საი ტუომბლის ფერწერული პოეზია

ერუდირებული, ნერვიული, პოეტური, უხეში, აგრესიული, უხამსი, უკიდურესად ინდივიდუალური და უცნაური - ეს საი ტუომბლის ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებების ჩამონათვალია, რომლებიც გასაოცრად შეერწყა ერთმანეთს და მის არაორდინალურ შემოქმედებაშიც აისახა. ტუომბლი თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში გამორჩეულ და ექსტრავაგანტურ ადგილს იკავებს. მან თავის ნამუშევრებში ვიზუალური ლექსიკონი შექმნა, სადაც თითოეულ ხაზსა და ფერს ენერგეტიკით, შინაარსითა და მნიშვნელობით თავისი დატვირთვა აქვს. ტუომბლის ნამუშევრები ომისშემდგომი ამერიკული აბსტრაქციებისგან განსხვავდებოდა. თუ მისი მეგობრები, ასევე ცნობილი მხატვრები: რობერტ რაუშენბერგი და ჯასპერ ჯონსი იმდროინდელ ტენდენციებს იყვნენ აყოლილები და პოპარტსა და მინიმალისტურ მიდგომებსაც ალღო აუღეს, ტუომბლიმ რადიკალურად განსხვავებული გზა აირჩია. იგი ღმერთებისა და გმირების კლასიკური მითოლოგიის უძველეს სამყაროს ევროპულ ხელოვნებასა და ლიტერატურასთან ერთად მიუბრუნდა. ამიტომაც, ტუომბლის შემოქმედება მისი თანამედროვეებისგან განსხვავებული და თითქოს სხვა განზომილებისაა. მისი ნახატები მხატვრის მსგავსად, ძალიან უცნაური და ორაზროვანია. მათ ბოლომდე ნახატებსაც ვერ უწოდებთ. მართალია, დიდი ფორმატისაა და ტილოზეა შესრულებული, მაგრამ ტექნიკური კუთხით თუ შევხედავთ, ისინი ჩანახატებია.




ტუომბლის ნახატები ორ მთავარ კომპონენტს, ხაზსა და ფერს ემყარება. მისი ადრეული ნამუშევრები „აკადემია“ და „პანორამა“  ნაცრისფერი ტილოებია, რომლებზეც არეულ-დარეული, ცარცით შესრულებული ნაჩხაპნებია გამოსახული და რთული გასარჩევია: ასოებია გამოყვანილი თუ უბრალოდ ზიგზაგისებური ხაზებია.
ამ ერთი შეხედვით უნებლიეთ შესრულებულ ნამუშევრებზე ნაწერსა და ნახატს შორის განსხვავება წაშლილია. 1970-იანი წლებიდან წარწერები ნელ-ნელა უკვე ტექსტის ფორმას იღებს, ჩახვეული ასოები დაუდევარ ნაჩხაპნებთანაა შერეული და ნამუშევრის საღებავით შესრულებულ ნაწილებთან კომპოზიციურად უკვე თანხვედრაშია. თუმცა, ამ ნახევრად აბსტრაქტულ ნახატებში ფრაზები ბოლომდე მაინც არ იკითხება. შესაძლოა, ეს წარწერები ეროტიკული შინაარსის ან სულაც მხატვრის პირადი ჩანაწერები იყოს, ზოგიერთი კი უბრალოდ ლექსებია, მაგალითად, რაინერ მარია რილკეს და ინგლისელი პოეტის, ჯონ კიტსის შემოქმედებიდან.



ტუომბლის შემოქმედება მრავალფეროვანია და მისი ხატვის სტილიც იმ ადგილების ემოციურ და ვიზუალურ ზეგავლენას განიცდიდა, სადაც საცხოვრებლად გადადიოდა; მის ჩანახატებში, კოლაჟებში, ფოტოებსა და აკვარელით შესრულებულ ნახატებში ადგილების მიხედვით იცვლებოდა პეიზაჟები, ფერები, ფორმები. Souvenir de L’Ile des Saintes ტუომბლის მნიშვნელოვანი ნამუშევარია, რადგან ეს მისი ექსპერიმენტი და აკვარელთან პირველი შეხება იყო. 1979 წელს ტუომბლი კარიბის ერთ-ერთ კუნძულზე სამოგზაუროდ იყო  და სწორედ ამ კუნძულის სახელწოდება ჰქვია აკვარელების ამ სერიას. კარიბის კუნძულები მრავალფეროვანი ფლორით არის ცნობილი, რომელმაც მხატვარი ახალი ფორმებითა და ფერებით შთააგონა. ნამუშევარს ეტყობა, რომ ქაღალდზე თხევადი აკვარელის საღებავებით მუშაობისას, ტუომბლი ფუნჯების გარდა, თითებსაც იყენებდა.





ტუომბლის „ოთხი სეზონი“ თავისი შთამბეჭდავი ფერებითა და უცნაური წარწერებით ადამიანის ცხოვრების ოთხ ფაზას გადმოსცემს. 
ტუომბლიმ ოთხი სეზონის სერიის ხატვა 1993 წელს დაიწყო და ერთ წელში დაასრულა. „ოთხი სეზონი“ ბუნების ციკლის სიმბოლოებია -  დაბადება და სიკვდილი, რომელიც პოეზიაში, მუსიკასა და ხელოვნებაში კლასიკური თემაა. ამ ნახატებში კაშკაშა ფერები პოეტურ ფრაგმენტებთანაა შერწყმული.



„ოთხი სეზონის“ სერია „შემოდგომით“ (Autunno) იწყება, რადგან სწორედ შემოდგომაზე, ტავერნაში ყოფნისას ყურძნის მოსავლის აღებამ შთააგონა მხატვარი ეს სერია დაეხატა. სერიის დანარჩენ ნახატებთან შედარებით, ამ ნამუშევარში შემოდგომის სეზონის შესაბამისად ფერებიც ყველაზე მდიდარი და უხვია; მუქი მწვანე, წითელი და ყავისფერი ტონალობები შერეულია აქა-იქ გამკრთალ მუქ ლურჯთან, იისფერსა და ყვითელთან.




„გაზაფხულის“  დიდი ნაწილი მორკალული და თითქოს დაჭრილი ფორმების სვეტს უკავია. უცნაური ფიგურების სვეტი ტრადიციულ ეგვიპტურ ნავებს უკავშირდება და მითოლოგიურად მიწის ქვეშ მოგზაურობას განასახიერებს. ტუომბლი რამდენიმე თვე ეგვიპტეში ცხოვრობდა და ეგვიპტური ნავის სიმბოლოები მის სხვა ნახატებშიც მეორდება. წითელ ნავებზე ფრაგმენტულად ყვითელი ფერია გადასმული, რომელიც მზის გამოსახულებას წააგავს და ნახატის ცენტრს მიუყვება. ფერების ასეთი განლაგებით ძალაუნებურად თვალი ნახატის ზედა ნაწილში ხვდება, სადაც კულმინაცია, იისფერი და ვარდისფერი ფერების თაიგულია. ტუომბლისეული გაზაფხული მყვირალა და დღესასწაულის გამომხატველია, ხოლო ფანქრით პოეტური ტექსტია მიწერილი, რომელიც ბედნიერების წამლეკავ გრძნობებზეა.



„ზაფხულში“ (Estate) თეთრი და ყვითელი ფერები დომინირებს. ნახატი ერთი შეხედვითაც ტოვებს ცხელ ქვეყანაში შუა ზაფხულის დამაბრმავებელი სინათლის შთაბეჭდილებას. ტილო საღებავის რამდენიმე ფენით და ტექსტითაა დაფარული, რომელიც შესრულებულია ფანქრითა და წითელი პასტელით. აქაც ეგვიპტური ნავების ფორმები იკვეთება, რომლებიც, როგორც ჩანს, თავდაპირველად შავი საღებავით იყო გამოყვანილი, შემდეგ ზემოდან გადასმულია ყვითელი საღებავის ფენა. ტილოს მარჯვენა მხარეს ბერძენი პოეტის, ჯორჯ საფერის ლექსის  ნაწყვეტია მიწერილი და მისი ნაწილი გარკვევით იკითხება. „ზაფხულის“ ნახატზე უკვე იგრძნობა ამაოება, ახალგაზრდობის წარმავლობა და დროის სვლა, მოკვდაობის სიმბოლოები მალე გადაფარავენ სილამაზესა და  ნაყოფიერებას. ნახატის თავზე სათაური “Baia de Gaeta” გადაწერილია სიტყვებზე: „დაემშვიდობე, კატულუს, მცირე აზიის ნაპირებს“. ეს სიტყვები რომაელ ლირიკულ პოეტს, კატულუსს ეძღვნება, რომელიც მცირე აზიიდან რომში დაბრუნების შემდეგ მალევე გარდაიცვალა, როგორც ამბობენ, მწუხარებისგან.



“ზამთრის” (Inverno) ნახატზე ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზებით გამოყვანილი შვერილებიანი ფორმები, რომლებიც წინა ნახატებში „ნავებს“ ქმნიდნენ, შავად არის გამოსახული. თეთრი ფერის ზოლები და ყვითელი ფერის ლაქები თითქოს შავ გამოსახულებას ანაწევრებენ და იგი ფიჭვს ჰგავს, რომელსაც წვიმის თქეში ჩამოსდის. აქაც ჩანს თითის წვერებით გადღაბნილი და ფუნჯით გადაფარული ზოლები, რითაც მოძრაობის შთაბეჭდილება იქმნება. კრემისფერ ტილოზე ტექსტის ფრაგმენტები და სხვა ნიშნები თეთრი საღებავითაა დაფარული. მარჯვნივ ღია მწვანე ფერის წვეთები და ფერმკრთალი ყვითელი ლაქები, ნახატის პირქუშ გამოსახულებას არბილებს, რომელიც კარგად გადმოსცემს ზამთრის უღიმღამობას, მსუსხავ ქარს, ყინვასა და სიშიშვლეს. 



ავტორი : თეონა მჭედლიშვილი