სარა ჯესიკა პარკერმა შპალერის ხაზი შექმნა

სარა ჯესიკა პარკერმა ინტერიერის დიზაინერ ერიკ ჰიუზთან ერთად შპალერის ხაზი შექმნა, რომელიც სერიალის ახალი სეზონის - And Just Like That-ის უკანასკნელ სერიაში უკვე გამოჩნდა. შპალერი მთავარი პერსონაჟის, ქერის ბინაში იყო გამოყენებული - დიდი ქრიზანთემებით გაფორმებული დიზაინი იდეალურად გამოხატავდა მთავარი პერსონაჟის ხასიათს.

 


ხაზს Sarah Jessica Parker & Wallshoppe ერქმევა და 15 დიზაინს და მათ 193 ვარიაციას გააერთიანებს. მათ შორისაა ბავშვური და ხალისიანი კუბოკრული, დახვეწილი ყვავილებიანი და თვალშისაცემი, ნახატებიანი პრინტები. თითოეული დიზაინი განასახიერებს სარა ჯესიკა პარკერს და მის პერსონალურ როგორც ჩაცმის, ასევე ცხოვრების სტილს. 


კოლექცია მსახიობისა და ინტერიერის დიზაინერის 35-წლიანი მეგობრობის შედეგია. პარკერმა და ჰიუზმა ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როცა მსახიობმა ის სახლის დიზაინისთვის დაიქირავა. სწორედ მრავალწლიანმა მეგობრობამ განაპირობა პარკერისა და ჰიუზის გემოვნების სრული თანხვედრა, რაც განსაკუთრებით ამარტივებდა სამუშაო პროცესს.


მსახიობისა და დიზაინერის კოლაბორაცია სერიალში სრულიად შემთხვევითი აღმოჩნდა, გადაღების დროს სასწრაფოდ გახდა საჭირო ქერის ძველი ბინისთვის შპალერის შერჩევა, აუცილებელი იყო, რომ ბინაში მთავარი პერსონაჟის ხასიათი ყოფილიყო ასახული, სწორედ ამ დროს გადაწყდა სერიალში პარკერის დიზაინის გამოყენება.


კოლექციას გამოარჩევს მკვეთრი ფერები და ყოველდღიური ნივთებისა და ობიექტების ახლებური ელფერი, ყვავილები მკვეთრი ცისფერია, კოპლები და ლაქები ნეონის საღებავითაა შესრულებული, საერთო ჯამში კი იქმნება კოლექცია, რომელიც თანაბრად დახვეწილი და ექსტრავაგანტურია. 

შპალერი ეკომეგობრულია და გადამუშავებადი მასალითაა შექმნილი, როგორც სარა ჯესიკა პარკერი აცხადებს, ამ ხაზით მას სურს შექმნას ინტერიერის დიზაინის ახალი ხედვა, სადაც კლასიკურ ტონებთან ერთად მკვეთრი ფერები და უჩვეულო ნახატები შეგვხვდება.

 

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Elle Design, SJP x Wallshoppe