ქართული და ევროპული თემატიკის სინთეზი, გროტესკული პერსონაჟები, რეალობისა და ფანტასტიკური სიუჟეტების თანაარსებობა არის ის, რაც ქართველი ექსპრესიონისტის, შალვა ქიქოძის შემოქმედებას განსაკუთრებით საინტერესოს ხდის.

 


 

მხატვარი 1894 წელს გურიის სოფელ ბახვში დაიბადა. გერონტი ქიქოძის ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ შალვამ ხატვა ლაპარაკთან ერთად დაიწყო და ხატავდა ყველაფერს, რაც მასზე შთაბეჭდილებას ახდენდა. 3 წლის ასაკში მიღებული ტრავმის გამო მარჯვენა ხელი პარალიზებული ჰქონდა და მთელი ცხოვრება მარცხენა ხელით ხატავდა. 1902 წელს თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში ჩაირიცხა, რომელშიც 1914 წლამდე სწავლობდა. სწავლის პერიოდში რუსულიდან თარგმნა და დაასურათა ართურ კონან დოილის “შერლოკ ჰოლმსი”. 1914 წელს მოსკოვში იურიდიულ ფაკულტეტზე სასწავლებლად გაემგზავრა, 1915 წლიდან თანამშრომლობდა პოლიტიკურ-სატირულ ჟურნალთან - ,,რამპა”, რომელშიც მის კარიკატურებს აქვეყნებდნენ.

 

 

1916 წელს კი მოსკოვის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ამავე წელს გაწევრიანდა დიმიტრი შევარდნაძის დაარსებულ ,,ქართველ ხელოვანთა საზოგადოებაში” და მონაწილეობა მიიღო სამხატვრო სამეცნიერო ექსპედიციაში. მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ ,,ქართველ ხელოვანთა საზოგადოების” მდივნად დაინიშნა. ამ დროს დაუმეგობრდა დავით კაკაბაძესა და ლადო გუდიაშვილს, რომლებმაც მის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე განსაკუთრებული გავლენა იქონიეს. 1920  წელს შალვა ქიქოძეს, ლადო გუდიაშვილსა და დავით კაკაბაძეს დაენიშნათ ,,ქართველ ხელოვანთა საზოგადოების” სტიპენდია და სწავლის გასაგრძელებლად პარიზში გაემგზავრნენ.

 


ქიქოძის შემოქმედება მრავალფეროვანია - მოიცავს როგორც ფერწერულ ტილოებს, ასევე გრაფიკულ და კარიკატურულ ნამუშევრებსა და თეატრის მხატვრობას. მის ფერწერას ახასიათებს მკვეთრი ფერები და კარგად გამოხატული, დახვეწილი ფიგურები, ასევე ხშირად ვხვდებით ჩამალულ ავტოპორტრეტებს, რომელთა მზერაც თითქმის ყოველთვის დამთვალიერებლისკენაა მიმართული.
ლადო გუდიაშვილი შალვა ქიქოძეზე ამბობდა: ,,…ნამდვილი, ხალასი ნიჭის, ახალგაზრდა იყო, მკვირცხალი ბუნების, გამხდარი, მაღალი, ლამაზი, ენამახვილი, განათლებული… ჰქონდა კიდევ ერთი საინტერესო თვისება – ცხოვრების იუმორის პრიზმაში დანახვის უნარი”.  ქიქოძის ეს თვისება განსაკუთრებით კარგად ჩანს მის კარიკატურებსა და პარიზულ ნამუშევრებში, თუმცა ყველა  ნახატში, რომელშიც ვხედავთ მხატვრის იუმორს, ვაწყდებით იმ ეგზისტენციალურ მარტოობას, რომელიც შალვა ქიქოძის შემოქმედებას მუდმივ ფონად გასდევს.

 



მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია ,,სამი მხატვარი”, რომელზეც ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე და თვითონ  შალვა ქიქოძე არიან გამოსახული. ნახატი ქიქოძის შემოქმედებისთვის დამახასიათებელ ყველა მნიშვნელოვან ასპექტს აერთიანებს, ვხედავთ ძალიან რეალისტურ ფიგურებს, რომლებიც თითქმის დეკორატიულ გარემოში იმყოფებიან. განსხვავდება შესრულების ტექნიკა, ნახატზე გამოსახული ადამიანების თითოეული დეტალი ფაქიზადაა შესრულებული, ზღვა, ცა და ბალახი კი მარტივი მონასმებითაა დახატული. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად უკანა პლანზე ყოფნისა, ნახატზე ყველაზე დიდ ყურადღებას შალვა ქიქოძე იქცევს, რომელიც ბევრად უფრო ცოცხალი და რეალისტურია, ვიდრე სხვა პერსონაჟები. ქიქოძე თითქოს დამკვირვებლის როლშია და სრულადაა მოწყვეტილი მეგობრების სამყაროს.

 


მარტოობის თემას ვხვდებით კიდევ ერთ პარიზულ ნამუშევარში ,,ლუქსემბურგის ბაღი”, რომელშიც თითქმის შეუმჩნეველია მისი ავტოპორტრეტი, გარშემო ბავშვები თამაშობენ, შეყვარებული წყვილი ერთმანეთს კოცნის, მხატვარი კი მოშორებით ზის და ისევ განცალკევებულია რეალობისგან. ქიქოძის ნამუშევრებში პერსონაჟები იშვიათად უყურებენ ერთმანეთს, მხატვარი თითქოს მუდმივად მიგვანიშნებს, რომ ადამიანები, მიუხედავად თანაცხოვრებისა, მაინც ყოველთვის მარტოები ვართ, თუმცა მიუხედავად ამ ეგზისტენციალური მარტოობისა, მის შემოქმედებას ვერ ვუწოდებთ პესიმისტურს, ის თითქოს იუმორით უყურებს ამ მოცემულობას.

 



უკანასკნელი ავტოპორტრეტი, ,,უდროოდ დაღუპული მეგობრის მოსაგონრად”, რომელიც შალვა ქიქოძემ გერმანიაში სიკვდილამდე 1 წლით ადრე დახატა, მისი შემოქმედების ყველაზე შთამბეჭდავი ნიმუშია. ნახატზე ის ბანქოს ეთამაშება სიკვდილსა და მეფისტოფელს, მხატვარი ამჯერად გარდაუვალ სიკვდილზე მიგვანიშნებს.
შალვა ქიქოძე 1921 წელს ფრაიბურგში ტუბერკულოზით გარდაიცვალა, ამ დროს ის მხოლოდ 27 წლის იყო. მისი ნახატები საქართველოში დავით კაკაბაძემ, ლადო გუდიაშვილმა და მხატვრის მამამ, გერასიმე ქიქოძემ დააბრუნეს. მისი საფლავის ზუსტი მდებარეობა უცნობია.

მიუხედავად ხანმოკლე ცხოვრებისა, შალვა ქიქოძემ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ქართული მოდერნიზმის, სიმბოლიზმისა და ექსპრესიონიზმის განვითარებაში. უცხოელი მოდერნისტებისგან განსხვავებით, ის არ ცდილობდა ეროვნული ნიშის დაკარგვას და ტრადიციულ ფერებსა და ფორმებს იყენებდა. ქიქოძემ უცხო, ეგზოტიკური კულტურით მოახერხა ევროპულ ხელოვნებაში ინტეგრირება და საკუთარი შემოქმედების ქართული ასპექტები ევროპელთათვის გასაგებად აქცია.