თანამედროვე გერმანული კინომატოგრაფის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ვიმ ვენდერსი არაერთი გენიალური კინოსურათის, ვიზუალური ესეს, მოკლემეტრაჟიანი ფილმის და რაც არანაკლებ საინტერესოა, ათასობით  ფოტოს ავტორია. მრავალწლიანი და ძალიან მდიდარი შემოქმედებითი ცხოვრების შესაბამისად, რეჟისორსა და ფოტოგრაფს უამრავი პრიზი, მათ შორის კინოაკადემიის ნომინაცია საუკეთესო დოკუმენტური სურათისთვის, BAFTA და ოქროს პალმის რტო აქვს მოპოვებული. 1996 წლიდან ის აგრეთვე ევროპული კინოაკადემიის პრეზიდენტიცაა, რომლის სახელითაც ბევრ სხვადასხვა საინტერესო საქმიანობას ეწევა.


 




მიუხედავად იმისა, რომ ვიმ ვენდერსი მრავალმხრივი და მრავალფეროვანი ხელოვანია, მის სახელთან ყველაზე ხშირად მაინც თანამედროვე გერმანული კინო ასოცირდება, რომელიც ვენდერსმა 1960-იანი წლების ბოლოს დაიწყო. მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი 1970 წელს გამოსული Summer in the City იყო, რომელსაც მალევე მოჰყვა ე.წ. Road Movie - ტრილოგიის პირველი ფილმი ალისა ქალაქებში. ფილმის მთავარი გმირი, ჟურნალისტი ფილიპი სინამდვილეში რეჟისორის ეკრანული პროტოტიპია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობას იწყებს, ერთი თვის შემდეგ კი, სამსახურში დაბრუნებული, სტატიის ნაცვლად რედაქტორს მის მიერ გადაღებულ პოლაროიდებს სთავაზობს. ფილიპ ვინტერის პერსონაჟი ძალიან ჰგავს ფოტოგრაფ ვიმ ვენდერსს, 1970-იან და 80-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურ რეჟისორს, რომელმაც თვალით ნანახი ამერიკული ფერები არა მხოლოდ ფილმში -"პარიზი, ტეხასი", არამედ ჯერ ათასობით პოლაროიდში, შემდეგ კი მათგან შექმნილ ფოტოალბომ Instant Stories-ში გააერთიანა.

შემთხვევითი არ არის ის, რომ მის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ძალიან ხშირად მართლაც შემთხვევითი ადგილებია გამოსახული - გზები, ავტომაგისტრალები, ამერიკული სასტუმროები და უდაბნოები, სადაც მხოლოდ ავტოგასამართ სადგურებს თუ შეხვდები, ისიც ძალიან იშვიათად. შემთხვევითი არ არის იმიტომ, რომ ვიმ ვენდერსი არა მხოლოდ თავის რეალურ ცხოვრებაში, კინოშიც ყოველთვის გზაზე დგას და უკან მიჰყვება თავის გმირს, რომელიც  “ალისას ქალაქებში” ფილიპ ვინტერის თუ “ტეხასი, პარიზში” ტრევისის მსგავსად, დაუსრულებელ გზებზე რაღაცას ან ვიღაცას ეძებს.

კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ფილმი, რომელიც ვიმ ვენდერსის კამერას ეკუთვნის, არის Wings Of Desire. ფილმი, რომელმაც 1984 წელს კანის კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო მოიგო, შავ და თეთრ ფერებში უკვდავი ანგელოზების მარადიულ ცხოვრებას გვიჩვენებს, რომლებიც ჩვულებრივი მოკვდავების ფიქრებში სიკვდილისა და მარადიული სიცოცხლის მნიშვნელობის ძიებაში არიან. საინტერესოა, რომ ამ ფანტასტიკური ელემენტებით გაჯერებულ ფილმში, ფანტასტიკურ მუსიკოსს, ნიკ ქეივს და მის ცოცხალ შესრულებასაც ვხვდებით.




ამ გენიალური ნამუშევრების გარდა ვიმ ვენდერსი არაერთი ძალიან საინტერესო დოკუმენტური კინოსურათის ავტორიცაა, მათ შორის  ბრაზილიელი ფოტოგრაფის, სებასტიაო სალგადოს შესახებ გადაღებული ფილმისა "დედამიწის მარილი", რომელიც 2014 წელს ნომინირებული იყო ოსკარზე და რომელმაც სპეციალური პრიზი მოიპოვა კანის კინოფესტივალზე. აქტიური სარეჟისორო კარიერის პარალელურად ვიმ ვენდერსის შემოქმედება მის ფოტოგრაფიულ ნამუშევრებსაც აერთიანებს, რომლებთანაც თავის მხრივ ძირითადად მოგონებების, დროისა და ნოსტალგიის მქონე შინაარსი აქვთ საერთო. გარდა პოლაროიდებისა, ვიმ ვენდერსის ყველაზე ხანგრძლივი ფოტოგრაფიული პროექტი Pictures from the Surface of the Earth, რომელიც 80-იან წლებში “პარიზი, ტეხასის” გადაღებებიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო, ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში გაგრძელდა.