დახვეწილი დინამიკისა და ინდივიდუალიზმის მატარებელი შემოქმედებითი ხედვა ცოტას თუ ესადაგება ისე ცხადად, როგორც საბჭოთა ეპოქაში მოღვაწე ქართველ მხატვარს, პეტრე ოცხელს. “ახალგაზრდა ნოვატორი”, “ბიჭი, რომელიც ეპოქას უსწრებდა” “საქართველოს ავანგარდისტი” - ოცხელის სახელი ქართულ ისტორიაში დღემდე არაერთ ინტერპრეტაციას იწვევს. თავისუფალი ფორმების ძიება, ჰარმონიისა და ექსცენტრიზმის თანაარსებობა, უმთავრესად კი თანდაყოლილი ნოვატორული ტენდენციები მხატვრის ის სახასიათო ნიშნებია, რომლებიც მის შემოქმედებაში მთავარ ღერძად იქცევა.

ოცხელი 1907 წელს ქუთაისში, შეძლებული კათოლიკების ოჯახში დაიბადა, შვიდი წლიდან კი მოსკოვში ცხოვრობდა. ბავშვობაში დედას თეატრში ხშირად დაჰყავდა, იქიდან დაბრუნებული პეტრე კი თავისი ინტერპრეტაციით სპექტაკლის ჩანახატებსა და პერსონაჟთა მაკეტებს ქმნიდა. სამომავლო გატაცებებზე განსაკუთრებული გავლენა სწორედ ოჯახის თეატრისადმი ინტერესმა  იქონია. ცამეტი წლის ოცხელი საქართველოში, კულტურული ცვლილებებისა და ახლად გაღვიძებული ხელოვნების ქვეყანაში ბრუნდება. ხატვით გატაცებული  სკოლასთან ახლოს,  სამხატვრო სტუდიაში დადის. მისი პირველი მასწავლებელი ივანე ჭეიშვილია, სკოლის დამთავრების შემდეგ კი, ორი წლის განმავლობაში (1927-1928), სამხატვრო აკადემიაში  აგრძელებს სწავლას. პეტრეს მამა, რომელიც არქიტექტორი იყო, შვილს ურჩევდა, პროფესიად არქიტექტურა აერჩია, თუმცა ხატვითა და თეატრით გატაცებულმა, მამის რჩევაზე უარი თქვა. 


1928 წელს ოცხელი ქუთაისის ქართული დრამის სახელმწიფო თეატრში კოტე მარჯანიშვილმა მიიწვია, მალევე კი მთავარ მხატვრად დანიშნა. თეატრში მოღვაწეობა პეტრესთვის გარდამტეხი აღმოჩნდა, წლების შემდეგ ბევრი კითხულობდა, რატომ არ მიუძღვნა თავი ოცხელმა მთლიანად მხატვრობას, პასუხს კი სწორედ თეატრში გატარებულ დროსა და იქ გაცნობილ მნიშვნელოვან ადამიანებთან მივყავართ. ოცხელი განსაკუთრებით ელენე ახვლედიანთან, სესილია თაყაიშვილთან და დავით მაჭავარიანთან მეგობრობდა, ისიც ნათქვამია, რომ  მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე არაერთხელ ქცეულა მისი ესკიზების შთაგონების წყაროდ... დადებითი განწყობის მიუხედავად, არსებობდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც კოტე მარჯანიშვილის გადაწყვეტილებას პატივს არ სცემდნენ, მეტიც, ზოგიერთი ოცხელს “ქუჩიდან მოყვანილ ბიჭს” ეძახდა, თუმცა მხატვარმა თავისი ენთუზიაზმითა და კეთილგანწყობით მალევე ყველა თანამშრომელთან მეგობრული ურთიერთობა დაამყარა. ოცდაათიან წლებში ქუთაისის თეატრში ოცხელის კოსტიუმებით უამრავი სპექტაკლი დაიდგა, მათ შორის - “ოტელო”, “ბეატრიჩე ჩენჩი”, “მუნჯები ალაპარაკდნენ” და “ყაჩაღები”.

 

 

ახლო ურთიერთობა და საერთო იდეალები აკავშირებდა კოტე მარჯანიშვილთანაც, რომელიც ერთ-ერთ წერილში ოცხელს არიგებს: “ამაოა შენი შიში იმისა, რომ მოგიწევს ძველი ტრადიციების არტახებში დარჩენა და ამას შეეწირება შენი ფანტაზია და პრინციპებიც კი. გადავიდეთ ჩვენს ერთობლივ საქმეებზე, როგორ ვაჩვენოთ ჩრდილები, კინოს გამოყენება”. წერილის ბოლოს მარჯანიშვილი ამატებს: “როგორ არის შენი ჯანმრთელობა? გახსოვდეს, რომ შენი ჯანმრთელობა ჩემი ერთ-ერთი ქრონიკული საწუხარია”, - ეს სიტყვები მხატვრის მიმართ მარჯანიშვილის თბილი, მამაშვილური დამოკიდებულების კიდევ ერთი მაგალითად რჩება. წერილის დაწერიდან რამდენიმე თვის შემდეგ კოტე გარდაიცვალა, ოცხელი კი მოსკოვში როგორც მარჯანიშვილის, ისე თეატრის გამო ჩავიდა.

 


 

მოდერნისტულ ფორმებსა და უკიდურესად ექსპრესიულ სტილში დახატული პერსონაჟები ჩაცმულობის გარდა, ინდივიდუალური ხასიათითა და რეზონანსული ვიზუალით გამოირჩევიან. ოცხელი ხატავდა არა ტანსაცმელს, არამედ გმირებს ტანსაცმლით. მხატვარი მხოლოდ ერთი ელემენტის - მოძრაობის დახმარებით ფიგურებს იმდენად მკაფიო დეფინიციას აძლევდა, საკმარისია ნებისმიერ ესკიზს დავაკვირდეთ, რომ ჩაცმულობა იდეალური სიზუსტით ერგება გმირის პოზას, ჟესტიკულაციასა და სხეულის ენას. სულიერი თუ უსულო, საბოლოოდ ყველა ფიგურა თავისი განწყობით გამოირჩევა. ოცხელის სცენოგრაფიაში ყოველთვის რჩებოდა სივრცე. სივრცე თავისუფლებისთვის. მისი ფიგურები კი რამდენჯერმე ბერძნული სკულპტურებისთვისაც შეუდარებიათ.

 

 

1936-1937 წლებში ოცხელმა მოსკოვის მცირე თეატრში ორ სპექტაკლზე (“ვერაგობა და სიყვარული”, “დიდება”) იმუშავა, “რიგოლეტოს” დადგმის კონკურსზე კი მის ნამუშევრებს პრემია მიენიჭა. მუდმივად დადებითი შეფასებები მის ნამუშევრებზე ოცხელს აღიზიანებდა, მეტიც, ხშირად ჩხუბობდა, რომ შეუძლებელი იყო ყველა მისი ესკიზი მოსაწონი და კარგი ყოფილიყო. მხატვარი ყოველთვის მზად იყო ჯანსაღი კრიტიკისა და შენიშვნებისთვის, თუმცა ვერავინ ნახა ისეთი, ვინც მისი ჩანახატებით არ იხიბლებოდა.

იშვიათია, არტისტის შემოქმედება კონტრრევოლუციის იარაღად ჩათვალონ, თუმცა საბჭოთა რეჟიმის, მიმდინარე რეპრესიებისა და ტერორის გამო, ოცხელის ნამუშევრები სწორედ ამაში დაადანაშაულეს. 1937 წლის 21 სექტემბრის ღამით პეტრე მოსკოვში დააპატიმრეს და გასამართლების გარეშე დახვრიტეს. ოცდაათი წლის არტისტი პროფესიულად მხოლოდ ცხრა წელი მოღვაწეობდა, თუმცა ფიზიკური სიკვდილი სულაც არ აღმოჩნდა მხატვრისთვის დასასრული. მისი შემოქმედება საერთაშორისოდ, განსაკუთრებით კი საქართველოში, მოდერნიზმისა და ისტორიის მარადიულ ფრაგმენტად იქცა, დრო მასზე არ მოქმედებს. ნოვატორული ხედვითა და ინდივიდუალიზმით გამორჩეული ოცხელი მოკლეს, ესკიზებში დახატული გმირები კი დღეს ისე ცოცხლობენ, როგორც არასდროს.