"სიმღერები დავიწყებით კვდებიან" - გამოფენა Gallery Artbeat-ში

24 ივნისს Gallery Artbeat  ჯგუფურ გამოფენას უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობენ ხელოვანები: ადრიენ ვესკოვი, მატილდ როზიე, რომან სარო, ზოე უილიამსი, ლუსილ ულრიხი, სალომე ჩიგილაშვილი, მამუკა ჯაფარიძე, მარი ყალაბეგაშვილი.

 

ექსპოზიცია სიცოცხლის ერთგვარი მეტაფორაა და ყველაფრის მუდმივობასა და განმეორებას აღწერს. გამოფენა ხაზს უსვამს საგნების უმნიშვნელობას - ისინი სრულდებიან და ხელმეორედ იწყებიან, იწყებიან და ისევ სრულდებიან. "სიმღერები დავიწყებით კვდებიან" რვა განსხვავებულ არტისტს აერთიანებს. 

 

ადრიენ ვესკოვი სხვადასხვა მასალას ღია ცის ქვეშ აყოვნებს და ამ ხერხით ქმნის ნამუშევრებს. ამინდი გავლენას ახდენს ქსოვილზე, რომელიც სხვადასხვა პროცესს იწვევს. ვესკოვი ერთგვარად აკვირდება გარესამყაროს გავლენას სხვადასხვა ქსოვილსა თუ ფაქტურაზე.

 

მატილდ როზიე ფერწერის, ფილმის, ცეკვის და თეატრის კომბინაციით აგებს სიზმრისეულ სიტუაციას, რომელიც მნახველს აძლევს საშუალებას დაივიწყოს დროის, სივრცის შეგრძნება, ცნობიერი და არაცნობიერი რეალობები დააკავშიროს. როზიეს შემოქმედება ძველ რიტუალებსა და წეს-ჩვეულებებს ადამიანის ფსიქოლოგიასთან აკავშირებს და მრავალფეროვან გამოცდილებას ქმნის.

 

რომან სარო 2010 წლიდან ნამუშევრებს სხვადასხვა მასალაში (რეზინი, მასტიკა, ქაღალდი, პლასტმასი, სილიკონი) ქმნის. მისი მთავარი სახელოვნებო მიდგომა ჩვენ გარშემო არსებულ ობიექტთა არასწორი გამოყენების თემაზე კონცენტრირდება და მათ პერსპექტივაში აღქმას გულისხმობს. 

 

ზოე უილიამსის შემოქმედება მოიცავს ისეთ მრავალფეროვან ასპექტებს, როგორიცაა მოძრავი იმიჯი, კერამიკა, სურათი და პერფორმანსი. მისი შემოქმედება ხშირად კომბინაციური სახისაა და სხვადასხვა მედიუმებს აერთიანებს.

 

ლუსილ ულრიხის  ნამუშევრები იკვლევს, თუ როგორ ტრანსფორმირდება ერთი საგანი მეორეში და როგორ შეიძლება მოძრაობებში ბალანსის პოვნა.  

 

სალომე ჩიგილაშვილი  მულტიმედია ხელოვანია, ძირითადად მუშაობს სკულპტურაში, ფერწერასა და მოპოვებულ ობიექტებზე. ხშირად ის მასალად იყენებს ძაფებსა და ბათქაშს.  

 

მამუკა ჯაფარიძის ნამუშევრების მედიუმი იცვლება კონტექსტიდან, სივრცის სპეციფიკიდან გამომდინარე და მოიცავს ჰეფენინგს, საგნების და სურათების კოლექციებს და ფოტოების არქივს, რომლებიც დიდი დროის მანძილზე გროვდება, ვიდეოპროექციებს, ფოტოგრაფიას, ლინგვისტურ თამაშებს, ნახატებს, ხმის დიზაინს, პრინტებს და სხვა.

 

მარი ყალაბეგაშვილი  იყენებს ურთიერთგამორიცხვას, როგორც ამომავალ წერტილს, რომლითაც ქმნის პირად ნარატივებსა და სვამს კითხვებს. მულტიმედია ინსტალაციებით იწვევს მაყურებელს თავად ნამუშევართან ინტერაქციისთვის. 

 

გამოფენის მხარდამჭერია სასტუმრო "რუმსი თბილისი".

 

გამოფენა 24 ივნისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

 

 

 

ფოტო: Gallery Artbeat