თბილისის არტისტული კაფეები

მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის არქიტექტურულ ცვლილებებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა წრეში ცნობილ ხელოვანთა ინიციატივით ისეთი ადგილები დაარსდა, რომლებსაც მოგვიანებით “არტისტული კაფეები” უწოდეს. იმდროინდელ თბილისს მეორენაირად “პოეტთა ქალაქსაც” ეძახდნენ, რაც მეტწილად ქუჩებში ახალგაზრდა, შემოქმედებით გატაცებული ადამიანების სიმრავლით, მათი აქტიურობითა და მონდომებით აიხსნებოდა. ოციანების თბილისი ერთიანად ავანგარდისტული ფორმებით გამორჩეული ხელოვნების ექსპერიმენტულ სივრცედ იქცა. როგორც იმ პერიოდის გაზეთი გვამცნობს, “თბილისი გახდა პოეტების ქალაქი”.


მეოცე საუკუნის დასაწყისი და ქართული კულტურის განვითარება თავის დროზე პირველად ახლანდელი რუსთაველის თეატრის ქვედა ფოიეში მდებარე კაფე “ქიმერიონის” კედლებს დაეტყო. ლადო გუდიაშვილი, მოსე თოიძე, დავით კაკაბაძე, სერგეი სუდეიკინი... “კაფეს კედლები მთლიანად მოხატული იყო”, - წერს ტიციან ტაბიძე იმ ადგილზე, რომლის ინტერიერსაც დროთა განმავლობაში არაერთი მხატვრის ხელი შეეხო. კაფეს სახელწოდება “ქიმერიონი” ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსიდანაა აღებული, ახალი სივრცე კი მალევე პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, გრიგოლ რობაქიძისა და სხვა იმდროინდელ ქართველ ხელოვანთა ხმაურიანი შეხვედრის ადგილად იქცა. “ქიმერიონის” კედლის მოხატვაში წვლილი პოლონელ მხატვარს, სიგიზმუნდ ვალისევსკისაც მიუძღვის, მისი სახელის მოფიქრებას კი მწერალთა ინიციატივით ათი სხდომა დასჭირდა. შინაურული გარემო და საერთო ინტერესების მქონე პირთა ერთ სივრცეში გაერთიანება თანამედროვე გადმოსახედიდან “ქიმერიონს” ოციანი წლების “ხელოვნების კაფედ” აქცევს. “მთელი ღამე ლექსების კითხვა ისმოდა”, - წერს ლადო გუდიაშვილი. კედლები დროთა განმავლობაში რამდენჯერმე გადაიღება, რის გამოც მხატვრული ფრესკებიც დაიკარგა. მხოლოდ ოთხმოციანებში დაიწყო რესტავრაციული სამუშაოები, რომლის შედეგად ნამუშევართა დიდი ნაწილი კედელზე ხელახლა გამოჩნდა. “ალბათ მთელ ქვეყანაზე არ არის კაფე, რომელიც იტევდეს იმდენ შთაგონებას და შემოქმედებას, რამდენსაც ქიმერიონი”, - წერს ტიციანი.


პაოლო იაშვილი და ვალერიან გაფრინდაშვილი ხშირად თავიანთ ლექსებს “პოეტების სტუდიად” წოდებულ, მომავალში კი “ფანტასტიკურ დუქნად” ქცეულ კაფეში კითხულობდნენ. “ფანტასტიკური დუქანი” პირველად 1917 წლის 12 ნოემბერს, იმდროინდელი გოლოვინის პროსპექტზე გაიხსნა და გარკვეული დროით მხატვრებისა და პოეტების, არაორდინალური და თავისუფლად მოაზროვნე შემოქმედი ახალგაზრდების საერთო შეხვედრის ადგილად იქცა. ილია ზდანევიჩის სიტყვებით, “ფანტასტიკური დუქანი” თავისებურად ფუტურისტულ ლაბორატორიად იქცა, რომლის საღამოებიც ლექსებითა და პოეზიით, აზრთა მიმოცვლითა და ურთიერთობით შემოიფარგლებოდა.


თეატრ-სტუდიად ქცეულ, ყოფილ ოფიცერთა სახლში 1918 წელს გახსნილი კაფე “არგონავტების ნავი” მალევე ქალაქის კიდევ ერთ ბოჰემურ სივრცედ იქცა. კედლები, რომლის გარშემო განსხვავებული ტრადიციის, ეროვნებისა თუ იდეოლოგიის მქონე შემოქმედები იკრიბებოდნენ, ამავე წელს ლადო გუდიაშვილმა, კირილ ზდანევიჩმა და ალექსანდრე მელიქოვიჩმა მოხატეს. გრიგოლ რობაქიძის თქმით, “ნავი” სიმყუდროვეს, სიმღერასა და ფუტურისტულ ესკიზებს აერთიანებდა. ხეხილით დატვირთული ბაღი, ფერთა სიმრავლე, განსხვავებულ პერსპექტივაში დახატული ქალები და ლაჟვარდისფერი ფონი ის ძირითადი ნიშნებია, რაც კედლის ფრესკებს ამჟამინდელი სახით შემორჩა. კირილ ზდანევიჩის თქმით, “ნავის” მოხატვისას მისთვის მთავარი შთაგონების წყარო დონგენისა და მატისის სტილი იყო. გარდა “ასტრონავტების ნავისა”, ზდანევიჩს იმდროინდელი თბილისის სხვა კაფეებიც მოუხატავს, მათ შორის,  “ფარშევანგის კუდი” და “ქიმერიონი”.


“ამ დღეებში იხსნება კაფე-რესტორანი “CAFE DE L’OPERA”. კაფეში დაუკრავს სიმებიანი ორკესტრი, იქნება ცეკვა, დილის ცხრა საათიდან საღამოს პირველ საათამდე”, - 1819 წლის აგვისტოს ნომერში ტაბლოიდური ფორმით წერს გაზეთი “საქართველო”. იმდროინდელი სახაზინო თეატრის სკვერში პატარა კაფეს გადააწყდებოდით, შინაურული გარემოს გარდა, ხელოვნების მოყვარულები მაშინვე შენიშნავდნენ კაფეში მყოფ მოცეკვავე წყვილებს და ამავდროულად, ცოცხალი ორკესტრის მელოდიასაც მოჰკრავდნენ ყურს. კაფის რეკლამა გამორჩეულად შემდეგ სიტყვებზე ფოკუსირებდა: “ათი პროცენტი წმინდა შემოსავალი გადაეცემა განათლებას”. 


1919 წელს “ქართველ ქალთა საზოგადოების” ერთ-ერთი წევრის, პოეტის ინიციატივით თბილისში საჩაიე “ძმური ნუგეში” გაიხსნა. ეს იყო ადგილი, რომლის გარშემოც მუდმივად კულტურული ელიტის წარმომადგენლები ტრიალებდნენ. საჩაიე გაზეთ “საქართველოს” ფინანსური დახმარების მიზნით, ხშირად მართავდა კაბარეებს, რომელშიც  მეტწილად ქართველი შემოქმედები მონაწილეობდნენ. კაბარეს  ხშირად ცნობილი პოეტი და “ცისფერყანწელთა” წევრი, პაოლო იაშვილი უძღვებოდა. წარმოდგენას იმდენად ბევრი მაყურებელი ჰყავდა, რომ კაფემ ამავე წლის 26 იანვარს ნებართვაც კი მიიღო, კაბარე ღამის სამ საათამდე გაეგრძელებინათ.

 

ასეთი პატარა ადგილების დამსახურებით, თბილისს ხშირად “პოეზიის დედაქალაქსაც” უწოდებდნენ. არტისტული კაფეები იყო იმ თავისუფალი ურთიერთობის სიმბოლო, რაც  ქართველებსა და უცხოელებს, მსახიობებსა და მწერლებს, საბოლოოდ კი, საერთო ინტერესის მქონე ინდივიდებს ერთმანეთთან აკავშირებდა და თვითგამოხატვისკენ უბიძგებდა.



ავტორი : თორნიკე მაჭარაშვილი