კოტე სულაბერიძე ქართული თანამედროვე ხელოვნების მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი კონცეპტუალური ნამუშევრები 90-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა. ხშირად მხატვარი ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს, ვიზუალური ისტორიებით მოგვითხრობს ქართული ტრადიციების შესახებაც. კოტეს ისტორია უცნაურად იწყება: როდესაც აკადემიაში აბარებდა, მას ჯანმრთელობის ცნობა მოსთხოვეს, თვალის ექიმმა მხატვარი დალტონიზმის დიაგნოზით გამოისტუმრა, გადამოწმებისას კი ფერადოვანი მხედველობის დარღვევა დაუდასტურეს.

 

 

“დალტონიზმი ბევრს აქვს ისე, რომ არ იცის. ეს დისკომფორტს არ გიქმნის, მხედველობა ხომ სუბიექტურია. მე როდესაც მწვანეს და წითელს ერთად ვხედავ, ჩემი თვალისთვის მწვანე უფრო გამაღიზიანებელია, ვიდრე წითელი.

საბოლოო ჯამში, ეს განსხვავებულობა სამხატვრო ხერხად გამოვიყენე”, - ამბობს  კოტე სულაბერიძე.

 


დალტონიზმის თემაზე მხატვარმა ნამუშევრებიც შექმნა, სახელწოდებით “დალტონიკის თვალებით”, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება. აქ შეგიძლიათ ნახოთ ხედი დუშეთის სახლიდან და კოტეს თვალით დანახული იმავე სახლის ხედი - ერთი შეხედვით მსგავსი, მაგრამ სრულიად განსხვავებული ნამუშევრები.





კოტე, მოგვიყევი ბოლოდროინდელი პროექტის - “მშვიდი ცხოვრების” შესახებ, საიდან გაგიჩნდათ შთაგონება და როგორი იყო სამუშაო პროცესი?

 

თავის დროზე პროექტს ირონიულად “მშვიდი ცხოვრება” დავარქვი, ეს ჯერ კიდევ პანდემიამდე იყო, მერე ვხუმრობდი, აი, მშვიდმა ცხოვრებამ მომისწრო-მეთქი, სახელოსნოში ვიჯექი და ვმუშაობდი. სამუშაო პროცესი, ერთი მხრივ, რთული იყო, რადგან “მშვიდი ცხოვრება”  საერთაშორისო პროექტია, პანდემიამ კი ბევრი რამ შეცვალა. ჩემი ცხოვრების განმავლობაში სულ დასავლეთში მეპატიჟებოდნენ, ერთხელ გამიჩნდა შესაძლებლობა, რომ ხელოვანები დასავლეთიდან საქართველოში დამეპატიჟა, მეც მინდოდა იმათ რიგში ვყოფილიყავი, ვინც ეპატიჟება და არ არის დაპატიჟებული. ამ ყველაფერმა ჩემზე ემოციურად იმოქმედა, თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი კოლეგა, გერმანელი მხატვარი - კაროლინა ბაიერი, რომელსაც ასევე უნდა მიეღო პროექტში მონაწილეობა, ცვლილებებს გაგებით მოეკიდა. საბოლოო ჯამში, ეს იყო პირველი გამოფენა პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ. თბილისის ისტორიის მუზეუმში ექსპოზიცია ფერწერულ ნამუშევრებს და ინსტალაციას აერთიანებდა, გამოფენილ ტილოებზე ზემოდან იყო გადაწერილი წარწერები, ჩაკეტილ პერიოდში ჩემი და ჩემი მეუღლის - ნინოს საუბრები. ასევე, ის ნივთებიც გამოვფინე, რომლის საშუალებითაც იქმნებოდა ნამუშევრები. მეორე დარბაზში იყო წარმოდგენილი სუფრები პერსონაჟების გარეშე - ჩაის, ყავის, საოჯახო სუფრა... გამოფენა მოიცავდა ძველი პროექტის - “სტუმარი და მასპინძელის”  ნამუშევარსაც. სუფრა დანომრილია და გამოყოფილია ფერებით: ცივი და ცხელი კერძები, კერძი ჩამოტარებით და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, ეს არის რეალური სუფრა, რომელიც შეგიძლია მაგიდაზე გადააფარო და ისაუზმო.




რა ხდება მაშინ, როდესაც ახალი ნამუშევრის შექმნას იწყებთ?

 

როდესაც მძინავს, მესიზმრება, რას გავაკეთებ ხვალ. თუ დილით წამოვხტი და გავრბივარ, ესე იგი ღამე მესიზმრებოდა რას გავაკეთებდი. შეიძლება სისულელეა, მაგრამ ერთადერთი შუალედი მუშაობასა და მუშაობას შორის არის ჩაის დალევა, სადილი ან ვახშამი. ძირითადად ვფიქრობ იმაზე, რას გავაკეთებ, რომ ვაკეთებ, როგორ გავაკეთებ, ამ ყველაფერს შორის ცხოვრება არის ძალიან მცირე, პრიმიტიული რუტინა. ხანდახან ხდება ისე, რომ, მაგალითად, რემონტი გაქვს და ბაზრობაზე წასვლა გჭირდება, მაგრამ იქაც ფიქრობ, რა შეიძლება გავაკეთო აქედან, მოდიხარ და მარილი, რაც იქ, ცხოვრებაში მოკრიბე, მოგაქვს სახელოსნოში, რომელსაც მოაყრი იმას, რასაც აკეთებ. მუშაობა დავარქვათ, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, სიამოვნებაა.

საინტერესოა როგორია სახელოსნო,რომელშიც თქვენს ნამუშევრებს ქმნით?

 

ყოველდღე ვმუშაობ, ერთხელ ჩემს სახლთან მდებარე კვების ობიექტის თანამშრომელმა მისალმებისას მკითხა - მე 9-ის ნახევარზე ვდგები და შენ ყოველ დილით, ასე ადრე სად დადიხარო. მერე, მეც დავფიქრდი, სად მივდივარ, რატომ მივდივარ, არ მყავს დირექტორი, ხელფასს არ მიხდიან. იმ კაცის კითხვამ დამაფიქრა და მივხვდი, რომ უბრალოდ, სხვანაირად არ შემიძლია, 9-ის ნახევარზე თუ არა, 10-ის ნახევარზე უკვე სახელოსნოში ვარ. ვმუშაობ, შემდეგ ეს ნამუშევრები ნელ-ნელა სხვადასხვა პროექტებად ყალიბდება, ხანდახან პროექტის გარეშეც არის ეს ყველაფერი, უბრალოდ, აკეთებ და მეტი არც არაფერი. მაგალითად, ახლა სიამოვნებით ვხატავ ნივთებს, ჩემთვის ვხატავ, უნივერსიტეტში ვიპოვე ძალიან დიდი ფარგალი, დაახლოებით ნახევარი მეტრის სიმაღლის, იმას ვხატავ, საყვირს ვხატავ, მღებავის ფუნჯს, რძის კონტეინერს და ასე შემდეგ. თან თითოეულ ნივთთან რაღაც ასოციაცია მაქვს და ხატვისას ჩემთვის სხვადასხვა რამეზე ვფიქრობ. რა თქმა უნდა, ნინოს უდიდესი როლი აქვს ამ ყველაფერში, ჩვენი ცხოვრება ერთად მიმდინარეობს, სამუშაო სივრცეშიც ერთად ვართ.

 

 

კოტე, ძველ პროექტებზეც რომ ვისაუბროთ - “ცა თბილისის თავზე”, საინტერესოა, როგორ გაჩნდა იდეა?

 

ეს პროექტი საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო. საერთოდ, მე ჩემი განწყობით ყოველთვის ყველაფრის “წინააღმდეგი” ვარ. სკოლაში ყოველთვის მასწავლებლების და დირექტორების წინააღმდეგი ვიყავი, სახლში - მშობლების... ასეც გამოდის, რომ რაც მიყვარს, იმის მიმართ მაქვს პროტესტი. ოღონდ ეს წინააღმდეგობა შინაგანი დამოკიდებულებაა. პროექტზე მუშაობის პერიოდში გარკვეული შინაგანი პროტესტი გამიჩნდა იმისადმი, რაც თბილისში ხდებოდა. შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი, რომ ცა არის ის, რაც ჩემი მხრიდან საპროტესტო არ არის. გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა ცარიელი სილუეტები იმ ქალაქის, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, აქცენტი გადამეტანა არა იმაზე, რაც მიყვარს, არამედ იმაზე, რაც ჩემ გარეშეა, რის ან ვის მიმართაც პროტესტი ვერ მექნება. ამდენი წლის შემდეგ მოვახერხე სიტყვიერად ჩამომეყალიბებინა ის, რაც მაშინ ემოციით შევქმენი...