თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ონლაინ გაიმართება

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 30 ნოემბრიდან - 20 დეკემბრის ჩათვლით ციფრულ ფორმატში გაიმართება. წლევანდელი ფესტივალი სამ ძირითად ნაწილს მოიცავს: ინდუსტრიული დღეები, კინოჩვენება და მასტერკლასები. 

 

კინოფესტივალის პარტნიორები საქართველოს კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, გოეთეს ინსტიტუტი, სპორტისა და განათლების სამინისტრო, შვედეთის, საფრანგეთის და იტალიის საელჩოები, ასევე ესტონეთის, ლიეტუვის და ლატვიის კინოინსტიტუტები იქნებიან, მხარდამჭერი კი TBC კონცეპტია.

 

ინდუსტრიული დღეები

 

“ინდუსტრიული დღეები” ინდუსტრიაში არსებული პერსპექტივების გარშემო ვორქშოფების, მასტერკლასებისა და პანელური დისკუსიების სერიას მოიცავს. დამწყებ რეჟისორებს, პროდიუსერებსა და კინოშემოქმედებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს  საშუალება მიეცემათ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს გაესაუბრონ და ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება გაუზიარიონ.

 

კინოფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი პანელური დისკუსიებია, რომელიც Zoom-ის დახმარებით შედგება. მონაწილეები ჩაერთვებიან დისკუსიაში “კოპროდუქციის საკითხები კინოინდუსტრიაში: ბალტიისპირეთის შედარებითი ანალიზი”, რომელიც კოპროდუქციის სხვადასხვა წარმატებულ მაგალითებსაც განიხილავს, მაგ., “მანდარინები” (ესტონეთი-საქართველო) და “ნამე” (საქართველო-ლიეტუვა). დისკუსია იმ შესაძლებლობებსაც შეეხება, რასაც საერთაშორისო ფესტივალები ქართული კინოს წარმომადგენლებს სთავაზობენ. დისკუსიები 4 და 7 დეკემბერს, ორი დღის განმავლობაში გაიმართება.

 

“ინდუსტრიულ დღეებზე” წარდგენილ ვორქშოფებთან ერთად, მონაწილეებს წელს პირველად მიეცემათ შესაძლებლობა, საქართველოსა და ბალტიისპირეთზე (ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა) ფოკუსირებულ ფიჩინგ ფორუმში ჩაერთონ. კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება ინტენსიური ტრენინგები სიუჟეტის განვითარების, ფიჩინგის, პროექტის პრეზენტაციისა და შეფუთვის მეთოდებზე. მონაწილეები ასევე  ინდივიდუალურ კონსულტაციებს გაივლიან დარგობრივ ექსპერტებთან და პროდიუსერებთან. 

 

განსხვავებული რეჟიმის გამო წლევანდელი კინოფესტივალი კონკურსის გარეშე გაიმართება. ფულადი პრიზი მხოლოდ ფიჩინგის ფორუმში გამარჯვებულ სამ საუკეთესო პროექტს გადაეცემა. 

 

კინოჩვენება

 

ფესტივალის ციფრული ფორმატიდან გამომდინარე, კინოჩვენებებიც  პლატფორმა FESTIVAL SCOPE-ზე ონლაინ გაიმართება, რომელზე გაწევრიანებაც უფასოა. ოცი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი ორ სექციაში იქნება წარდგენილი: “დამზადებულია გერმანიაში” და “მსოფლიო კინო”. პირველ სექციაში თექვსმეტი ფილმი იქნება გაერთიანებული, მეორეში კი ოთხი. სექცია “დამზადებულია გერმანიაში” წელსაც გოეთეს ინსტიტუტის დახმარებით შეიქმნა. 

 

14 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, ექვსი დღის განმავლობაში, კინოფესტივალზე შემდეგი ფილმების ჩვენება გაიმართება:

 

Memory House / მოგონებების სახლი

 

Charlatan / შარლატანი

 

The Woman Who Ran / ქალი, რომელიც გაიქცა

 

Another Round / თრობა

 

Delete History / ისტორიის წაშლა 

 

Summer of ‘85 / 85-ის ზაფხული

 

Bad Tales / ცუდი ზღაპრები

 

I Am Greta / მე გრეტა ვარ

 

Conference / კონფერენცია

 

Into Dad’s Woods / მამაჩემის ტყეში

 

Laila in Haifa  ლაილა ჰაიფაში

 

Apples / ვაშლები

 

Father / მამა

 

Siberia / ციმბირი

 

Never Gonna Snow Again / აღარასოდეს მოთოვს

 

The Roads Not Taken / უვალი გზები

 

A Fish Swimming Upside Down / თევზი, რომელიც ზურგზე ცურავს

 

Sisters Apart / ცეცხლში

 

Model Olimpia / მოდელი ოლიმპია

 

Undine / უნდინე

 

მასტერკლასები 

 

კინოჩვენებებთან ერთად კი მონაწილეები სხვადასხვა თემაზე შემდეგი რეჟისორების მასტერკლასებს დაესწრებიან: აგნეჟკა ჰოლანდი, პიტერ ვებერი, ჟაკო ვან დორმაელი, რატი ონელი, იოანა ბერნჰარდსონი და ნინო კირთაძე.



ავტორი : თორნიკე მაჭარაშვილი