თბილისის პირველი ფოტოსახელოსნოები და ადამიანები, რომლებიც ისტორიას ინახავდნენ

მეცხრამეტე საუკუნის ბოლო და მეოცე საუკუნის დასაწყისი ის პერიოდია, როდესაც თბილისის ქუჩებში პერიოდულად - ხან ერთმანეთის მონაცვლეობით, ხან კი თანადროულად - ჩნდებიან ენთუზიაზმით სავსე და ცვლილების სურვილით შთაგონებული ადამიანები, რომელთაც ისტორიის სხვაგვარი ხერხით - ფოტოხელოვნებით - შენახვის იდეა იპყრობს. მალე კი თბილისის ცენტრალური ქუჩების შენობებს ახალი, ზოგისთვის სრულიად უცნობი სივრცე - ფოტოსახელოსნო ემატება, სივრცე, რომელიც მრავალი კადრისა და იდეის დაბადების ადგილი ხდება.



ქართული ფოტოგრაფიის ისტორია ალექსანდრე როინაშვილით იწყება. იგი დუშეთში დაიბადა, თოთხმეტი წლის ასაკში კი თბილისში ჩამოვიდა და შემთხვევით გაიცნო ცნობილი ხატმწერი და ფოტოგრაფი ვ. ხლამოვი. მალე როინაშვილი მისი შეგირდი ხდება და წარმატებით ეუფლება მხატვრობასა და ფოტოგრაფიას, შემდგომ კი ვ. ხლამოვთან ერთად ხსნის პირველ ფოტოსახელოსნოს, სახელწოდებით “სასურათხატო”.



ა. როინაშვილის სახელს სულ 3 ფოტოსახელოსნო უკავშირდება. “სასურათხატოს” შემდეგ მან კიდევ ორი სტუდია - “ამხანაგობა” და “რემბრანტი” გახსნა. ამ უკანასკნელში როინაშვილის უნიკალური გამოგონების - “კავკასიური მოძრავი მუზეუმის” ექსპოზიცია გაიმართა, რომელიც არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული კუთხით განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა.



ძალიან მალე როინაშვილის ფოტოსახელოსნოების შესახებ არა მხოლოდ თბილისმა, არამედ მისმა შემოგარენმაც შეიტყო. გლეხები მისი შემოქმედების სანახავად სპეციალურად ჩამოდიოდნენ თბილისში. იდეებითა და შთამაგონებელი ოსტატობით სავსე სახელოსნო კი სხვადასხვა ფენის ადამიანებს ერთ სივრცეში კრებდა, სადაც მათ ერთი არაჩვეულებრივი რამ - ხელოვნების სიყვარული აერთიანებდათ.

ეს ადგილი არა მხოლოდ ფოტოხელოვნებას, არამედ თეატრალურ ოსტატობასაც ეზიარა - გადმოცემით, ქართული თეატრალური დასი ერთი პერიოდი სწორედ როინაშვილის ფოტოსტუდიაში ატარებდა რეპეტიციებს.

როინაშვილის ფოტოსახელოსნოები იმდროინდელი მოაზროვნეების თავშეყრის ადგილიც ხდება. მის ობიექტივში არაერთი გამოჩენილი ქართველი მოხვედრილა: ილია ჭავჭავაძე, ეკატერინე გაბაშვილი, ვაჟა-ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი, ბარბარე ჯორჯაძე და დიმიტრი ყიფიანი.

მისი შემოქმედება სავსეა თბილისსა და მის შემოგარენში “დაჭერილი” ცოცხალი კადრებით - ყარაჩოღელებით, მუშებით, უძრავი, თუმცა მეტყველი მწვერვალებითა და თბილისის ქუჩების სევდანარევი კადრებით, რომელიც კონკრეტულ წამს თითქოს შეხედვისთანავე გაგრძნობინებს.

ალექსანდრე როინაშვილი 1905 წელს გარდაიცვალა. მისი ნამუშევრების ნაწილი გაიყიდა, დანარჩენი კი სხვადასხვა მუზეუმში გადანაწილდა. მისი შემოქმედების დიდი ნაწილი დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფოტოკოლექციაში.

გადმოცემით, ა. როინაშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი ნამუშევრების ნაწილი ცნობილი ფოტოგრაფის, დიმიტრი ერმაკოვის კოლექციაშიც აღმოჩნდა, რის შემდეგაც რამდენიმე ფოტოსურათზე დატანილი ხელმოწერა წაიშალა. ამ მიზეზით მათი ნამუშევრების ავტორების შესახებ არსებული გაურკვევლობები დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. ყოველი შემთხვევისთვის, ის შემოქმედება, რომელიც ნამდვილად ერმაკოვს ეკუთვნის, უდავოდ აღსანიშნავია - ის იყო ფოტოგრაფი, რომელმაც, შეიძლება ითქვას, ქართული ფოტოხელოვნების მოძრავი და განსაკუთრებულად ცოცხალი კადრების გაჩენას ჩაუყარა საფუძველი.



დიმიტრი ერმაკოვის შემოქმედება მრავალწლიანი მოგზაურობებისა და ექსპედიციების უნიკალური კადრებითაა ცნობილი. სივრცის მაქსიმალური გამოვლებისკენ მიმართული სტილი მის თითოეულ კადრში იკვეთება, რომელთა სამომავლო ექსპოზიციისთვისაც  ერმაკოვმა, მხატვარ კოლჩინთან ერთად, 1874 წელს მორიგი ფოტოსახელოსნო გახსნა თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, სადაც თავდაპირველად მხოლოდ კაბინეტურ პორტრეტებს იღებდა. შემდგომ კი, 1880 წელს, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე, რომელსაც მაშინ გოლოვინის პროსპექტი ერქვა, ხსნის მეორე ფოტოსახელოსნოს, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ევროპული ავეჯი და, ათეულობით ჯილდოსთან ერთად, სტენდებზე მოთავსებული ფოტოსურათები წარმოადგენდა.

ერმაკოვის შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისის თემატიკას ეკუთვნის - ძველი თბილისის მოედნები, ვიწრო ქუჩები, ქართულ და ევროპულ სამოსში გამოწყობილი ადამიანები და ის დეტალები, რომლებიც ძველი თბილისის ესთეტიკის ფუნდამენტური ნაწილი იყო, ერმაკოვმა თბილისის სერიაში გააერთიანა. იგი ცდილობდა თბილისი ორი კულტურის გასაყარზე არსებულ ქალაქად წარმოედგინა, სადაც, ევროპულთან ერთად,  აზიურ ელემენტებსაც დიდ ყურადღებას უთმობდა.


ფოტოგრაფის შემოქმედებაში თბილისური ტრანსპორტიც არანაკლებ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მის ობიექტივში არა მხოლოდ ვიწრო ქუჩებისთვის დამახასიათებელი გადაადგილების საშუალებები, არამედ წყლის ტრანსპორტიც ფიგურირებს, რომელიც თბილისელთათვის პოპულარულ და პრესტიჟულ სამგზავრო საშუალებას წარმოადგენდა.



მისი კოლექცია დაახლოებით 127 ალბომისა და 22 660 ფოტოსურათისგან შედგება. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობის დროს ერმაკოვის მიერ გადაღებულ კადრებში ის არქეოლოგიური ძეგლებიც აისახა,  რომლებიც დღეს გამქრალია.
დიმიტრი ერმაკოვის ნამუშევრების ნეგატივები საქართველოს ხელოვნებისა და ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმებში ინახება.



ავტორი : ნანუკა მახარაშვილი