ზღვარი კომიკურსა და ტკივილნარევ სიმსუბუქეს შორის - ინტერვიუ ხელოვან თამარ ბოჭორიშვილთან

ოჯახი, საზოგადოება, სხეული, სექსუალობა, ძალაუფლებაქვეცნობიერი, სიკვდილი - ეს ის თემებია, რომლებიც მუდმივი შთაგონების წყაროა მულტიმედია არტისტის - თამარ ბოჭორიშვილისათვის. მისი ხელოვნება მისივე თავის ძიებისა და შემეცნების შესახებ თხრობაა და წარსული გამოცდილების  დრამატიზმისა და მოულოდნელი მომავლის მოლოდინის არეკვლა ზედაპირზე. ხელოვანის  განსხვავებული მასალითა თუ ტექნიკით შექმნილ ყოველ ნამუშევარს ადამიანებისა და უცნობ ტერიტორიებზე შესვლის ინტერესი აერთიანებს, ისინი დრამატული კონტექსტიდან მხიარული თამაშის ფორმებში გარდაიქმნებიან, რითაც თამარი მათ შინაარსობრივ დაძაბულობას აბალანსებს და ამავდროულად, მაყურებელში დაფარულ, მტკივნეულ ემოციებსაც აღძრავს.



თამარ, რა იყო თქვენი პირველი კავშირი ხელოვნებასთან?

ბავშვობიდან  ვხატავდი, სხვადასხვა სამხატვრო წრეზე დავდიოდი და სწორედ ეს იყო საქმე, რომელიც ყოველთვის ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. დედას ყოველთვის სურდა ჩვენი - შვილების ხელოვნებაში ჩართვა, ასე დავამთავრე  მუსიკალური სკოლაც.  90-იან წლებში, როდესაც სამოქალაქო ომს აფხაზეთის ომი მოჰყვა და ყველაფერი ჩამოიშალა, მათ შორის სასკოლო სისტემაც,  გაყინულ საკლასო ოთახებში არაფერი ხდებოდა საინტერესო ჩემთვის - მაშინ გადავწყვიტე, რომ იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში ჩამებარებინა.




როგორ შეიცვალა თქვენი მხატვრული ხედვა და გამოსახვის ფორმა წლების განმავლობაში?

მახსოვს, რომ აკადემიის დასრულების შემდეგ  სულ სხვანაირად დავიწყე ხატვა. აქედან დაიწყო  საკუთარი თავით დაინტერესებისა და საკუთარი მეს აღმოჩენის სურვილი, ფიქრი იმაზე, თუ რისი კეთება მინდა სინამდვილეში. მანამდე თითქოს ინერციით მივედინებოდი და მოულოდნელად დიდი შვება ვიგრძენი, გავთავისუფლდი - ძალიან ბევრს ვხატავდი. თავიდან იმავე მასალით ვმუშაობდი, რითაც აკადემიაში, თუმცა ახალი  გამომსახველობითი ფორმებისა  და შინაარსების დამუშავების პირველი მცდელობა ნამდვილად მაშინ მქონდა. აქედან დაიწყო ძიების ის პროცესი, რომელიც დღემდე მომყვება თან და  ალბათ სწორედ ეს არის ჩემი ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი - ჩემთვის სრულიად  უცნობ ტერიტორიებზე შესვლა, რაც ერთდროულად ძალიან მაშინებს და მიზიდავს კიდეც.




არსებობს კონკრეტული თემები, რომელთა მიმართაც განსაკუთრებული ინტერესი გაქვთ და ხშირად უბრუნდებით თქვენს ნამუშევრებში?

ჩემს ნამუშევრებში შინაარსები იმის მიხედვით იცვლება, თუ რაზეა ჩემი ყურადღება ფოკუსირებული. ამას, როგორც წესი,  ყოველდღიურობა განსაზღვრავსთუმცა  ასევე არსებობენ არა მიმდინარე, არამედ რაღაც უფრო მყარი, მუდმივიჩვენს დროში გაბატონებული შინაარსები - ოჯახი, საზოგადოება, სხეული, სექსუალობა, ძალაუფლებაქვეცნობიერი, სიკვდილი - ის თემები, რომლებზეც სულ ვფიქრობ, სულ ვაკვირდებიყოველ ჯერზე, როდესაც მათ ვუბრუნდები, ისინი ახალ ფორმებსა და განსაზღვრებებს იძენენ და ახლებურ გამოსახულებასა და ნარატივებს ქმნიან ჩემს ნამუშევრებში.




თქვენი ზოგიერთი ნამუშევარი  „დრამატული კონტექსტიდან მხიარულ თამაშის ფორმებში გარდაიქმნება“, რატომ აირჩიეთ ექსპრესიის ეს სტილი?

ჩემი ნამუშევრები მტკივნეულდრამატულ გამოცდილებას ეყრდნობა და ვფიქრობ, რომ ამ შინაარსებს ყველაზე ზუსტად სწორედ რომ მსუბუქი, თამაშში გარდამავალი ფორმა გამოხატავსიუმორითა და სარკაზმით გაზავებული ნამუშევრები  შინაარსობრივ დაძაბულობას აბალანსებს და ამავდროულად, მაყურებელში  დაფარულ, მტკივნეულ ემოციებსაც აღძრავს. ეს ძალიან ფრთხილი ზღვარია კომიკურსა და მგრძნობიარე, ტკივილნარევ სიმსუბუქეს შორის, მთავარია ფეხი არ გადაგიცდეს.




მოგვიყევით თქვენი პირველი სოლო გამოფენის  შესახებ, სახელწოდებით „ძვირფასი თვალი”...

ჩემი პირველი სოლო გამოფენა გალერეა Art Beat-ის დამფუძნებლების  შემოთავაზებით დაიგეგმა, მათ დამპატიჟეს თავიანთ სივრცეში. ამ გამოფენისთვის შექმნილი ნამუშევრების სერია  მთაში მოპოვებული ძვირფასი ქვების მიმართ ჩემი დიდი ინტერესის ვიზუალიზაცია იყო. პორტრეტებში ჩემ მიერ მოქარგულ-მოხატული ძვირფასი ქვები თვალების მაგივრად ჩავსვი. ეს იყო ერთგვარი შედარება, ძვირფასი თვალისა და ადამიანის თვალის, როგორც ინფორმაციისა და ენერგიის შემნახველი და მასხივებელი ობიექტისა. ამას დაემატა სხვა ნამუშევრებიც და ასე გაჩნდა ამ გამოფენის ექსპოზიცია, რომელშიც ასევე ჩემ მიერ შექმნილი ის სხვა მცირე ზომის ობიექტებიც იყო წარმოდგენილი, რომლებსაც სინთეტიკური თიხისა  და მეორადი სათამაშოების  ნაწილებისაგან ვაწყობ, ეს მათ ბრუტალურობას უსვამს ხაზს. ჩემს სკულპტურებში დაკვირვებული თვალი თამაშის მიღმა აუცილებლად ამოიკითხავს იმ ტკივილს, რასაც ეს კონვულსიური, ფრანგმენტული სხეულები  გამოხატავენ.




თქვენ მულტიმედია ხელოვანი ხართ, შესაბამისად, თქვენი ნამუშევრები მრავალ სხვადასხვა მედიუმშია შესრულებული - რომელ მასალაშია  მუშაობის პროცესი თქვენთვის გამორჩეულად სასიამოვნო?

ჩემთვის მასალა უმნიშვნელოვანესია და კომფორტულობასთან არ იგივდება, უფრო პირიქით, მასალა, რომელიც მეწინააღმდეგება, მეტ ინტერესს იწვევსასეთ დროს პროცესი უფრო ხანგრძლივი და თერაპიულია. მასალასთან მუშაობის დროს ხანგრძლივ და სასიამოვნომკურნალობისპროცესს გავდივარ.




როგორ დაახასიათებდით თქვენს შემოქმედებას,  რა არის ის ძირითადი თემატიკა ან თუნდაც სახასიათო დეტალი, რაც თქვენს ნამუშევრებს აერთიანებს?

ჩემი შემოქმედება ჩემი თავის ძიებისა და შემეცნების შესახებ თხრობაა, ისინი წარსული გამოცდილების  დრამატიზმისა და მოულოდნელი მომავლის მოლოდინის შესახებყვებიან, დრამატული კონტექსტიდან მხიარულ თამაშის ფორმებში გარდაიქმნებიან. მიუხედავად განსხვავებული მასალისა და ტექნიკისა,  მათ ადამიანის მიმართ ინტერესი აერთიანებთ, ეს კი  ყოველ კომპოზიციაში ხაზგასმული და წამყვანია.




არსებობს თქვენ მიერ განხორციელებული კონკრეტული პროექტი ან შექმნილი სერია, რომლითაც ყველაზე უკეთ შეძლებდით თქვენი ხელწერისა თუ სტილის რეპრეზენტაციას ან უბრალოდ გამორჩეულად საყვარელია თქვენთვის?

ამ შემთხვევაში ჩემს ბოლო გამოფენას  - ძვირფასი თვალიდავასახელებდი. ვფიქრობ, ამ გამოფენაზე სრულად იყო წარმოდგენილი ის, რასაც ბოლო წლებია ვაკეთებ, ვინაიდან აქ გამოფენილი ჩემი ნამუშევრები სტილისტურად, მხატვრულად თუ შინაარსობრივადზუსტად გამოხატავდნენ ჩემს ხედვას. რაც  შეეხება ჩემთვის მნიშვნელოვან გამოფენას, 2017 წელს  გალერეა „ნექტარში“ ჯგუფურ შოუს გამოვარჩევდი, რომელიც ჩემს  საეტაპო გამოფენად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ  მანამდე არაერთ გამოფენასა თუ პროექტში მიმიღია მონაწილეობა.




და ბოლოს, ამჟამად რაზე მუშაობთ და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

კონკრეტული სამომავლო გეგმები მაქვს, ამჟამად კი სახელოსნოში ვმუშაობ ნამუშევრების ახალ ციკლზე. ზოგადად და ახლაც ჩემი მუშაობა ორ ძირითად ნაწილს მოიცავს - პირველი ეს არის ფიქრის ნაწილი, რასაც უდიდეს დროსა და ენერგიას ვუთმობ. ფიქრის დროს გონებით ვხედავ, რა მინდა გავაკეთო, რა მასალები უნდა დავამუშაო და .. ხოლო მეორე ნაწილი ეს არის ფიზიკური მუშაობა. ამ დროს ვიწყებ  მასალების ან ხერხების კვლევას და პატარა ნამუშევრებს ვაკეთებ, რასაც შემდეგ უკვე დიდი ზომის ნამუშევრები მოჰყვება, რომლებიც  მაქსიმალურად ორგანიზებული და  ნაკლებად სპონტანურია. ისეთი, რომ დიდი ალბათობით ვიცი, რა უნდა გამოვიდეს, თუმცა ესეც ცოცხალი პროცესია და ამ პროცესში  ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.  ჩემი  ცხოვრების ბოლო თვეებში  მძიმე და ტრაგიკულ ფაქტებთან გამკლავება მიწევს, რაც ჩემს მიმდინარე ნამუშევრებშიც აისახება.



ავტორი : ანი კლდიაშვილი