Yes is More - ბიარკე ინგელსი, მოლივლივე ქალაქების არქიტექტორი

“დიდი ხანია კოსმოსი ჩვენს იდეებს ისრუტავს. როდესაც ოკეანეს ვუყურებ, ვხვდები, რომ ყველაფერს აქვს დასაბამი და დასასრული. რამდენად პატარა პლანეტაზე ვცხოვრობთ და როგორ  გაგვიმართლა, რომ შეგვიძლია  შევქმნათ ყველაფერი, რასაც  კი წარმოვიდგენთ. ჩვენ ახალი კოსმოსის აგებასაც თავისუფლად შევძლებთ”. – 46  წლის დანიელ არქიტექტორს, ბიარკე ინგელსს ყველაზე კარგად ამ სიტყვებიდან გაიცნობთ. ბოლო რამდენიმე წელია მისი სახელი ყოველთვის ინოვაციურ პროექტებთან ასოცირდება. ის მომავლის არქიტექტორია. ბიარკეს მთავარი გამოწვევა გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლაა, სწორედ ამიტომ მისი ყველა პროექტი ამ პრობლემის გადაჭრის უნიკალური მეთოდების ძიებაშია.

“ნებისმიერ არქიტექტურულ სკოლაში ისწავლი, როგორ ხატო ძალიან კარგად, მაგრამ მთავარი იდეებისკენ აცოცება თავად უნდა ისწავლო. თუ შენი იდეა  შენთვის უცნობ ადამიანებს მოსწონთ და  ისინი საერთოდ არ  გიცნობენ, ეს  უკვე ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგახარ“.

დღეს უკვე ბიარკეს იდეები და პროექტები უამრავ ადამიანს, ქალაქებს, ქვეყნებს და კომპანიებს აერთიანებს. ინგელსს სჯერა ხელოვნების, როგორც არქიტექტურის განუყოფელი ნაწილის, ებრძვის  შენობებს, რომლებიც  ქალაქის მთლიანობას არღვევს. მისთვის შენობები არის გზა ცხოვრებისთვის და საცხოვრებლად. როდესაც ასეთი მნიშვნელობის არტისტი ხარ, ყოველთვის საინტერესოა, როგორ მოგეცა  პირველი შანსი. ყველაფერი ასე დაიწყო: პერ ჰოპფნერი იყო პირველი დეველოპერი, რომელმაც ბიარკეს იდეები დაიჯერა. მისი და ბიარკეს პირველი კოლაბორაცია  საცხოვრებელი სახლის პროექტი იყო, რომლის მშენებლობაც კოპენჰაგენის თითქმის დაუსახლებელ გარეუბანში დაიგეგმა. ინოვაციურმა მიდგომამ  მთლიანად ამოაყირავა თანამედროვე  ურბანისტების შეხედულება. პირველივე დღეს 110 ბინა გაიყიდა. ეს ნიშნავდა იმას, რომ  იდეამ გაამართლა და ინგელსის ხედვებს სხვებიც იზიარებდნენ.

ბიარკეს იდეა გულისხმობდა ახალი კონცეფციის ბინას, რომელსაც ექნებოდა  საკუთარი ბაღი აივანზე  და სახურავების ნაცვლად ბავშვებისთვის გასართობი სივრცე. ეს იყო შენობა, რომელიც გააერთიანებდა ადამიანებს და ისინი არ იქნებოდნენ მხოლოდ მცხოვრებლები, ეს იქნებოდა საერთო სახლი - დაცული და უნიკალური, სრულიად ახლებური სტილის, რომელიც  არ არღვევდა  ქალაქის  მთლიან   არქიტექტურულ ხაზს. თანამედროვე  ხედვა, რომელიც  ლოგიკურად  აგრძელებდა  ძველ ტრადიციას. ბიარკეს შემოქმედებაში ეს  დეტალი აღმოჩნდა  მთავარი  გასაღები  ახალი პროექტებისთვის. პირველმა პროექტმა ბიარკეს ღიად  გაუღო  კარი ახალი შესაძლებლობებისკენ. მსოფლიოს  დიდ მეგაპოლისებში არქტიტექტურის უმსხვილესმა კომპანიებმა  მის  იდეებს  ნდობა გამოუცხადეს.

MÉCA

ბიარკეს  მთავარი ამოცანა იყო შეექმნა  ფრანგული  კულტურის  ახალი სივრცე, რომელიც  გააერთიანებდა: თანამედროვე კულტურას, კინოს, თეატრს, ექსპერიმენტულ პერფორმანსებს. შემოქმედებითი გუნდი The white cube theory-ს (თეთრი კუბის თეორია)  იდეის ირგვლივ გაერთიანდა. ასე შეიქმნა პროექტი  MECA. ძალიან კომფორტული გარემო მათთვის, ვინც  მუდმივ ძიებაშია. უყვარს დასვენება, თავგადასავლები და ბუნებრივი გარემო. ადგილი, რომელიც მუდმივად იცვლება, ვითარდება და მსოფლიოს თანამედროვე ხელოვნების ცენტრებს  შორის გამორჩეულ ადგილს იმკვიდრებს.

VIA 57 West 

ინგელსისთვის გზა ევროპიდან შტატებამდე  საკმაოდ მოკლე და მარტივი აღმოჩნდა. ბიარკეს გუნდმა  მსოფლიოს დედაქალაქში პროექტის განხორციელების უფლება მოიპოვა. იდეაზე მუშაობისას ურბანისტების როლი გადამწყვეტი აღმოჩნდა. ნებისმიერი არქიტექტორისთვის მეგაპოლისი  უდიდესი გამოწვევაა. თუ ახალმა შენობამ გარემოსთვის ღირებული არაფერი შეცვალა, ის უბრალოდ ქალაქს გადატვირთავს და ადამიანების  ყოველღიურობაში დისკომფორტს შეიტანს. ეკოლოგია, სოციალური პასუხისმგებლობა და  სრულიად ახლებური დიზაინი - ეს ის სამი ძირითადი ამოცანა იყო, რომელიც ინგელსის გუნდს უნდა გადაეჭრა. ჰადსონის ნაპირას  ბიარკეს კომპანიამ უძველესი პირამიდებისგან შთაგონებული თანამედროვე  შენობა ააგო. მულტიფუნქციური საცხოვრებელი სახლი, ნიუ-იორკის არაერთგვაროვან არქიტექტურულ ხაზს ძალიან მარტივად მოერგო. შენობა აერთიანებს  ახალი თაობის არქიტექტურას, რომელიც ცოცხალი ორგანიზმია და  მუდმივად  განახლების რეჟიმშია.

ასტანის ნაციონალური ბიბლიოთეკა

სრულყოფილი ფორმა, არქიტექტურა, ურბანისტიკა, დიზაინი და  ხელოვნება. ამ პროექტმა ასტანის (ამჟამად ნურ-სულთანი) არქიტექტურა ახალი მიმართულებისკენ შემოატრიალა. პროექტი 2008 წელს დასრულდა და აქტუალურობას დღემდე არ კარგავს. პირველი ტალღა, რომელიც სწორედ ამ შენობის აგებით დაიწყო, საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა. ნურ-სულთანისთვის  ის მომავლის არქიტექტურის დასაბამად და  განვითარების მთავარი ბიძგად გადაიქცა. სკეიტ-პარკი  სახურავზე,  დიდი  და სივრცული ბაღები, ახალი თაობის ურბანისტიკა,  ეს  ის  ერთადერთი  გზაა, რომლითაც  თანამედროვე ქალაქებს  გადარჩენა  შეუძლიათ. ლოკალური კულტურა და კლიმატი ჩვენს ხელშია,  ის, რასაც ვერ შევცლით, სამუდამოდ  დიდი შეცდომად დარჩება. ეს არის მიმართულება, რომელიც ნებისმიერი დიდი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. სწორი იდეების ირგვლივ გაერთიანება ყოველთვის მეტ შესაძლებლობას გულისხმობს. მომავლის არქიტექტორები ახალ სივრცეებს თავისუფალ  და  შეუზღუდავ  ქალაქებად გარდაქმნიან, რომელსაც კლიმატის შეცვლაც კი შეუძლია. ეს მომავალი კი სწორედ დღეს იღებს დასაბამს.



ავტორი : ნინო საბაური