ტოშიჰიკო შიბუიას ახალი ინსტალაციები Snow Pallet-ის სერიიდან

უკვე თორმეტი წელიწადია, რაც იაპონელი ხელოვანი ტოშიჰიკო შიბუია ყოველ ზამთარში იაპონიის ქალაქ საპოროსა და მის შემოგარენში სივრცით-სპეციფიკურ ნამუშევრებს ქმნის. ამ წელს ხელოვანმა თავის ცნობილ Snow Pallet-ის სერიას ახალი ინსტალაციები - Snow Pallet 14 და Snow Pallet 15 შემატა. სერიის კონცეფცია თოვლიან გარემოს უკავშირდება და თეთრ ზედაპირზე სხვადასხვა ფერის არეკვლას გულისხმობს.

ინსტალაცია Snow Pallet 14 ქალაქ ტომაკომაის ხელოვნების მუზეუმის ეზოშია განთავსებული. უცნაურია, თუმცა ფაქტია, რომ შიბუიამ გადაწყვიტა სივრცით-სპეციფიკური ნამუშევარი კუნძულ ჰოკაიდოს ისეთ ადგილას წარმოედგინა, სადაც თოვლი ყველაზე ნაკლებადაა მოსალოდნელი. Snow Pallet 14 ხელოვანის პირველი მცდელობაა, რომ ინსტალაცია ამგვარ კლიმატურ ზონაში ეჩვენებინა. ამიტომაც ნამუშევრის შეხედვისას იქმნება განწყობა, რომ ტომაკომაის ხელოვნების მუზეუმის ეზოში ხელოვანის ათი მაღალი ობიექტი თოვლის მოსვლას ელოდება, თუმცა შიბუიამ ნამუშევრის განთავსებისას ისიც გაითვალისწინა, რომ ინსტალაციას სივრცე თოვლის მოსვლის გარეშეც აეთვისებინა: “ამ ობიექტს სახელი - “rainy pallet”  წვიმიან დღეს დავარქვი... შეგიძლია, რომ ინსტალაციის ზედა ფირფიტებზე კაშკაშა ფერებად მოცეკვავე წვიმის წვეთების დაინახო”, - ამბობს ხელოვანი.

 

 

უჩვეულოა, თუმცა 2022 წლის 5 იანვარს ტომაკომაიში 30 სანტიმეტრზე მეტი თოვლი მოვიდა და როგორც შიბუია განმარტავს, ეს შემთხვევა რეგიონისათვის რეკორდული მაჩვენებელია. “ამ შემთხვევაში კლიმატი მოულოდნელად შეიცვალა, ვერც კი წარმოვიდგენდი. ინსტალაციის დაბალი ობიექტები ერთ დღეში თოვლით მთლიანად დაიფარა. მას შემდეგ თოვლი ეტაპობრივად დნებოდა, ამიტომ არეკვლის ეფექტის დანახვა შევძელი”, - ამბობს შიბუია.

სერიის მომდევნო ინსტალაცია - Snow Pallet 15 ქალაქ საპოროშია წარმოდგენილი და ღია სივრცეში განთავსებულ 65 ობიექტს აერთიანებს. უახლოეს მომავალში ისიც მოსალოდნელია, რომ ტოშიჰიკო შიბუიას Snow Pallet 15-ის ობიექტები თოვლისაგან მთლიანად დაიფაროს.

ფოტო:  toshihiko shibuya



ავტორი : ანა გაბისიანი