SITUATIONIST-ის ინსტალაცია Window Project-ის ვიტრინაში

Window Project   7 დეკემბრიდან 18 იანვრამდე  რუსთაველის 37-ში მდებარე  სახელოვნებო  ვიტრინაში წარმოგიდგენთ  SITUATIONIST-ის   ინსტალაციას, რომელიც მოიცავს ობიექტს, სახელწოდებით “Wedged in frame: Yellow”  და დავით გიორგაძის ფოტოს - “Eyes of yours as deep as those blues in a silver water“. 



“უნახავი მემკვიდრეობა წარმოადგენს სიტუაციონისტის, როგორც ბრენდის იდენტობას და წარმოაჩენს განსაკუთრებულ მეთოდებს, რომლითაც ვქმნით კოლექციებს. თითოეული ნივთი უნიკალურია და გვიყვება ინდივიდუალურ ისტორიას. მათ უნდა იარსებონ არა მხოლოდ გარდერობში, არამედ ატარებდნენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას სხვადასხვა დროსა და სივრცეში.



კოლექცია წარმოდგენილია ცალკეულ ობიექტებად და არა მხოლოდ სხეულზე. ობიექტები ატარებენ როგორ ტრადიციულ, ასევე არასტანდარტულ მნიშვნელობას. კომუნიკაციის მედიუმად ვიყენებთ როგორც ორ განზომილებიან, ჩარჩოში ჩასმულ ტანსაცმელს, ასევე ფოტო- და ვიდეოინსტალაციებს.



ნამუშევრები ეხება როგორც ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას, ასევე იმ ხალხს, რომლებიც თავად წარმოადგენენ ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. ტანსაცმელი გრძელ გზას გადის სრულყოფილების მისაღწევად და დღეს ჩვენება მათი პრეზენტაციის ერთადერთი გზა აღარ არის.



დღევანდელი მსოფლიო კლიმატი გვაჩვენებს, რომ მოდის ინდუსტრიამ ტანსაცმლის სწრაფი წარმოება უნდა შეანელოს. კონსიუმერიზმს ხშირად ეწირება ხელოვანთა მესიჯები და მომხმარებლის იდენტობა.



ჩვენთვის ტანსაცმელი იდენტობაა და ის არ უნდა ექვემდებარებოდეს ტენდენციებს. ჩვენ ვაკეთებთ  აქცენტს შექმნის ხელოვნებაზე. ყველა ნამუშევარი ინდივიდუალურია და ისინი აერთიანებენ წარსულს მომავალთან”, - წერს SITUATIONIST.



ავტორი : მარიამ კალანდაძე, ფოტოგრაფი: გიორგი ნაკაშიძე