სახლი, რომელშიც “მარტო სახლში” გადაიღეს, Airbnb-ზე ქირავდება

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად “მარტო სახლში” აუცილებლად სანახავი ფილმების სიაში ყოველთვის საპატიო ადგილს იკავებს. ამჯერად ფილმის მოყვარულებს შანსი ეძლევათ, რომ სახლს, სადაც კევინი მარტო დატოვეს, არა მხოლოდ ეკრანებიდან უმზირონ, არამედ მას ერთი დღით ესტუმრონ. ამ შესაძლებლობას ამერიკული კომპანია Airbnb სულ რაღაც 25 ევროდ გთავაზობთ.

 


 

Airbnb-ის პლატფორმის მიხედვით, ოთხი იღბლიანი სტუმარი ჩიკაგოში მდებარე სახლის ქირაობას 12 დეკემბერს შეძლებს, რისთვისაც მსურველები პლატფორმაზე დარეგისტრირებას 7 დეკემბრიდან მოახერხებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ სახლის მასპინძელი კევინის უფროსი ძმა - ბაზ მაკალისტერია (დევინ რეტრეი), რომელიც Airbnb-იზე სტუმრებს სახლის გაქირავების მიზეზს აცნობს. ბაზის სიტყვებით, მართალია, ისინი უკვე გაიზარდნენ და ჭკუაც მოემატათ, თუმცა სადღესასწაულო გართობაზე უარს მაინც ვერასოდეს იტყვიან. მაკალისტერების ოჯახი, ამჯერად სრული შემადგენლობით, დასასვენებლად მიემგზავრება, ბაზი კი მზადაა, თავისი ბავშვობის საყვარელი სახლი ერთი დღით რამდენიმე ადამიანს დაუთმოს.

 

 

Airbnb სტუმრებს სადღესასწაულო დეკორაციებით მოწყობილ სახლს დაახვედრებს და მათ მყუდრო საახალწლო ატმოსფეროს შესთავაზებს. პიცით გამასპინძლებასთან ერთად კომპანია სტუმრებს “მარტო სახლშის” სერიის უახლესი ფილმის - Home Sweet Home Alone ყურებასაც სთავაზობს, რომელშიც სახლის მასპინძელი ბაზი პოლიციის ოფიცრის როლს ასრულებს. სტუმრებს სახლში კევინის უფროსი ძმის საყვარელი ტარანტულიც დახვდებათ, რომელიც, იმედია, მათ შეშინებას არ ეცდება. 



ავტორი : ანა გაბისიანი