ჟულიენ პებრელის ფოტოპროექტი აფხაზეთიდან

ჟულიენ პებრელი უკანასკნელი 10 წელია, რაც ფოტოგრაფად მუშაობს, თუმცა მისი კარიერა მრავალ სფეროს მოიცავს - პებრელის თავდაპირველი პროფესია გამოთვლითი მექანიკაა, მაგრამ მას შემდეგ, რაც შვეიცარიელი მოგზაური მწერლების - ნიკოლა ბუვიესა და ელა მაიარის ნამუშევრებს გაეცნო, გადაწყვიტა, რომ თვითონაც დაეწყო მოგზაურობა და დოკუმენტურ ფოტოგრაფიას გაჰყოლოდა. 

2008 წელს პებრელმა მოგზაურობა რუმინეთით დაიწყო, სადაც ჟურნალისტ ფრანსუა მასპეროსა და ფოტოგრაფ კლავდიი სლუბანს შეხვდა. პებრელის პირველი ფოტოები სწორედ სლუბანის გავლენითაა გადაღებული და მის შავ-თეთრ, ფირისმაგვარ ესთეტიკას იმეორებს, თუმცა ფოტოგრაფმა მალევე იპოვა ინდივიდუალური სტილი, პარიზში ფოტოგრაფიის კურსი გაიარა და 2011 წელს სააგენტო MYOP-ის შეუერთდა. 

როგორც ფოტოგრაფი ინტერვიუებში აღნიშნავს, მისთვის განსაკუთრებით საინტერესოა რუკაზე დაკვირვება და ახალი ადგილების აღმოჩენა. სწორედ ინტერესმა და დაკვირვების სურვილმა გადააწყვეტინა მას კავკასიის კონფლიქტური რეგიონების - მთიანი ყარაღახისა და აფხაზეთის გადაღება. 

აფხაზეთის პროექტზე მუშაობისას ჟულიენ პებრელი საქართველოში ჩამოვიდა, ეცადა მაქსიმალურად გარკვეულიყო ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ისტორიაში, შეხვდა იძულებით გადაადგილებულ ათასობით ქართველს და გადაიღო ფოტოები, რომლებიც რეგიონის უცნაურ, დისტოპიურ ატმოსფეროს გადმოსცემს. 

თუმცა აფხაზეთიდან დაბრუნების შემდეგ, როდესაც ის კიდევ ერთხელ შეხვდა აფხაზეთიდან დევნილ ქართველებს, მიხვდა, რომ ამ ადამიანებისთვის განსაკუთრებით საინტერესო არა რეგიონის ბუნება ან ატმოსფერო, არამედ საცხოვრებელი იყო, 30 წლის წინ მიტოვებული ცხოვრება და სახლები, რომელთა ბედიც პატრონებისთვის დღემდე უცნობია, ამიტომ ფოტოგრაფს გაუჩნდა სურვილი, რომ კიდევ ერთხელ დაბრუნდეს აფხაზეთში და მისი არა მითური, არამედ რეალური სახე გადაიღოს. ამასთანავე ის თამარ კალანდაძესთან ერთად თბილისში დოკუმენტურ ფილმზე მუშაობს იძულებით გადაადგილებული ადამიანების შესახებ.

პებრელი აფხაზეთის სერიაში გადმოსცემს იმ კვალს, რაც რეგიონს ომმა 30 წლის წინ დაამჩნია, სისასტიკის ისტორიას, რომელსაც შენობების ნანგრევები, მოუწესრიგებელი სანაპიროები და დაზიანებული ქანდაკებები ინახავს, დროს, რომელიც აფხაზეთში თითქოს 1992 წელს გაიყინა და ამბავს იმისა, თუ როგორ იქცა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეგიონი პრაქტიკულად მიტოვებულ ადგილად.

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

ფოტო: Julien Pebrel, MYOP