ცნობიერი აგენტების პორტალი - ქეთი კაპანაძის გამოფენა Gallery Artbeat-ში

ხუთშაბათს, 29 აპრილს Gallery Artbeat ქეთი კაპანაძის პერსონალურ გამოფენას - "ცნობიერი აგენტების პორტალს" უმასპინძლებს, რომელიც 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. 


ქეთი კაპანაძე 1962 წელს დაიბადა და საბჭოთა პერიოდის პირველი ქართველი კონცეპტუალური არტისტია, რომელიც რადიკალურად განსხვავებული მასალისგან ქმნის თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს. ის ჯერ კიდევ 1980-იან წლებში, სამხატვრო აკადემიაში სწავლისას, მუშაობდა საკუთარ გრაფიკულ და ფოტონამუშევრებზე, რომლებიც იმ პერიოდისთვის, ხშირად თამამი მესიჯების მატარებელი იყო. მისი ესკიზები, მიუხედავად საბჭოთა ეპოქაში ცხოვრებისა, იმ დროის თემატიკით არასდროს იყო დატვირთული. სოციალურ-პოლიტიკური მოვლენები მისი ინსპირაციის წყარო არც მაშინ ყოფილა და არც შემდგომ, როდესაც ის საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა.

 Gallery Artbeat-ში გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილი ინსტალაციები ჩვენს მენტალურ სამყაროსა და ზღვარს მიღმა არსებულ უხილავ სივრცეზე გვესაუბრებიან. მხატვარი ძირითადად კონცენტრირდება ჩვენ შიგნით არსებულ გარემოსა და ემოციებზე, რომლებსაც ფიზიკური სახე არ გააჩნიათ და ნაკლებად ამახვილებს ყურადღებას მატერიალურ სამყაროზე. კაპანაძის ნამუშევრებში არსებული ნაზი ესთეტიკა დამთვალიერებლის რეცეპტორებს სიმბოლოების საშუალებით უკავშირდება და ავტორის სათქმელს პირდაპირ გადმოსცემს. 

ქეთი ამჟამად გერმანიაში, ბონში, მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები ევროპის ისეთ მნიშვნელოვან კოლექციებშია, როგორებიცაა: ბოხუმის მუზეუმი; შტუტგარტის სახელმწიფო გალერეა, კულტურის სამინისტრო, ევროპის საპატენტო ოფისი, მიუნხენი, ხელოვნების სახელმწიფო გალერეა გიოპინგენი, MMoma მოსკოვი. Gallery Artbeat კი გვაძლევს შანსს ქეთი კაპანაძის ნამუშევრები თბილისშიც ვიხილოთ.



ავტორი : ლიკა ხუნდაძე