სიურრეალიზმი და მაგიური რეალიზმი დოან ლის ფოტოებში

ბოლო დროს ხელოვნებაში განსაკუთრებით პოპულარული ხდება ე.წ. ფრიკებანა (Freakebana) – ყვავილებით მორთვის ახალი სტილი, რომელიც ტრადიციული იაპონური იკებანასგან იმით განსხვავდება, რომ კომპოზიცია ექსცენტრიკულ ელემენტებსაც მოიცავს და მნახველში მოულოდნელ აღფრთოვანებასა და გაოცებას იწვევს. მაგალითად, ვარდისფერი მიხაკების, ჟელიბონის კანფეტების, კრისტალებისა და სხვა კონტექსტიდან ამოვარდნილი ნივთების კომბინაციას „ფრიკებანა“ შეიძლება ეწოდოს. ფრიკებანა ნატურალიზმის ახალი ტალღაა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ბუნებას და თანამედროვე ეპოქის დეკადანსს უსვამს ხაზს, სადაც ეკოლოგიური პრობლემები და გარემოს განადგურება დღითი დღე უფრო თვალშისაცემი ხდება.




წარმოშობით ვიეტნამელი არტისტის, დოან ლის ფლორისტული ხელოვნება და ფოტოგრაფიული შემოქმედებაც ფრიკებანას სტილს განეკუთვნება. დოან ლი თვითნასწავლი ფოტოგრაფია. იგი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრანტად ჩავიდა და თავის დამკვიდრება სამსახიობო კარიერით სცადა. ლი ინტერვიუებში ხშირად იხსენებს იმ სტრესულ და დამღლელ პერიოდს, როცა ოფიციანტად მუშაობის პარალელურად ქასტინგებზე სირბილი უწევდა. თავის არშემდგარი სამსახიობო კარიერის პერიოდს არტისტი ასე იხსენებს: „სულ ვცდილობდი, სხვებისთვის მისაღები ვყოფილიყავი, მათ მოვწონებოდი და სამუშაოდ ავეყვანე. ეს ყველაფერი თავს ძალიან უსუსურად მაგრძნობინებდა. ფოტოგრაფია და საქმე, რომლითაც ახლა ვარ დაკავებული, საშუალებას მაძლევს ჩემით შევქმნა, ვიკვლიო, ვისწავლო, ექსპერიმენტები ვატარო, დავმარცხდე და მაინც შევძლო საკუთარი თავის წარდგენა. მე ამას ვახერხებ, რადგან ის გიჟური შფოთვა აღარ მაქვს, რაც სამსახიობო კარიერისადმი სწრაფვისას მქონდა. მე უბრალოდ წარვადგენ ჩემს ნამუშევრებს, ვუყურებ და ყოველდღე ახალი გამოწვევების წინაშე ვდგები. ამაში ინსტაგრამი ძალიან მეხმარება, რადგან იქ ვაჩვენებ ჩემს შემოქმედებას, მხოლოდ გონებაში არ ვინახავ. ზოგჯერ ხალხი ნამუშევრებს მოწონებით ხვდება, ზოგჯერ არა და ესეც შემეცნების პროცესის ნაწილია. არ არის აუცილებელი გაღიარონ. ამის გააზრება ძალიან რთულია, რადგან გინდა, რომ ყველას მოსწონდე. ეს ყველას უნდა. მე ვიცი, რაც მოსწონს ხალხს - მათ ყვავილებით გავსებული კადრები მოსწონთ; ხოლო რაც მე მომწონს და რის სწავლასაც ვაპირებ, სრულიად განსხვავდება მისგან. ხანდახან ჩემი შეხედულება ხალხის გემოვნებას ემთხვევა, თუმცა ზოგჯერ იმაზე ვმუშაობ, რასაც იმ დღეს აღმოვაჩენ და ჩემთვის ეს უფრო საინტერესოა. თუ ეს აუდიტორიასაც მოსწონს - ძალიან სასიამოვნოა, თუ არ მოსწონს - გულდასაწყვეტია, მაგრამ მაინც უნდა გასცდე საზღვრებს და გამოწვევების წინაშე დადგე“.





მას ბევრნაირი ცხოვრება ჰქონდა, ყველა თავისებურად უცნაური. მოვლენები ერთი მეორეზე მოულოდნელად ვითარდებოდა. დოან ლისთვის ფოტოგრაფია თვითმიზანი არ ყოფილა, მას მხოლოდ პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა. ზოგიერთ ადამიანს კონკრეტულად არჩეული ცხოვრების მიზანი და გეგმები აქვს, ხოლო ლი ცხოვრების მორევში დაცურავს და ახალ-ახალ გამოცდილებას იღებს.  არტისტი ყოველთვის არღვევს კომფორტის ზონას და მუდამ ცნობისმოყვარეობა ამოძრავებს.





სამსახურებში წარუმატებლობის გამო, ლი იძულებული გახდა ნიუ-იორკში, მეგობრის ყვავილების მაღაზიაში დაეწყო მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ყვავილები ყოველთვის უყვარდა, სწორედ აქედან დაიწყო ფლორასთან უფრო ახლო და პროფესიული ურთიერთობის ჩამოყალიბება. მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ გაბედა და საკუთარი დიზაინ-სტუდია გახსნა, რომელსაც a.p. bio ჰქვია.  დოან ლის ხედვა ოდნავ პროვოკაციული, ესთეტიკური და სრულიად საპირისპიროა ტრადიციული ფლორისტული დიზაინისგან. მისი შემოქმედება თავისუფალი სტილით გამოირჩევა და ფანტაზიის ელფერი დაჰკრავს. არტისტი თავდაპირველად ფოტოგრაფიის სწავლას იმიტომ შეუდგა, რომ თავისი ლამაზი ნამუშევრებისთვის გადაეღო ფოტოები,  რადგან ფოტოგრაფის აყვანის საშუალება არ ჰქონდა.  შემდეგ ფოტოგრაფიაც და ფლორისტული დიზაინიც უფრო შორს და სხვადასხვა მიმართულებით წაიყვანა, რათა ტიპური, ტრადიციული საქორწინო თაიგულების შექმნის მონოტონურობა თავიდან აეცილებინა. ყვავილებისთვის ფოტოების გადაღება ბევრად განსხვავდება მათი უბრალოდ ყურებისგან და ლის კომპოზიციისა და სტილის თავისებურებაც სწორედ ის არის, რომ შეუძლია ეს განსხვავება ფოტოებში გამოსახოს. არტისტი მუდმივად ექსპერიმენტებს ატარებს, ფლორით ამბებს გადმოსცემს, ხოლო ყვავილები მისი სიტყვებია.





მისი ნამუშევრები უმეტესწილად შთაგონებულია იმით, რაც იმ მომენტში გარშემოა. ზოგჯერ კომპოზიცია წინასწარ მოფიქრებული არ აქვს და, უბრალოდ, ფერს და ტექსტურას მიჰყვება. ამით იდეას უშუალოდ პროცესში ავითარებს და გადმოსცემს. დოან ლი ინსტინქტს და ინტუიციას ენდობა. ხშირად გამოსახავს იმას, რაც იმ დღეს შეხვდება; შეიძლება ეს სულაც უბრალო ნესვი იყოს, რომელიც ქუჩაში გავლისას სადმე გასაყიდად შენიშნა. „შთაგონება ყველაფრიდან შეიძლება მეწვიოს. ეს შეიძლება იყოს შუადღის მზის სხივი, გასაყიდად  გამოფენილი  ხილი, მუსიკა, ვინტაჟური ფილმები, ნახატები და სხვა“, - ამბობს არტისტი. ხანდახან კი კონკრეტულ ნივთს ან საგანს ირჩევს. მაგალითად, ხელთათმანს, დონატს ან ქილას და შემდეგ მის გარშემო აწყობს დანარჩენ კომპოზიციას. მისი თქმით, მის ფანტაზიაზე დიდი გავლენა მოახდინა პინა ბუშის, მერილინ მინტერისა და უილიამ ეგლსტონის შემოქმედებამ.





დოან ლის ფოტოები გარკვეულწილად ეროტიკულადაც შეიძლება მოგეჩვენოთ. რამდენჯერმე არტისტმაც აღნიშნა, რომ ყვავილები მისთვის ერთგვარი სიმბოლოებია, რომლებიც ემოციებსა და სიურრეალისტურ შეგრძნებებს იწვევს. როდესაც პროფესიულ რჩევას ეკითხებიან, ლი დევიდ ბოუის ცნობილ ნათქვამს იშველიებს: "თუ თავს მყუდროდ გრძნობთ იმ ადგილზე, სადაც მუშაობთ, მაშინ თქვენ სწორ ადგილზე არ ხართ. წყალში დგომისას ყოველთვის ოდნავ შორს წადით, ვიდრე თავად გრძნობთ, რომ სიღრმეში ყოფნა შეგიძლიათ. ოდნავ უფრო მეტად შედით სიღრმეში და როდესაც იგრძნობთ, რომ ფეხებით ძირს ძლივსღა ეხებით, ზუსტად იმ ადგილზე ხართ, საიდანაც რაღაც განსაკუთრებული უნდა დაიწყოთ“.

 



ავტორი : თეონა მჭედლიშვილი