თბილისური არტ-ნუვო

 მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების საერთაშორისო სტილი - არტ-ნუვო მხატვრობაში, არქიტექტურასა და დეკორატიულ ხელოვნებაში დიდ როლს თამაშობდა. ის მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა სახელითაა ცნობილი: გერმანიაში როგორც “იუგენდსტილი”, იტალიაში - “ლიბერტი” და სხვაგან როგორც “მოდერნი”. სტილი 1890-1910 წლებში განვითარდა და აკადემიური ხელოვნების, ეკლექტიზმის და ისტორიზმის საპასუხო რეაქციას გამოხატავდა. ამ სტილის შენობები მრავლადაა ევროპის ისეთ ქალაქებში,  როგორიცაა პარიზი, ბარსელონა და სხვ.

 

 

ცოტა მოგვიანებით საქართველოშიც, უფრო მეტად კი მეოცე საუკუნის დასაყისში, შესანიშნავი არტ-ნუვოს სტილის შენობები გაჩნდა. ამ პერიოდის შენობებს ახასიათებს დინამიკური ფასადი, მრავალი დეტალი, მხატვრული შესასვლელი. ამ შენობათა ფუნქციები მრავალფეროვანი იყო, აშენდა როგორც სკოლები, თეატრები, ბანკები, საავადმყოფოები, ბიბლიოთეკა, კონსერვატორია, ისევე ვაგონების საცავი, ლომბარდი, სასადილო, მაღაზიები და ქარხნები. საქართველოს მასშტაბით - არა მარტო თბილისში, არამედ თითქმის ყველა სხვა ქალაქშიც, მათ შორის სოხუმში, ბათუმსა და ქუთაისში - შეხვდებით არტ-ნუვოს სტილის შენობებს.

 

 

თბილისში ამ პერიოდში საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრება საკმაოდ აქტიური იყო, რამაც ხელი შეუწყო ახალი ხელოვნების სტილის განვითარებას. შესაბამისად, არტ-ნუვოს სტილს საქართველოში მეტად ახასიათებს ქართული დეტალებიც, ევროპული არტ-ნუვოსა და ქართული ელემენტების უნიკალური სინთეზი, რაც განასხვავებს მას სხვებისგან. ამ პერიოდის  საცხოვრებელ შენობებს თბილისში ქუჩის მხარეს ევროპული სტილის მორთული ფასადი აქვს, ხოლო ეზოს მხარეს ქართული ხის აივნები არტ-ნუვოსთვის დამახასიათებელი დეკორაციებით.  

 

 

თბილისში არტ-ნუვოს გამორჩეული ნამუშევრებია 1907 წლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობა, 1913 წლის ყოფილი უნივერმაღის შენობა, ახლანდელი თი-ბი-სი ბანკის შენობა, ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი, 1910-იან წლებში ოჰაჯაროვის პროექტით ეროვნული ბანკის შენობა, მელიქ აზარიანცის სახლი, კინოთეატრი „აპოლო“, 1920 წელს სიმონ კლდიაშვილის დაპროექტებული საცხოვრებელი სახლი რომის ქუჩაზე, 1904 წელს გრიგოლ ქურდიანის პროექტით საცხოვრებელი სახლი ნინოშვილზე.

 

თუმცა, საბჭოთა პერიოდში არტ-ნუვოს ბურჟუაზიული სტატუსი მიენიჭა და შესაბამისად, უნიკალური ძეგლები, შენობები და ნამუშევრები მოუვლელობის გამო დღეს სავალალო  მდგომარეობაშია. 1990-იანი წლების შემდეგ რამდენიმე ძეგლია აღდგენილი, თუმცა უმეტესობა განადგურების საფრთხის წინაშეა და საჭიროა დროული შესაფერისი ჩარევა.



ავტორი : ლიზი გეგენავა