ვეფხვის წელიწადს Gucci-მ ახალი კოლექცია და კამპანია მიუძღვნა

მოდის სახლმა Gucci-მ ვეფხვის მოტივებზე შექმნილი კოლექცია წარადგინა. ჩინური კალენდრის მიხედვით, 2022 წელი ვეფხვის წელიწადია და ბრენდის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა ალესანდრო მიკელემ 80-მდე ნივთისგან შექმნილი კოლექცია სწორედ მას მიუძღვნა.

Gucci Tiger ბრენდის მთავარ მამოძრავებელს - ბუნებას ორგანულად განასახიერებს. მრავალფეროვანი პატერნები, ფლორისა და ფაუნის მოტივები მაისურებზე, შარფებზე, ქურთუკებსა და ბრენდის ლეგენდარულ ნივთებზე - ე.წ Jackie Bag-ზე და Princetown Loafer-ზე გამოისახა. 

 

Gucci Tiger-ის დიზაინი 1960-იანი წლების მიწურულს იტალიელმა ხელოვანმა ვიტორიო აკორნერომ შექმნა. მასვე ეკუთვნის Gucci-ის ხელწერად ქცეული ყვავილოვანი პრინტების დიზაინი, რომელიც ამჯერად Tiger-ის კოლექციას  გასდევს ფონად.

 

კოლექციასთან ერთად მოდის სახლმა მომხმარებლებს ვიდეორგოლიც წარუდგინა, რომელშიც მოდელებთან ერთად კოლექციის მთავარი გმირები - ვეფხვები მონაწილეობენ.

ფოტო: GUCCI / ANGELO PENNETTA



ავტორი : მარიამ ქორიძე