ნაზი ქალი და ბიბლიური პერსონაჟი, მარიამ მაგდალინელი. რთული წარმოსადგენია ერთმანეთისაგან ასეთი განსხვავებული როლები ერთმა ადამიანმა მოირგოს და თანაც ისე შესანიშნავად, როგორც ამას რუნი მარა აკეთებს, რომლის შემოქმედება არაერთ სახასიათო პერსონაჟს მოიცავს.

რუნი მარა 1985 წლის 17 აპრილს ნიუ-იორკში დაიბადა, მსახიობის პირველი მნიშვნელოვანი კინოპროექტი, რომლითაც  ფართო საზოგადოების წინაშე წარდგა The Social Network იყო. 2010 წელს დევიდ ფინჩერის მიერ გადაღებულ ფილმს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ფილმში რუნი მარა მარკ ცუკერბერგის შეყვარებულის როლში გვევლინება. ცნობილი მსახიობების გვერდით ახალგაზრდა და შედარებით გამოუცდელი მარა თავის პერსონაჟს სახასიათოს და ინდივიდუალურს ხდის. მისი წარმატებული სამსახიობო კარიერის ათვლა სწორედ აქედან იწყება.

ერთი წლის შემდეგ, 2011 წელს, კინოეკრანებზე გამოვიდა ფილმი, რომელმაც მსახიობის ცხოვრება ბოლომდე შეცვალა და მას პირველი ოსკარის ნომინაცია მოუტანა. ფილმი The Girl With The Dragon Tattoo ახალგაზრდა ჰაკერი გოგონას, ლიზბეტ სალანდერის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც შეუძლია გატეხოს ნებისმიერი მანქანა, კოდი და იბრძოლოს სამართლიანობისთვის. რუნი მარამ შექმნა სახასიათო, ძალიან გამორჩეული პერსონაჟი, რომლის გარეგნობაშიც, ქცევასა და საუბრის მანერაშიც კი ხასიათი და შინაგანი მდგომარეობა ირეკლება. მუქი შავი თმა, თეთრი პირისახე, ღია, თითქმის გამქრალი წარბები, პირსინგი და, რა თქმა უნდა, ტატუ ეს იმ ელემენტთა ჩამონათვალია, რომელიც მსახიობს როლის მორგებაში დაეხმარა. მარამ პოპ-კულტურის საოცარი პერსონაჟი შექმნა, უცნაური,  რთული და დამაინტრიგებელი, ვიდრე სუპერგმირი. რუნი მარას სახელი გაბრაზებულ, ცნობისმოყვარე და ძლიერი ლიზბეტ სალანდერის პერსონაჟს სამუდამოდ დაუკავშირდა.

2013 წელს კი ფილმი Her გამოვიდა, სადაც მთავარი პერსონაჟის, თეოდორის როლს ხუაკინ ფენიქსი ასრულებს, რუნი მარა კი ქეითრინის, მისი ყოფილი მეუღლის სახით ეპიზოდურ როლში გვევლინება. სცენის სიმცირის მიუხედავად რუნი შესანიშნავად ახერხებს მოსიყვარულე  ცოლის და შემდეგში ემოციურად დამძიმებული ქალის როლის მორგებას. ესთეტური ფილმი, ადამიანური გრძნობებითა და ტრაგედიებითაა გაჯერებული, გარდა შინაარსობრივი ღირებულებისა, ფილმი იმითაც გამოირჩევა, რომ მსახიობების პირადი ურთიერთობა სწორედ გადასაღები მოედანზე დაიწყო და დღემდე გრძელდება.

რუნი მარას კიდევ ერთი წარმატებული როლი ფილმ Carol-ს უკავშირდება, სადაც მან ქეით ბლანშეტის გვერდით იმუშავა. ფილში მოვლენები 1950-იანი წლების ნიუ-იორკში ვითარდება, სადაც რუნის პერსონაჟი, ტერეზა ახალგაზრდა გამყიდველი ქალის როლშია წარმოდგენილი. ფილმი ორი განსხვავებული წრისა და ასაკის წარმომადგენელი ქალის სასიყვარულო ისტორიის შესახებ გვიამბობს. ქეროლი და ტერეზა შეხვდებიან ერთმანეთს და მალევე მიხვდებიან, რომ მათ შორის ღრმა, ემოციური კავშირი ჩნდება. რუნი არაჩვეულებრივად ასრულებს გამყიდველი გოგონას როლს, რომელსაც საკუთარი თავის რეალიზება სწყურია, რთულია მის ემოციებსა და გრძნობებში მაყურებელს ეჭვი შეეპაროს, იგი შეყვარებული ქალის როლს ძალიან ბუნებრივად თამაშობს.

მსახიობი სრულიად განსხვავებულ ამპლუაში მოგვევლინა 2018 წელს გადაღებული ფილმით Mary Magdalene, სადაც იესოს როლი ხუაკინ ფენიქსმა შეასრულა. რუნიმ ისტორიაში ერთ-ერთი იდუმალი ქალის როლი ისევ დიდი ოსტატობით მოირგო, საკუთარი თავის პოვნის პროცესში მაგდალინელს რუნი ძალიან დელიკატურად და ფრთხილად ასახიერებს. მარა არაჩვეულებრივი სიზუსტით გადმოსცემს ემოციებს, ხშირ შემთხვევაში ამ ემოციებს სიმორცხვით, სიჩუმითა და იდუმალებით გამოხატავს. ფილმი გაჯერებულია მსახიობის ემოციური, სათუთი და გულმოდგინე შესრულებით.

რუნი მარა ჩვენი დროის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობია, იგი ირგებს ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულ და გამორჩეულ როლებს, მისი შემოქმედება ძალიან ბევრ სახასიათო როლსა და ფილმს ითვლის. ნიჭიერი მსახიობი კარიერის მიღმა მორცხვი, მზრუნველი ადამიანია, რომელიც ცხოველების უფლებებს აქტიურად იცავს. მაყურებელი ყოველთვის მოულოდნელად ელოდება მის შემდეგ როლს, რომელიც ხშირ შემთხვევაში წინამორბედისგან რადიკალურად განსხვავებულია ხოლმე.



ავტორი : ირინე შავლაძე