სარაჰ ვან რიჯი - ქუჩის ფოტოგრაფიიდან მოდამდე

სარაჰ ვან რიჯი ჰოლანდიელი ფოტოგრაფია, რომლის მთავარი შთამაგონებელი - ადამიანი და მის გარემომცველი სამყაროა, სამყარო, რომელშიც არსებობს მთავარი ელემენტი - დეტალი.  სარა თვითნასწავლი ფოტოგრაფია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი იყო შემოქმედებითი სივრცე, პასუხისმგებლობა, ხედვა, ფერები, ემოციები. სწორედ ამ გზით იწყება ახალი ნაბიჯი ფოტოგრაფის ცხოვრებაში - თავისუფლების მოპოვება, ახალი პროექტები და მხოლოდ საკუთარ საქმეზე კონცენტრირება.

სარაჰ ვან რიჯი ცნობილია ქუჩისა და ნარატიული ფოტოგრაფიით, რომელზეც დიდი გავლენა იქონია კინომ და მხატვრობამ. გაჩერებული კადრი, გაჯერებული ფერი და ველის მრავალფეროვანი სიღრმე, მუდმივად დაგამახსოვრებთ მის ნამუშევარს. ხელოვანის პირველი კარიერული ნაბიჯები ჰოლანდიურ გაზეთ Vrij Nederland-დან იწყება,  რაც შეეხება მოდის ფოტოგრაფიას, პირველი ამგვარი კომერციული პროექტი ფრანგულ ბრენდ Pigalle-ს უკავშირდება.

ხელოვანისთვის ასევე ერთ-ერთი გამორჩეული აღმოჩნდა მოდის ბრენდ Jacquemus-თან კოლაბორაცია. სწორედ მათთან განხორციელებული პროექტის შემდეგ აღმოაჩინა და გამოიყენა მისთვის ჯერ კიდევ უცნობი - სიურრეალისტური ნაწილი. მართლაც, როდესაც პროექტის თითოეულ ნამუშევარს, დეტალს, ფერებსა და მახასიათებლებს დავაკვირდებით, მივხვდებით, თუ რამხელა ძალა აქვს ვან რიჯის ფანტაზიასა და ხედვას. 


საინტერესო იყო ჰერმესთან თანამშრომლობით გადაღებული ფოტოებიც. ჰერმესის ვიზუალი, მთავარი მახასიათებელი სწორედ ის კლასიკური, კრეატიული მხარეა, რომელიც მთლიანობაში ქმნის მთელ ეპოქას. ეს პროექტიც ძირითადად ორიენტირებული იყო ფეხსაცმელზე, რომელსაც წამყვანი ადგილი უჭირავს ფოტოგრაფის ნამუშევრებშიც. როგორც შემოქმედი, სარაჰ ვან რიჯი საკუთარ ნამუშევრებს მრავალფეროვნად მიიჩნევს. ნაწილი ფოტოებისა ძირითადად მოიცავს იმ უბრალო დეტალებს და თითქოს ძლივს შესამჩნევ ელემენტებს, რომელსაც თვითონ ვან რიჯი აკვირდება. ჰოლანდიელი ფოტოგრაფის აზრით, სწორედ ადამიანების ამ გზით დატყვევება ქმნის უფრო მეტად იდუმალ და პოეტურ გრძნობას, ვიდრე ის, რაც ადვილად დასანახი და იოლად ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის.

 

 

ფოტო: sarahvanrij.com

ავტორი: თინათინ კეკელიძე