სანამ მსოფლიო მოდის ყველაზე გავლენიანი ფიგურა ანა ვინტური გახდებოდა, სფეროს დიანა ვრილენდი განაგებდა. მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე ქალი, რომელმაც მთლიანად შეცვალა მოდა, სილამაზე, ხელოვნება, მუსიკა და ზოგადად, კულტურა. მისმა რევოლუციურმა იდეებმა ქალებს საშუალება მისცა საზოგადოებაში დამკვიდრებული ტრადიციული როლების მიღმა  საკუთარი თავი აღმოეჩინათ და გამოევლინათ.

დიანა ვრილენდი ჟურნალ Vogue-ის მოდის სფეროს ყველაზე ტრასფორმაციულ პერიოდში ხელმძღვანელობდა, და ეს ცვლილებაც, სწორედ მისი კონტრიბუციით გახდა შესაძლებელი. რედაქტორობის პერიოდში წინ წამოსწია ადამიანის და ქალთა უფლებების საკითხები, ჩამოანგრია ტრადიციული ლამაზი ქალის იმიჯი, და “იყავი ის, რაც ხარ” აზროვნება შემოიტანა. თავისი ენაკვიმატი ფრაზებითა და სტილით ცნობილი გახადა ბიკინი, ჯინსები, კაშკაშა ფერები, Statement აქსესუარები. ჰიპური რევოლუციის კვალდაკვალ დაამკვიდრა “Youthquake” ტერმინი და არ შეეშინდა ახალგაზრდების მზარდი გავლენის აღიარების. ტრადიციული ბექგრაუნდის მიუხედავად, მუდმივად ღია იყო სიახლეებისადმი, იქნებოდა ეს ბითლზი და როკ-მუსიკა, თუ სილამაზის ახალი სტანდარტები. 

ევროპაში იმიგრაციიდან დაბრუნებული დიანა, გასული საუკუნის 30-იან წლებში, ნიუ-იორკის კლუბში ცეკვისას შენიშნა Harper’s Bazaar-ის მთავარმა რედაქტორმა Carmel Snow-მ და მისი გამორჩეული სტილით აღფრთოვანებულმა შესთავაზა ჟურნალისთვის მუშაობა. მოდის სიყვარულის მიუხედავად სფეროში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია, ერთადერთი იყო საცვლების მაღაზია ლონდონში, რომელსაც ფლობდა და ლეგენდის თანახმად, სწორედ მის საღამურში გამოწყობილმა Wallis Simpson-მა მოხიბლა უელსის პრინცი და ამ გზით, დიანას მაღაზიას წვლილი მიუძღვის ბრიტანეთის იმპერიის “დაშლაში”. 

Harpers Bazaar-ში თავიდან ამზადებდა რუბრიკას - “რატომაც არა?”, სადაც თავისი გამორჩეული მახვილი ენითა და იუმორით ამერიკელ ქალებს აძლევდა ჩაცმის, ვარცხნილობის, შვილებთან ურთიერთობის ექსტრავაგანტურ რჩევებს. “რატომაც არ…დაბანთ თქვენი ქერა ბავშვის თმას შამპანურით, როგორც ამას საფრანგეთში აკეთებენ?” აქამდე ქალებს ურჩევდნენ, როგორ იყვნენ კარგი ცოლები, როგორ მოამზადონ გემრიელი კერძები, მაგრამ დიანა სხვა ცხოვრებას აჩვენებდა ქალებს, მისი კომიკური რუბრიკა, განსაკუთრებით ომის პერიოდში, ოცნების და იდეალური სამყაროს წარმოდგენაში ეხმარებოდა მათ. მას ყველაფერზე ჰქონდა თავისი აზრი და არ ეშინოდა მისი დაფიქსირების. მალევე მოდის რედაქტორი გახდა ჟურნალში და 23 წლის განმავლობაში Bazaar-ის ისტორიას ქმნიდა. აქ მუშაობისას აღმოაჩინა Lauren Bacall და Richard Avedon-ის კარიერასაც ჩაუყარა საფუძველი, აქ დაიბეჭდა კენედების წყვილის პირველი საპრეზიდენტო ფოტოები, დიანა ჟაკლინ კენედის საკუთარი სტილის შექმნაშიც ეხმარებოდა.

60-იან წლებში მისის ვრილენდი გახდა ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორი. მართალია, ამ თანამდებობაზე ჟურნალის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე პერიოდით იყო, მაგრამ 7 წლის განმავლობაში შექმნა Vogue-ის “ოქროს ხანა”,  ყველაზე პროდუქტიული და რევოლუციური პერიოდი. აქამდე ის მოდის ერთ-ერთი ჟურნალი იყო, დიანას მოსვლის შემდეგ კი ერთადერთი ჟურნალი გახდა. Vogue-ის გვერდები შეივსო ხელოვნებით, მუსიკით, ფილმებით, გახდა ახალგაზრდული, თანამედროვე, სადაც მოდელების ხასიათი ჩანდა, სადაც მოდა ყველა ქალს ესაუბრებოდა. ძვირფასი, წარმოუდგენელი გადაღებები, ახალი გამოწვევები ფოტოგრაფებს და დიზაინერებს, მთავარ ყდაზე პიროვნება ჩანდა და არა ტანსაცმელი. დიანას განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა ადამიანში ეპოვა დაფარული თვისებები, რის შესახებაც თავადაც არ იცოდნენ, მათში ჩაედო რწმენა და რესურსი და ამ გზით ბევრი ტალანტის აღმოჩენა შეძლო, მათ შორის ეპოქის ყველაზე გამორჩეული მოდელები - Twiggy, Marisa Benson, Angelica Huston, Versuchka, Penelope Tree, დაეხმარა Oscar de la Renta-ს და Diane von Furstenberg-ს კარიერის დაწყებაში. Vogue პირველი ამერიკული ჟურნალი  იყო, სადაც დაიბეჭდა ახალგაზრდა Mick Jagger-ის ფოტო, რითაც იგი საზოგადოებამ გაიცნო. 

 

მისმა თანამედროვე იდეებმა დაანგრია არსებული მოსაზრებები მოდასა და სილამაზეზე. მისი თქმით, “ხალხს არ უნდა მისცე ის, რაც მათ უნდათ, არამედ ის, რაც ჯერ არ იციან, რომ უნდათ”. დიანა ზეიმობდა აქამდე ნაკლად მიჩნეულ გარეგნობის დეტალებს, ხასიათს და მათ აქცევდა სილამაზედ. Barbara Streisand-ის ცხვირი გახადა ჟურნალის გარეკანის მთავარ ობიექტად, გრძელი კისერი, ჭორფლები, Twiggy-ის და Penelope Tree-ის დიდი თვალები, ის, რასაც აქამდე უცნაურად თვლიდნენ და მალავდნენ, მოდის მთავარ ფოკუსში მოაქცია. მთავარი იყო გამორჩეულობა, ორიგინალურობა, გულწრფელობა და სტილი. სტილი, რომელიც გეხმარება დილით ადრე ადგომაში, რომლის გარეშეც ცარიელი ხარ. თვლიდა, რომ ვულგარულობის არ უნდა გვეშინოდეს, უნდა გვეშინოდეს მოწყენილობის, ცუდ გემოვნებაზე უარესი კი, მისი აზრით, გემოვნების  უქონლობაა. 

 

ექსტრავაგანტური და მასშტაბური პროექტები ძვირი უჯდებოდა Vogue-ის, რის გამოც 70-იანი წლების დასაწყისში დიანა ვრილენდი მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მაგრამ მალევე გააგრძელა თავისი იდეების რეალობაში გარდაქმნა უკვე Metropolitan Museum of Art-ში, სადაც დაამკვიდრა მოდის გამოფენების პრაქტიკა და პირველი გამოფენა მიუძღვნა Balenciaga-ს კოსტიუმების კოლექციას. მასშტაბური საგამოფენო სივრცეები, მუსიკა, გაცოცხლებული დიზაინის ნიმუშები, მუზეუმის წვეულებები, სადაც მოხვედრა ყველა ვარსკვლავს სურდა და რამაც საფუძველი ჩაუყარა MeT Gala-ს, Metropolitan კი, დიანას კონსულტაციით, ნიუ-იორკის მოდის ყველაზე ცხელ ადგილად იქცა. 

დიანა ვრილენდი არა მხოლოდ აცმევდა ქალებს, არამედ სთავაზობდა იდეებს, ინსპირაციას, ახალი, გლამურული ცხოვრების შესაძლებლობას. თავისი წარმოდგენის უნარით და ხედვით, კონფორმისტული ინდუსტრია გარდაქმნა სფეროდ, რომელიც ზეიმობს განსხვავებულობას, უცნაურობას, თანამედროვე და ინოვაციურ იდეებს, სადაც ყველასთვის არის ადგილი, და სადაც ინდივიდუალურობა და გულწრფელობა გხდის დასამახსოვრებელს. ყველაზე დასამახსოვრებელი და უკვდავი კი, თავად მოდის იმპერატორი, დიანა ვრილენდი გახდა.