თბილისის არქიტექტურული რუკა მე-20 საუკუნის საბჭოთა მოდერნიზმის კვალდაკვალ

არქიტექტურა რომ ეპოქის სივრცეში გადმოთარგმნის მცდელობაა, ეს სიტყვები ერთ-ერთ ყველაზე  მოდერნისტ არქიტექტორს, მის ვან დერ როეს ეკუთვნის. მის ამ სიტყვებში დასარწმუნებლად თბილისი ალბათ ძალიან კარგ მაგალითად გამოდგებოდა, რადგან ერთი დღეც კი საკმარისია იმისთვის, რომ ქალაქის ისტორიას საუკუნეების წინანდელი ტაძრების, არტ-ნუვოს სტილის შენობებისა თუ საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურის ხილვით გაეცნოთ. თბილისის საბჭოთა მოდერნიზმს სამწუხაროდ, არაფერი აქვს საერთო ვან დერ როეს მოდერნიზმთან, ეს უფრო სსრკ ცკ-ის პირველი მდივნის, ნიკიტა ხრუშჩოვის ახირება იყო ე.წ. ზედმეტობების შესახებ, რომლის დადგენილება მან 1955 წელს გამოსცა. იმისთვის რომ მშენებლობა გაიაფებულიყო, დადგენილება შენობების ყოველგვარი დეკორაციული "ზედმეტობისგან" გათავისუფლებას გულისხმობდა. გასაბჭოების ეპოქა თბილისის ურბანულ სივრცეში ძირითადად ტიპური საბინაო პროექტებით გამოიხატა. იქ, სადაც ადამიანებს ტანსაცმლიდან დაწყებული ყველაფერი ერთნაირი ჰქონდათ, არქიტექტურაც უმეტესწილად ასეთივე – ერთმანეთისგან არაფრით განსხვავებული იყო. თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ პერიოდში ეპოქისთვის დამახასიათებელი რამდენიმე გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობა მაინც შეიქმნა, რომელთაგანაც ზოგიერთი დღეს ისევ ფუნქციური, ზოგი კი მიტოვებული და განადგურების პირასაა. სწორედ ეს, მე-20 საუკუნის საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურის 50-მდე უნიკალური ნაგებობა გააერთიანა და თბილისის არქიტექტურულ რუკაზე დაიტანა არქიტექტორმა ანა ჩორგოლაშვილმა, რომელიც თავისი ახალი პროექტის შესახებ ვრცლად გვესაუბრა.

 



ანა, საიდან გაჩნდა თბილისის არქიტექტურული რუკის შექმნის იდეა, ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მის შექმნაში?

 

თბილისის არქიტექტურული რუკის შექმნის იდეა თბილისის არქიტექტურის ბიენალეს პირველი გამოშვების ფარგლებში დაიბადა. ამის შემდეგ ბრიტანეთში დაფუძნებული საგამომცემლო სახლის, Blue crow media-ს დამაარსებელი დერეკ ლამბერტონი დამიკავშირდა და გადავწყვიტეთ ფოკუსი თბილისის მე-20 საუკუნის არქიტექტურულ მემკვიდრეობაზე გაგვეკეთებინა. შენობების სელექციასა და წინასიტყვაობაზე მე ვიმუშავე, ხოლო ფოტოდოკუმენტაცია ფოტოგრაფ სტეფანო პერეგოს ეკუთვნის. 



 

თბილისის რომელი არქიტექტურული ნაგებობებია დატანილი რუკაზე და რა პრინციპით მოხდა მათი შერჩევა?

 

მე-20 საუკუნის თბილისის არქიტექტურული მემკვიდრეობა ქვეყნისთვის ისტორიული და ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენების ერთგვარ არტეფაქტად წარმოგვიდგება, რომელიც თავის თავში განსხვავებულ არქიტექტურულ სტილს აერთიანებს. საუკუნის დასაწყისი დედაქალაქში მოდერნის შემოსვლით და მისი დიდი პოპულარობით აღინიშნება. პარალელურად ვხვდებით ნეოგოთიკურ, ნეორომანტიკულ და სხვა სტილის შენობებს. სურათი რადიკალურად იცვლება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძალადობრივი გასაბჭოების შემდეგ. ამ დროიდან მოყოლებული საბჭოთა კავშირის დაშლამდე თბილისის არქიტექტურა საბჭოთა კავშირის არქიტექტურის განვითარების პრიზმაშია მოქცეული. 20-იანი წლების თბილისში ,,სოციალისტური ყოფის” მშენებლობა კონსტრუქტივიზმით იწყება, რომლის დიდი ნაწილიც პოლიტიკურ-იდეოლოგიურ თუ ეკონომიურ ცვლილებებს შეეწირა. 30-იანი წლებიდან თბილისის არქიტექტურა სკკპ ცკ-ს დადგენილებებს ექვემდებარება. ქალაქის ურბანულმა ქსოვილმა ამ რთული დროის შემოქმედებითი ძიების რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითი შემოინახა. 1955 წელს საბჭოთა კავშირში მიღებულმა დადგენილებამ ,,არქიტექტურაში ზედმეტობებთან ბრძოლის” შესახებ საბჭოთა არქიტექტურის განვითარების გზა რადიკალურად შეცვალა. უნდა ითქვას, რომ თბილისის ე.წ. საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურა განადგურების განსაკუთრებული საფრთხის წინაშე იმყოფება. მე-20 საუკუნის მიწურული 90-იანი წლების ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური კრიზისის ფონზე აღმოცენებული და დიდწილად ქალაქის მოსახლეობის  მიერ მართული პრაქტიკით -  აქტიური მიშენებებით  აღინიშნება, რომელიც მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულის თბილისის ე.წ. არაფორმალური არქიტექტურის ძირითადი ელემენტია. 




რუკისთვის ამ წინააღმდეგობებით სავსე და მრავალფეროვანი ეპოქიდან  50-მდე შენობა შეირჩა, რომელთა ნაწილი, 22 შენობა, დასურათებულია, სხვა დანარჩენი კი რუკაზეა დატანილი. მათ შორის მინდა აღვნიშნო მე-20 საუკუნის 80-იან წლებში თბილისში აგებული ორი არქიტექტურული ობიექტი: გოთუას ქუჩის 14 ნომერში მდებარე ფიზიოლოგიის ინსტიტუტი (ავტორები: ვ. გელაშვილი, თ. თოდრაძე, დ. კოსტოვი, დ. თევდორაძე, ო. ფანოზაშვილი. 1986 წელი) და ეროვნული პურის ქარხანა (ავტორები: შ. ბოსტანაშვილი, ვ. დავითაია. 1983-87 წლები). 

 

 

რა არის თბილისის არქიტექტურული რუკის შექმნის მთავარი მიზანი, საბოლოო ჯამში რისთვის და ვისთვის განხორციელდა პროექტი?

 

არქიტექტურული რუკის შექმნის მიზანია დაინტერესებული ადამიანები ადგილობრივი თუ საერთაშორისო მასშტაბით გაეცნონ
ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას და სურვილისამებრ მოინახულონ მათთვის საინტერესო ობიექტები. 


 

რამდენად ხელმისაწვდომია რუკა დაინტერესებული ადამიანებისთვის, სად შეიძლება მისი შეძენა?

 

რუკის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდზე - bluecrowmedia.com  და ადგილობრივად ჯერჯერობით გალერეების - E.A. Shared space და Project Art Beat-ის წიგნის მაღაზიებში. მომავალში რუკის გავრცელება სხვა მაღაზიებშიც იგეგმება.



ავტორი : გვანცა ჩანადირი, გარეკანის ფოტო: გიორგი დადიანი ჟურნალისთვის Georgia to see-სთვის