თევზისა და ზღვის პროდუქტების ხუთი რესტორანი თბილისში

პირველი რისი ასოციაცია გიჩნდებათ, როდესაც ზღვის პროდუქტებზეა საუბარი? ალბათ ცხელი ამინდის, ზღვისა და მზიანი სანაპიროსი. ხამანწკები, მიდიები, კრევეტები თუ კალმარი წლის ნებისმიერ დროს გემრიელია, მაგრამ ზაფხულში განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. იმისათვის, რომ გემრიელი ზღვის პროდუქტები მიირთვათ, საერთოდ არ არის საჭირო რომელიმე ზღვისპირა კურორტზე გამგზავრება, რადგან თბილისში არის რესტორნები, სადაც განსაკუთრებულ კერძებს მიირთმევთ.

 

 

Navi - ნავი 

 

ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე რესტორანი ნავი, ზღვის პროდუქტების მოყვარულებს შეფ-მზარეული თინა ვაშაკიძის საავტორო მენიუთი მასპინძლობს და ალბათ ერთ-ერთი ულამაზესი რესტორანია თბილისში. მისი დიზაინი ევროპული და აზიური კულტურების სინთეზს წარმოადგენს და სრულიად ახლებურ, დახვეწილ სტილს ქმნის. სინთეზურია ნავის მენიუც, სადაც ნაცნობ კერძებთან ერთად შეხვდებით იხვის კერძს ზღვის პროდუქტებითა და ელარჯს კრევეტებით. 


Selfish

 

დიმიტრი უზნაძის ქუჩაზე მდებარე ზღვის პროდუქტების რესტორანი - Selfish ზღვისპირა ბუნგალოს დიზაინითა და ზღვის პროდუქტების ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა. აქ შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ტრადიციული, ასევე ისეთი ეგზოტიკური პროდუქტი, როგორიცაა - ზღვის ზღარბი. Selfish-ში დაგხვდებათ ხუთივე ტიპის ხამანწკა, მიდიების მრავალფეროვნება და კანადური გაუყინავი ლობსტერი.


Mussels Tbilisi

 

სულ რამდენიმე თვეა, რაც ორბელიანის ბაზარში რესტორანმა შუშაბანდმა Mussels Tbilisi გახსნა. რესტორნის ძირითადი პროდუქტი მიდიაა, თუმცა ძალიან მრავალფეროვანია კერძების არჩევანი. Mussels Tbilisi-ში შეგიძლიათ გასინჯოთ მიდიების წვნიანი, ტრადიციული კერძები, ასევე მიდიები პასტის სხვადასხვანაირი სოუსით.

 

 

Mussels Place - სამიდიე

 

კიდევ ერთი რესტორანი, სადაც განსაკუთრებით გემრიელი მიდიები შეგიძლიათ მიირთვათ, სამიდიეა, მინიმალისტური დიზაინის რესტორანში არა მხოლოდ მიდიების, არამედ სხვა მოლუსკებისა და თევზის კერძებიცაა წარმოდგენილი. სამიდიეში შეხვდებით ქართული კერძების ახლებურ ინტერპრეტაციას, მაგალითად, თაშმიჯაბს კალმახით. 

 

 

ბარბატუსი

 

კოსტავას ქუჩაზე მდებარე რესტორანი და თევზის ბაზარი ბარბატუსი  "ზღვიდან თეფშზე" კონცეფციით მუშაობს და სტუმრებს შავი ზღვის გაუყინავი, ახლად დაჭერილი პროდუქციით უმასპინძლდება. ბარბატუსში შესაძლებელია პროდუქციის დათვალიერება და შერჩევა ან ადგილზე მირთმევა. ბარბატუსის მენიუში გურმანებს განსაკუთრებით მოხიბლავთ კალმარის მელნით მომზადებული შავი პასტა კრევეტებითა და მიდიებით.

 

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Selfish, Mussels Tbilisi, Mussels Place, ბარბატუსი, ნავი