New Art Dealers Alliance-ის ყოველწლიური არტბაზრობა, რომელიც მაიამის არტკვირეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, წელს უკვე მე-18 ღონისძიებას 1-5 დეკემბრის ჩათვლით მართავს. NADA Miami 2020 დამთვალიერებელს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს, რომელშიც 97 გალერეა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან  მონაწილეობს. ნამუშევრები როგორც საგალერეო სივრცეებში, ისე ონლაინ იქნება წარმოდგენილი და მის ნახვას სპეციალურად შექმნილ ციფრულ პლატფორმაზე ნებისმიერი ვიზიტორი  შეძლებს. 

 


 

NADA Miami 2020-ზე მონაწილე ასამდე გალერეას შორისაა ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი პიონერი გალერეა Gallery ArtBeat-იც, რომელიც ხელოვან ნიკა ქუთათელაძეს წარადგენს. ნიკა ახალგაზრდა არტისტია, რომლის შემოქმედებისთვისაც თანამედროვე სამყაროს კონტექსტები და მასზე დაკვირვებაა დამახასიათებელი. Tariel is Getting Ready for Hibernation - ასე ჰქვია ნამუშევარს, რომელიც Nada Miami 2020-ზე იქნება წარმოდგენილი და რომლის მთავარ ფოკუსშიც გურიის მთებში არსებული დეპოპულაციის პირას მყოფი სოფლები ექცევა.

 


 

ნიკას ნამუშევრებში ხშირად ჩნდება არქიტექტურული ობიექტები, რომლებიც არატრადიციულ, მრავალფეროვან ფორმებსა და სივრცეებში გვხვდებიან, რაც თითოეულ ნივთს უფრო შთამბეჭდავსა და საინტერესოს ხდის. ამ შემთხვევაშიც პროექტი Tariel is Getting Ready for Hibernation გურიის ერთ-ერთი სოფლის, მიწიეთის კვლევის შედეგია, რომლის ყურადღების ცენტრშიც არქიტექტურული ლანდშაფტის სხვადასხვა ობიექტები ექცევა. დისფუნქციური სახლი პრობლემის აქტუალობას ახალ კონტექსტში აანალიზებს, ხოლო ავტორის მისწრაფება შექმნას ახალი სივრცული კონსტრუქციები გალერეა ArtBeat-ში, დამთვალიერებელს უცხო ვიზუალური ნიშებით დატვირთული სივრცის გადააზრების საშუალებას აძლევს. 

 


 

კვლევა, რომელიც გურიაში მიმდინარეობდა, ასახავდა  სოფლის არქიტექტურულ ლანდშაფტს, მის ისტორიას, ყოველდღიურ რიტუალებსა და საცხოვრებელ გარემოს. მიტოვებული სახლი, რომელიც ავტორის ინტერესის ობიექტად გადაიქცა, სხვადასხვა ვიზუალური ნიშნებით დროის არაპროგნოზირებად ხასიათსა და დაცულობის შეგრძნებაზე მიუთითებს. დეპოპულაციის პროცესი, რომელიც საბოლოოდ მიტოვებული სოფლების ფატალურ სურათს ქმნის  არტისტის ახალი პროექტის მთავარი თემა ხდება, რომელშიც მისი არქიტექტურულ ტრანსფორმაციებთან დაკავშირებით არსებული შემოქმედებითი დამოკიდებულებების წაკითხვაა შესაძლებელი. 

ნიკა ქუთათელაძის ბოლო დროის ნამუშევრები არქიტექტურული სივრცეებისა და ურბანული გარემოს ტრანსფორმაციულ პროცესსა და მის გამოწვევებს უკავშირდება, რომლის ნაწილიც გახდა ახალი პროექტი - Tariel is Getting Ready for Hibernation.