5 დეკემბერს,16:00 საათზე, ფესტ ი ნოვა 2020 - არს გარიყულა  გამოფენის ონლაინტურს წარმოგიდგენთ. გამოფენაში მონაწილეობენ: ნინა კინწურაშვილი, უტა ბექაია, ნიკა კოპლოტაძე, ლუკა ჯაფარიძე, ანა მიხაელოვა-კეზელი, ნინა ახობაძე, ნათია ბენაშვილი, ნანუკა გოგოლაშვილი. ონლაინტურის მოდერატორი კი - ხელოვნებათმცოდნე დათო კოროშინაძეა.

 

ისე როგორც ყველაფერზე, მიმდინარე კოვიდპანდემიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა თანამედროვე ხელოვნების ყოველდღიურობაში და სამწუხაროდ, ხელოვნების  სფეროებმა ჩვეულ რიტმში არსებობა გაურკვეველი ვადით შეწყვიტეს, არსებული ვითარების გამო გამოფენაც ონლაინ ჩატარდება.

 

„არს გარიყულა“ ამ მოგზაურობის დასაწყისია. მისი მთავარი კითხვაა: როგორია სხვაგვარი არსებობის ფორმები? ამ ფორმებში ის მოიაზრებს გმირს, როგორც ყოველდღიურობას გარიდებულ ინდივიდს, რომელიც თავგადასავლის და ტრანსფორმაციის მუდმივ ძიებაშია. მას კარგად ესმის, რომ ფიზიკური საზღვრები მხოლოდ წარმოსახვის ჰორიზონტს ზრდიან, უსაგნობა და უსხეულობა კი, მისი ყოველდღიური გამოწვევებია. პანდემიური მდგომარეობა მისთვის გაუჩინარების, წინაპირობას წარმოადგენს. ამგვარად, გარიდებული გმირის იკონოგრაფია კოსმოსია, მისი სამუშაო სივრცე - უდაბნო, ხოლო სამოძრაო მარშრუტი - დაუდგენელი. ის, რაც გვრჩება, მხოლოდ კვალია, რომელიც მის აქ ყოფნაზე მიუთითებს. საგნები, არტეფაქტები, სურათები და ტექსტები მხოლოდ იმას გვკარნახობენ, რომ აქ ვიღაც იყო. ამავდროულად, ისინი გვიხსნიან მოგზაურობის შინაარსს, გამოწვევებს და გადაწყვეტილებებს, რომლებიც განვლილ გზაზე გვხვდება, ამ გზით წარსული ხელახლა ანიმირდება, მოვლენები რადიკალურ მნიშვნელობებს იძენენ, ისტორიული პოლუსები კი უცნაურ მიზიდულობებს წარმოშობენ ერთმანეთთან“. - ამბობენ გამოფენის ორგანიზატორები.