ბავშვური გულუბრყვილობითა და ნაივური ბუნებით გამორჩეული, დიდთვალება ამელი ფრანგული კინოს განუყოფელი ფიგურა და ოდრი ტატუს საკულტო პერსონაჟია. სამი ფერით დახატული პარიზი, ნათელი სიუჟეტური ხაზი და ზღაპრული ატმოსფერო ფრანგი რეჟისორის, ჟან-პიერ ჟენეს დამსახურებით 2001 წელს გაცოცხლდა. მას შემდეგ პარიზის მეტროსთან პატარა სახლში მცხოვრები ამელი სიკეთისა და სამართლიანობის კინოპერსონად იქცა. ოცნებაში დაკარგული, მარტოსული და ცნობისმოყვარე გმირის მოგზაურობით რეჟისორმა პარიზის არაერთი ქუჩა ტურისტულ წერტილად აქცია.
ამელი მარტო ცხოვრობს. მდიდარი წარმოსახვის უნარით დაჯილდოებული მონმარტის კაფეში მუშაობს, გარშემო მყოფებს კარგად აკვირდება და დრო ხშირად უცნაურ კითხვებზე ფიქრში გაჰყავს. მთავარი ინტერესი, რაც პარიზულ ქუჩებში ამოძრავებს, ხალხის შეუმჩნევლად დახმარება, საბოლოოდ კი მათი გაბედნიერებაა. კარჩაკეტილი ცხოვრების მიუხედავად, ამელი სწავლობს, სიამოვნება ისეთი მცირე დეტალებისგან მიიღოს, როგორიც კინოში წასვლა, მდინარეზე ქვებით თამაში თუ სავსე ტომარაში მარცვლეულის ხელით შეგრძნებაა. დინამიკური მონტაჟითა და სიზმრისეული თხრობის სტილით ამელის სამყარო დროებით რეალობად იქცევა, მისი “მზაკვრული” გეგმები კი ჰუმანურობით სავსე დავალებების ფორმას იღებს.
ბავშვურ განწყობას, რაც ამბავში ასეთი მკაფიოა, ყველა ელემენტზე მეტად მუსიკალური გაფორმება ქმნის. პიანინოსა და კლავესინის სინთეზური მელოდია ამელის ცხოვრებას განუყრელი აკომპანიონივით თან სდევს, ერთ-ერთ ნამუშევარში ველოსიპედის ბორბლის ბრუნვაც კი ინსტრუმენტულ ნაწილადაა ქცეული. “ამელი პულანის უჩვეულო ბედისწერა” განსაკუთრებულად მაგიური სწორედ მისი კომპოზიტორის, იან ტიერსენის მუსიკალური თანხლების დამსახურებითაა. 2001 წელს ფილმის მუსიკას “World Soundtrack Award” გადაეცა ნომინაციაში “Best Score of The Year”, 2002 წელს კი საფრანგეთში “სეზარის” ჯილდოს მფლობელი გახდა, როგორც “Best Music Written for a Film”.
ამბავში გარდა მუსიკისა, ამელის სადა, თუმცა ექსპრესიული ჩაცმულობაც ხშირად ასოცირდება მის განწყობასა და ფიქრებთან. რეჟისორის სურვილითა და კინემატოგრაფ ბრუნო დელბონელის ოსტატობით, კომპოზიციაში სულ სამი ფერი დომინირებს: წითელი, ყვითელი და მწვანე, რაც ამბავში სიმყუდროვის გარდა, რეტრო ატმოსფეროსა და სიზმრისეულ განწყობას ქმნის, შიგადაშიგ კი ამელის გარშემო ვიზუალური კონტრასტისთვის ყურადღებას ლურჯად მანათობელი ნივთებიც იქცევს. ყველაფერი არა ნამდვილ, არამედ ამელის თვალით დანახულ სამყაროში ვითარდება, სადაც წითელი სამოსი და აპარტამენტი მისი ცნობისმოყვარე, თბილი ხასიათის გამომხატველია, რთულად შესამჩნევი ლურჯი კი სევდასა და ინტროვერტულ ჩაკეტილობას აღწერს.
გადაღებებზე ჟან-პიერი ხშირად ქუჩებს ასუფთავებდა, ცვლიდა კედლის პოსტერებს, მუშაობდა ექსტერიორზე, რომ საბოლოოდ მისთვის სპეციფიკური, უნაკლო პარიზი დაეხატა. ყველა ადგილმდებარეობა, გარდა ამელის სახლისა, პარიზის სხვადასხვა კუთხეს ეკუთვნის, რის შედეგადაც ნამუშევარმა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, უცხო ქვეყნებში მცხოვრებ ათასობით პიროვნებას პარიზის მიმართ საკმაოდ მაღალი წარმოდგენა შეუქმნა. ამელის აპარტამენტში განვითარებული სცენები გერმანიის სტუდიაშია გადაღებული. დამაბნევლად ახლო კადრები, დახვეწილი, ხშირად ექსპერიმენტული ოპერატურა და ოდრი ტატუს ბავშვური მანერიზმი ამბავს რამდენადაც უცნაურს, იმდენად გულწრფელს ხდის. რეჟისორი მზადაა წარმოსახვა ბოლომდე გაგიზიაროს.
ერთ სცენაში ამელი წმინდა მარტინის ხიდიდან მდინარეში კენჭების სროლით ერთობა. სინამდვილეში, ოდრი ტატუს წყალზე ქვის სროლა არ გამოსდიოდა, ამიტომ გუნდმა მომხიბვლელი კადრისთვის სპეცეფექტი გამოიყენა. აბსურდულ სტილში დახატული ცხოველები კი ამელის ოთახის წითელ კედელზე გერმანელ მხატვარს, მიხაელ სოვას ეკუთვნის. უცნაურია, რომ ფილმის რეჟისორმა ამელის ისტორიისთვის ფრაგმენტების შეგროვება გადაღებამდე თექვსმეტი წლით ადრე დაიწყო.
ცოტა თუ შეამჩნევს, რომ ამბავში ამელი და მისი შეყვარებული ნინო ერთმანეთთან ერთხელაც არ საუბრობენ. ნამუშევრის რომანტიკული ასპექტი განსაკუთრებულად ნაზი და ნატურალისტურია, ამელისა და ფოტოჯიხურთან მოძრავი ნინოს შეხვედრებს შორის შუალედი კი გრძელი, რაც საბოლოოდ გმირთა კულმინაციურ წერტილს შესამჩნევ ბუნებრიობას ანიჭებს.
მინიმალისტური ფერთა პალიტრით დახატული პარიზული ქუჩები, გულუბრყვილო ინტროვერთა ურთიერთობა თუ ზღაპრული ატმოსფერო - “ამელი” ფრანგულ კინოში დღემდე კომფორტის, სიკეთისა და ადამიანური თანაგრძნობის ასოციაციაა.
დაწერე კომენტარი