ჟაკ რივეტი - კინო რეჟისორის გარეშე

ჟაკ რივეტის სახელი ჟურნალ “კაიე დუ სინემასა“ და ფრანგულ ახალ ტალღას უკავშირდება, თუმცა, თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, როგორებიც არიან, მაგალითისთვის, ერიკ რომერი ან ჟან-ლუკ გოდარი, მისი კინო მეინსტრიმული არ გამხდარა, მეტიც, ბევრ ქვეყანაში მისი მხოლოდ რამდენიმე ფილმის ჩვენება გაიმართა. ამის მიზეზი, ალბათ, რივეტის განსხვავებული მიდგომაა კინემატოგრაფის მიმართ: მისი ფილმები ტრადიციული ნარატიული კინოს ნორმებში არ ჯდება, დასმული კითხვები ხშირად პასუხგაუცემელი რჩება, მთავარ პრინციპს კი იმპროვიზაცია წარმოადგენს.



კინოზე ბავშვობიდან შეყვარებული ჟაკ რივეტი 1949 წელს საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, სადაც ერიკ რომერი, ჟან-ლუკ გოდარი, ფრანსუა ტრიუფო და კლოდ შაბროლი გაიცნო. ფრანგული ახალი ტალღის „დიდმა ხუთეულმა“ 1950 წელს კინემატოგრაფიულ ჟურნალში, „კაიე დუ სინემაში“ დაიწყო მუშაობა, რომელიც, უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა გახდა ფრანგული კინოს ისტორიაში. 60-იანების დასაწყისში ჟურნალი ორ ნაწილად გაიყო: პირველი მხარე ერიკ რომერის მხარდამჭერთა ჯგუფს წარმოადგენდა, ხოლო მეორე - რივეტისას. ეს „ბრძოლა“ კლასიკურ „თაობათა შორის დაპირისპირებას“ ასახავდა, სადაც რივეტის მხარდამჭერებმა გაიმარჯვეს და ჟურნალის მთავარი რედაქტორიც თავად გახდა. რომერის რედაქტორობისას ჟურნალს  კონსერვატიული რაკურსი ჰქონდა აღებული, ტოლერანტული იყო მემარჯვენე მხარის მიმართ; ამის პარალელურად, რივეტის მთავარ რედაქტორად დანიშვნამ ჟურნალი რადიკალური მემარცხენე პოზიციის მიმართულებით წაიყვანა. 



ჟურნალის პოპულარობა ფრანგულ კინოში ახლებური მიდგომების დანერგვამაც გამოიწვია. ერთ-ერთი მათგანი იყო ფრანსუა ტრიუფოს მიერ შემუშავებული „საავტორო კინოს თეორია“, რომლის თანახმადაც, ფილმის შექმნისას ძირითადი შემოქმედებითი ბირთვი რეჟისორია, ხოლო ოპერატორი, მხატვარი, კომპოზიტორი და სხვ. მის დამხმარე ძალას წარმოადგენენ. ნააზრევს უპირისპირდება ჟაკ რივეტი, რომელიც ამბობს, რომ ფილმში ავტორი არ არსებობს და რეალურად, ფილმი მისი შექმნის დაწყებამდეც ცოცხლობს დამოუკიდებლად. იმპროვიზაცია, როგორც რივეტის ფილმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი, სწორედ ავტორის, უფრო კონკრეტულად კი, რეჟისორის ფიგურის მოშლას ემსახურება, რათა ფილმი ადამიანების ერთმანეთთან ინტერაქციით შეიქმნას და ავტორის სათქმელიც მასში გაიბნეს. 

რივეტის ფილმები ქრონომეტრაჟის სიგრძით, მისტიკურობითა და თეატრის სიყვარულით გამოირჩევა - მის ფილმებში ხშირად შევხვდებით თეატრის მსახიობებს, რომლებიც სპექტაკლისათვის რეპეტიციას გადიან. რეჟისორის ფილმებზე დიდი გავლენა მოახდინა კლასიკურმა ჰოლივუდმა, განსაკუთრებით, ნიკოლას რეიმ და ჰოვარდ ჰოუქსმა, რომელთა კინოზეც რივეტი „კაიე დუ სინემაში“ წერდა.




1957 წელს რივეტმა მუშაობა დაიწყო თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმზე,  სახელწოდებით „პარიზი ჩვენ გვეკუთვნის“, რომელიც  1961 წელს გამოვიდა. ფილმი ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტზე მოგვითხრობს, რომელიც ახალგაზრდების ჯგუფს დაუმეგობრდება. ჯგუფი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ადამიანებისგან შედგება - ვხედავთ მხატვრებს, ინტელექტუალებს, ემიგრანტებს… ამბავი იწყება მაშინ, როცა ენი  წვეულებაზე მოხვდება, სადაც განხილვის მთავარი თემაა მათი მეგობრის, ახალგაზრდა და ნიჭიერი კომპოზიტორის, ხუანის თვითმკვლელობა. ფილმი მრავალ ისეთ ელემენტს შეიცავს, რომლებმაც შემდგომში რივეტის შემოქმედება განსაზღვრა და მისი ხელწერის განუყოფელი ნაწილი გახდა,  მაგალითად,  პერსონაჟი ქალების თვალთახედვის გამოკვეთა, თეატრისა და სპექტაკლების დადგმის პროცესის მიმართ ინტერესი, კონსპირაციული თეორიები… 




1971 წელს გამოვიდა რივეტის მაგნუმ ოპუსი, 13-საათიანი ნამუშევარი - „არ მომეკაროთ“, რომლის თანარეჟისორი სიუზენ შიფმანია. იგი ონორე დე ბალზაკის ნაწარმოებით - „ადამიანური კომედიითაა“ შთაგონებული.   ფილმში ნაჩვენებია ორი მთავარი პერსონაჟი, რომლებიც სხვადასხვა თეატრში ესქილეს ორ განსხვავებულ პიესას  დგამენ, მასში ერთ-ერთ მთავარ როლს ცნობილი ფრანგი მსახიობი, ჟან-პიერ ლეო ასრულებს. რივეტის ამ ნამუშევარში ყველაზე მეტად იგრძნობა მისი იმპროვიზაციისადმი სიყვარული, რაც იმაში გამოიხატება, რომ გადაღებებისას რეჟისორი სცენარს არ იყენებდა, ხოლო პერსონაჟების განვითარება მთლიანად მსახიობებზე იყო დამოკიდებული. 




რივეტის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმია „სელინი და ჯული სათევზაოდ მიდიან“ (1974), რომელიც შესაძლოა, რეჟისორის თვალთახედვის გაცნობის საუკეთესო გზად მივიჩნიოთ: მთავარი პერსონაჟები მეგობრები - სელინი და ჯული არიან. სელინი მეოცნებე ბიბლიოთეკარია, ხოლო ჯული კი - ამოუცნობი ჯადოქარი. ფილმში ყველაზე მთავარი წარმოსახვაა, მაყურებელს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ აქ თითოეული კადრი რაღაც თამაშის, ან ზღაპრის ნაწილია. რივეტი შესანიშნავად ახერხებს, შექმნას უნიკალური სამყარო და ისტორია, რომელშიც მთავარი როლს არა რეჟისორი, არამედ თავად ამბავი ასრულებს.




რივეტი იღებდა ლიტერატურული ნაწარმოებების ადაპტაციებსაც და, მისი სხვა ფილმებისგან განსხვავებით, ადაპტაციაზე მუშაობისას იგი სწორხაზოვანი იყო; ცდილობდა, მთელი სიზუსტით გადმოეცა კონკრეტული ნამუშევარი. მის ადაპტაციებს შორისაა „მონაზონი“ (1966), რომელშიც მთავარ როლს ანა კარინა ასრულებს. იგი დენის დიდროს რომანის მიხედვითაა გადაღებული და მოქმედება ახალგაზრდა ქალის,  სუზანის გარშემო ვითარდება, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, მონაზონი გახდეს. ფილმის გამოსვლას საფრანგეთში სკანდალი მოჰყვა - კათოლიციზმის კრიტიკის გამო იგი ერთი წლით დაბლოკეს. საბოლოოდ, კულტურის მინისტრის თანხმობით, ფილმის ჩვენება 1966 წლის კანის კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც „ოქროს პალმის რტოც“ მიიღო. 

ჟაკ რივეტს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ფრანგული ახალი ტალღის შეუცვლელი ფიგურაა (ფრანსუა ტრიუფო ამბობდა, ფრანგული ახალი ტალღა ჟაკ რივეტის წყალობით შეიქმნაო), მისი კოლეგებისგან განსხვავებით, საკმარისი აღიარება არ მოუპოვებია, თუმცა, მის შემოქმედებაში არ აისახება მეინსტრიმული კინოს ნაწილად ყოფნის სურვილი - 13-საათიანი ფილმის გადაღება, მგონი, ამის დამამტკიცებელ საბუთად გამოდგება. ფრანგი მსახიობი და ჟან-ლუკ გოდარის მუზა, ანა კარინა მასზე ამბობდა: „...რივეტთან მუშაობა მომწონდა, სახალისო იყო - არაფრით ჰგავდა ჟან-ლუკ გოდარს. აკურატული იყო, ზედმიწევნით მუშაობა უყვარდა, რის გამოც ოპერატორს ყოველწამს უხდებოდა გადაღების შეწყვეტა. შესაძლოა, ერთი და იგივე კადრი ხუთი დღის განმავლობაშიც რამდენჯერმე გადაეღო“.



ავტორი : ანი შამათავა