Raffles Hotel Singapore მე-19 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმროა, რომელსაც სახელწოდება სინგაპურის დამფუძნებლის, სერ სტემფორდ რაფლსის პატივსაცემად დაერქვა. ის 1887 წელს ძმებმა სარქებმა გახსნეს. ძმები კოლონიალური ერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც მაშინ მდიდრულ და გამორჩეულ სასტუმროებზე აგებდნენ პასუხს. Raffle Hotel Singapore-ის, კოლონიალური ერის შენობის დიზაინი Swan & Maclaren Architects-ის ინგლისელ არქიტექტორ ალფრედ ჯონ ბიდველს ეკუთვნის. 1899 წელს საბოლოოდ დასრულებული შენობა ნეორენესანსული სტილის არქიტექტურით, ფართო ვერანდით, მარმარილოთი მოპირკეთებული იატაკითა და ტროპიკული ელემენტებით, რეგიონში პირველი განსაკუთრებით ძვირფასი სასტუმრო იყო.
სასტუმროში ისვნებდნენ ისეთი ცნობილი პირები, როგორებიც არიან ჩარლი ჩაპლინი, დედოფალი ელიზაბეტ მეორე, კარლ ლაგერფელდი, თუმცა მათგან ყველაზე გამორჩეული სტუმარი საკულტო ვეფხვია, რომელიც Raffles-ის ბარსა და ბილიარდის ოთახში თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა. ვეფხვი, რომელიც ადგილობრივ ცირკს ეკუთვნოდა, იქ 1902 წელს სრულიად შემთხვევით მოხვდა, რომელსაც სასტუმროში ვიზიტი ძვირად დაუჯდა.
დახვეწილი და გლამურული სასტუმრო, სადაც სტუმრობა აუცილებლად ლეგენდის ნაწილად გაქცევთ, გამორჩეულია არა მხოლოდ დიზაინით, არამედ უმაღლესი ხარისხის მომსახურებითაც. ჯერ კიდევ 1910-იანი წლებიდან Raffles Hotel Singapore უამრავ დახვეწილ წვეულებას, დაბადების დღეებს, ქორწილებსა და ევროპული სამეფო ოჯახების კორონაციებსაც კი მასპინძლობდა. ცეკვის საღამოებით, კონცერტებითა და ახალი წლის აღსანიშნავად გამართული გრანდიოზული ღონისძიებებით სასტუმრო კუნძულის მდიდარი მოსახლეობის მთავარი გასართობი ადგილი გახდა. თუმცა, გარდა ბრჭყვიალა დღესასწაულებისა, Raffles Hotel Singapore ისეთი რეჟისორის შთაგონების წყაროც გამხდარა, როგორიცაა რუი მურაკამი, რომლის 1989 წლის მისტიკური დრამა “Raffles Hotel” სწორედ ამ სასტუმროში გადაიღეს.
ოდესღაც 10-ოთახიან სასტუმროში დღეს 115 კეთილმოწყობილი და კომფორტული ოთახი დაგხვდებათ, რომლის ელეგანტურობაც ნამდვილად მოგხიბლავთ. 1987 წელს ეროვნულ ძეგლად აღიარებული Raffles Hotel არა მხოლოდ მისი განსაკუთრებული ინტერიერის დიზაინით, არამედ უგემრიელესი კერძებითა და სახელგანთქმული კოქტეილით Singapore Sling-ითაც იწონებს თავს. Long Bar, სადაც საუკუნის წინ კოქტეილი Singapore Sling გამოიგონეს, დღემდე უამრავი ცნობილი ადამიანის საყვარელი ადგილია სასტუმროში. Raffles სინგაპურში პირველი სასტუმროა, რომელმაც ფრანგული სამზარეულო შესთავაზა თავის სტუმრებს. გარდა ფრანგული კერძებისა, სასტუმროში განთავსებულ ხუთ რესტორანში ინდური და ჩინური დელიკატესების დაგემოვნებასაც შეძლებთ. თუკი გარეთ, სიმწვანეში ჩაფლულ Raffles Courtyard-ში ყოფნა მოგბეზრდებათ, შეგიძლიათ გადაინაცვლოთ Writers Bar-ში ან Butcher’s Block-ში, ხოლო საუზმეზე Tiffin Room-ში შევლა არ დაგავიწყდეთ, რადგან აქ 1892 წლიდან საუზმის განსაკუთრებული ტრადიციაა.
ადგილობრივი კულტურითა და ტრადიციებით შთაგონებულ სასტუმროში განსაკუთრებულია ასევე Raffles Boutique, სადაც არა მხოლოდ აუცილებლად ხელს გასაყოლებელ საჩუქრებსა და სუვენირებს აღმოაჩენთ, არამედ აქ გურმანებს შოკოლადის სამყაროში უგემრიელესი მოგზაურობა ელით, ადგილობრივი კარამელითა და ქოქოსის Kaya ჯემით დაწყებული, ხელით დამზადებული ტრიუფელებით დამთავრებული. წიგნებისა და გზამკვლევების მაღაზიის გვერდით ტანსაცმლის, აქსესუარებისა და სამკაულების ბუტიკში უამრავ ადგილობრივ და საერთაშორისო ხელნაკეთ ნივთებსაც შეხვდებით.
2019 წლის აგვისტოში განახლებული Raffles Hotel Singapore დამსვენებელს სპა მომსახურების ფართო არჩევანს სთავაზობს, რომელიც აზიური ფილოსოფიით, ჰიდროთერმული გამოცდილებებითა და გამორჩეული მასაჟებითაა სავსე. არომატული ორთქლის ოთახები, სპა ფანტანები, საუნა, ულამაზესი ღია აუზი ნამდვილ განტვირთვას მოგიწყობთ.
განახლებული Raffles Hotel Singapore, რომლის უკანაც განსაკუთრებული ისტორია, ტრადიციები და კულტურა დგას, სტუმრებს მის ისტორიაში ახალი თავის ჩაწერასა და დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს.
დაწერე კომენტარი