მუქი, კონტრასტული ფერებით დანახული ეგოიზმი, შინაგანი სიცარიელე, შემოქმედებითი სირთულეები და ურთიერთობის დინამიკა არსად ყოფილა ისეთი სტილისტური, როგორიც ამერიკელი დიზაინერისა და რეჟისორის, ტომ ფორდის ნამუშევარში - “ღამის ცხოველები”. ატმოსფერული კინემატოგრაფიითა და ნეო-ნუარის ჟანრობრივი ელემენტებით ტომი ამბავში შეისწავლის სინანულს, მატერიალიზმისკენ მიდრეკილებასა და შურისძიებას, როგორც ადამიანის ცალკეულ იმპულსებს. ბნელი, გლამურული ვიზუალი იქნება, მთავარი მოქმედი გმირის, სუზენის, დახვეწილი და თვალშისაცემი ჩაცმულობა თუ მოდერნისტული არქიტექტურა, რეჟისორულ ხედვასთან ერთად კომპოზიციას ყოველ ნაბიჯზე ეტყობა ფორდის დიზაინერული აღქმაც.
პიროვნული სიცარიელითა და ფასადური სიმდიდრით დაღლილი არტ-გალერეის მფლობელი, სუზენი, მოულოდნელად ყოფილი ქმრისგან მისთვის მიძღვნილი წიგნის ხელნაწერს იღებს, რომელიც დამთრგუნველ მოვლენებსა და ოჯახზე ძალადობრივი თავდასხმის ამბავს აღწერს. წიგნის კითხვასთან ერთად სუზენს სევდა და დანაშაულის გრძნობა იპყრობს, მალევე კი წარსულსა და თავის ეგოცენტრულ, დამაფიქრებელ გადაწყვეტილებებს იხსენებს. “ამბავი თანამედროვე სამყაროსა და მასში მცხოვრები გმირის ექსტრემალურ წერტილამდე აყვანაა”, - ამბობს ფორდი, რომელიც ნამუშევარში ბრწყინვალედ აღწერს ორი პიროვნების პრობლემებს, მათ ცალმხრივ ღირებულებებს, განსხვავებულ ხედვასა და ურთიერთსაწინააღმდეგო სურვილებს. ამ თემატური ხაზის წამყვან ელემენტად კი რეჟისორი ფილმში ემოციურ შურისძიებას ირჩევს.
ნამუშევარი ჟანრობრივად კომპლექსურია. ამბავი, რამდენადაც გმირის შესწავლა და მისი გადაწყვეტილებების ანალიზი, იმდენად მეტა კომენტარია, რომელიც შემოქმედებითი ინდუსტრიის სტანდარტებსა და მატერიალური კეთილდღეობის იდეალიზებას აკრიტიკებს. “სუზენი საზოგადოებრივ მოლოდინებს იზიარებს, საბოლოდ კი თვითონვე მათი მსხვერპლია. აქვს წარმატებული კარიერა, მატერიალურადაც ყველაფერი გააჩნია, თუმცა გზად მისთვის ფუნდამენტურ ღირებულებებს კარგავს, ამიტომ ზედაპირული, შინაგანად კი ყოველთვის უკმაყოფილოა”, - ფორდი ამ სიტყვებით მთავარ პერსონაჟს ახასიათებს, რომლის სიუჟეტური ასპექტები მეტწილად მისივე პირად გამოცდილებას ეხმიანება. “ღამის ცხოველები” როგორც ფსიქოლოგიური დაკვირვება, ისე გოთიკური თრილერი, რეჟისორის თქმით კი - “თანამედროვე გამაფრთხილებელი ზღაპარია”.
ნარატივი ორად იყოფა და ედუარდის წიგნში განვითარებულ მოვლენებს, როგორც ფიქციას, ამავდროულად კი სუზენის რეალურ სამყაროს აღწერს. ორ მედიუმს შორის სვლას ფორდი კადრის დინამიკური ჭრისა და სხვა მიმზიდველი ვიზუალური მეთოდებით ახერხებს. ნატურალისტური შესრულება და სუზენის ხედვით წარმოდგენილი წიგნის სამყარო მაყურებელს ორივე ამბის მიმართ ინტერესს უღვივებს, თუმცა მათ შორის რომელი უფრო მეტად საინტერესო იქნება, თავად ჩვენზეა დამოკიდებული.
თხრობის ერთ-ერთ ფორმად ფორდი სიმბოლიზმს იყენებს. კომპოზიციაში კონკრეტული ნივთისა და ფერის გამოყენებით ეპიზოდებს განსხვავებული შინაარსობრივი დატვირთვა ენიჭებათ. წითელი ფერი, როგორც მატერიალური კეთილდღეობისაკენ სწრაფვის სიმბოლო, კადრში ორმაგი მნიშვნელობით პირველად მაშინ ფიგურირებს, როცა სუზენი ხელნაწერის გახსნისას თითს იჭრის. წითელია გმირების ცარიელ საცხოვრებელში მდგარი სავარძელიც, ისევე როგორც სუზენის სამუშაო ინტერიერი. შედარებით ცხადია კედლის ნახატი სქელი წარწერით “შურისძიება”, რომლის დანახვაზეც სუზენი იბნევა, გამოსახულებას უსიამოვნოდ აკვირდება, შემდეგ კი, როცა კითხულობს, საიდან აქვთ გალერეაში ეს კონკრეტული ნამუშევარი, პასუხობენ, რომ რამდენიმე წლის წინ მან ის თავად შეიძინა.
ამბის მთავარი აქცენტი ურთიერთობის ნათელი პერიოდის ნაცვლად, წყვილს შორის გაუგებრობა, კამათი და ერთმანეთისადმი გაჩენილი უარყოფითი დამოკიდებულებაა.
ფორდი ფილმის ერთ-ერთი კონფლიქტის სცენაში არაჩვეულებრივი სიზუსტით აღწერს სუზენისა და ედუარდის განსხვავებულ მოცემულობას, რომლითაც ისინი სამყაროს აღიქვამენ. სუზენი რეალისტია, ედუარდი კი რომანტიკოსი, გმირების ასეთი იდეოლოგიით კი ავტორი თანამედროვე სამყაროსთვის რელევანტურ კითხვებს სვამს: რამდენად სწორია თავის შემოქმედებისთვის მიძღვნა? სწორია თუ არა გაქცევა, როგორც პრობლემის გადაჭრის გზა? ერთი რამ, რასაც ნამუშევარი შეისწავლის, ის ნეგატიური მიდრეკილებაა, რომლის დროსაც პიროვნება ცდილობს, ძვირფასი ადამიანის შექმნილ ვერსიას მოერგოს, ისეთი იყოს, როგორადაც მეორე ნახევარს წარმოუდგენია. სუზენი ამბავში სწორედ ამის წინააღმდეგია, პრობლემის მოგვარებას კი ადამიანის მიტოვებას ამჯობინებს. რეჟისორის სიტყვებით, “ფილმის მთავარი ფოკუსი ლოიალურობაა. იმ ადამიანების პოვნა ცხოვრებაში, ვინც გვჭირდება, შემდეგ კი გააზრება, რომ მათი შენარჩუნება მნიშვნელოვანია”.
ერთდროულად თვალისმომჭრელი და შემაძრწუნებელი ნამუშევარი გამოსვლისთანავე ორგვარი კრიტიკის საგნად იქცა. თუკი ნაწილი მის აზრობრივ დატვირთვას “მნიშვნელოვანსა და ახლებურს”, ხოლო ვიზუალს “მომაჯადოებელს” უწოდებდა, ზოგიერთმა ფილმის ძირითადი იდეა ზედაპირულობაში დაადანაშაულა და შეფასებისას “ლამაზი, თუმცა საბოლოოდ ცარიელი” უწოდა, რაც, ერთი მხრივ, სწორედ ისეთი კომენტარია, როგორადაც თავად ფილმი აღიქვამს მთავარი პერსონაჟის ცხოვრებას.
სიმეტრიული კომპოზიცია, მისტიკური ელფერი, რაც მოვლენათა სიუჟეტურ ხაზს თან სდევს, გმირთა დახვეწილი ფსიქოტიპები და მატერიალიზმის თანამედროვეობაში აღწერა ნამუშევრის მთავარი ელემენტებია, ტომ ფორდის რეჟისორულ ნიჭს კი ცხადად დაგვანახვებს. საინტერესოა, რომ დიზაინერმა ფილმის გადაღებისას არცერთი თავისი ბრენდის ტანსაცმლის გამოყენება არ მოინდომა, ის შემოქმედებითი ნიმუშები კი, რომლის გარშემოც ამბის სხვადასხვა ეტაპზე სუზენს მოძრაობა უწევს, ნამდვილ არტისტთა ნამუშევრებია.
შემოქმედებასა და ემოციურ შურისძიებაზე აგებული ზღაპრის დასკვნითი ნაწილი შინაარსობრივად ირონიული, ვიზუალურად კი მომნუსხველი და ბრუტალურია. გმირთა სიუჟეტური ხაზის კულმინაცია ერთი შეხედვით სამართლიან, თუმცა ამავდროულად, უხეშ და სევდიან ფორმას იღებს. ამბის დასასრული საბოლოოდ არავის არაფერს პატიობს, შემოქმედებითი ნიჭი კი, არცთუ გასაკვირად, შურისძიების მთავარ იარაღად იქცევა. სამყარო “ღამის ცხოველებში” რამდენადაც მიმზიდველი, იმდენად ცივი და ულმობელი რჩება. რაში გამოიხატება კაცის სიძლიერე? ეგოიზმია თუ არა ურთიერთობიდან გაქცევა? არსებობს იმის შანსი, ყველა შვილმა მშობლის შეცდომები გაიმეოროს? ბოლო კადრით ფორდი ყველა ამ სადავო კითხვას სუბიექტურად პასუხობს, მტკივნეული თვითრეალიზების პირას მყოფი გმირი კი მაყურებელში მოულოდნელ სიმპათიას იწვევს.
დაწერე კომენტარი