სექსი და სექსუალობა, რელიგია, ძალადობა, შიში, რასისტული დაპირისპირებები, პატრიოტიზმი, ნარკოტიკები, სიკვდილი, ბედნიერება და სევდა, ყველაფერი, რაც სამყაროს ახასიათებს, რაც სილამაზეა, რაც სიმახინჯეა - ამას ეფუძნება ბრიტანული კრეატიული დუოს, Gilbert და George-ის შემოქმედება. მათი ინსპირაცია პლანეტის ნებისმიერი ადამიანი, მისი ცხოვრებისეული სირთულეები და რეფლექსიაა. ისინი ქმნიან აგრესიულ, კონფრონტაციულ, კომფორტის დამრღვევ ნამუშევრებს, მასში სიტყვის თავისუფლების დეკლარირებას ახდენენ და ამით ქმნიან ურბანული ცხოვრების ვიზუალურ ენციკლოპედიას.
იტალიელი Gilbert Proesch და ბრიტანელი George Passmore 50 წელზე მეტია მოღვაწეობენ არტსამყაროში არა როგორც კრეატიული გუნდი, არამედ როგორც ერთი არტისტი. ერთმანეთი 1967 წელს St Martins-ის ხელოვნების სკოლაში გაიცნეს და მას შემდეგ განუყრელები არიან როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში. მათი ნამუშევრები უნიკალურ კავშირს ამყარებს ყოველდღიურ ცხოვრებასა და ხელოვნებას შორის. Gilbert & George-მა თანამედროვე ხელოვნებას ახალი ფორმები და შესაძლებლობები შესძინა, პერფორმანს არტისთვის გზის გაკვალვითა და პირადი ცხოვრების ხელოვნების ნიმუშად ქცევით. ისინი დაუპირისპირდნენ აქამდე არსებულ ნორმებს, ტაბუებს - რა ითვლება სილამაზედ, სიმახინჯედ, მოსაწონ არტად, დაუპირისპირდნენ ბურჟუაზიული გემოვნების სტანდარტებს და შეცვალეს დამოკიდებულებები ჰომოსექსუალებისა და სხვა უმცირესობების მიმართ.
Gilbert და George ხელოვნებისადმი ყოველთვის ანტიელიტისტური დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ, მათი აზრით, ხელოვნება ყველასთვისაა და არა არტ-სამყაროს მცირე ჯგუფებისთვის. თავიანთი ნამუშევრებით აშუქებენ იდეას, რომ ხელოვნებაში აუცილებელია არტისტის პიროვნების შეწირვა და პირადი ინვესტიცია, რის გამოც ისინი “ცოცხალ სკულპტურებად” მიიჩნევენ თავს და თავად არიან მათი ნამუშევრების ნაწილი.
კრეატიული დუო ხელოვნების სხვადასხვა მედიუმით ცდილობს გამოხატოს სათქმელი და თავიანთ ნამუშევრებს “სკულპტურებს” უწოდებენ. ნახატების შექმნა 70-იან წლებში დაიწყეს, პირველი ყველაზე დასამახსოვრებელი ნამუშევარი მათი ფოტოგრაფიული სელფ-პორტრეტი იყო, სადაც თავიანთ ცნობილ კოსტიუმებში გამოეწყვნენ და ნამუშევრის კრიტიკა ყველას დაასწრეს მისი დასათაურებით - “George the Cunt and Gilbert the Shit”. ჯერ კიდევ St Martins-ში სწავლისას შემოგვთავაზეს “მომღერალი სკულპტურების” პერფორმანსი, სადაც სხვადასხვა ფერის მეტალის პუდრით დაფარულები მღეროდნენ Flanagan And Allen-ის სიმღერას - “Underneath the Arches”, ზოგჯერ მთელი დღის განმავლობაში, კვლავ უნიფორმა-კოსტიუმებით.
ჩაცმულობასთან ერთად წყვილი ცნობილია მასიური ფოტონამუშევრებით - “The Pictures”. თავიდან უმეტესად შავ-თეთრ ფოტოებს იყენებდნენ, რომელსაც ხელით ახატავდნენ წითელ და ყვითელ ელემენტებს, შემდგომ დაიწყეს უფრო მკვეთრი ფერების და გრიდების გამოყენება. მათი ფოტოგრაფიაც თამამი, მაპროვოცირებელია და ასახავს სოციალურ პრობლემებს და უთანასწორობებს. ისინი ხშირად გვევლინებიან ფოტოების მთავარ გმირებად და მათთვის “The Pictures” მაყურებლისთვის გაგზავნილი ვიზუალური სასიყვარულო წერილებია.
მიუხედავად იმისა, რომ Gilbert და George ბრიტანული და მსოფლიო არტ-სამყაროს გამორჩეული აიქონები არიან, მათ მოღვაწეობას მუდმივი კრიტიკა სდევდა თან. აბრალებდნენ სკინჰედების სუბკულტურის გლამურიზებას, აკრიტიკებდნენ შოკის მომგვრელი მასალის, სიშიშვლის, სექსუალური აქტების ღიად ჩვენებისთვის. მაგრამ, სწორედ ეს თამამი, ხმამაღალი არტი იყო და არის Gilbert-ის და George-ის მიზანიც, მათ სურთ ნამუშევრები ყვიროდეს და ამ ყვირილით მოახდინონ არსებული კონსერვატიული შეხედულებების რღვევა კულტურაში, დაანახვონ ხალხს ურბანული რეალობა, ის, რასაც ისინი ყოველდღე თავად ხედავენ და ამ გზით შეცვალონ ადამიანების დამოკიდებულება სხვადასხვა სოციალური ფენის, საკითხებისა თუ, ზოგადად, ცხოვრების მიმართ.
Gilbert და George აღმოსავლეთ ლონდონის იმავე უბანში ცხოვრობენ, სადაც 50 წელზე მეტია ქმნიან ნამუშევრებს, იცვამენ თითქმის ერთნაირ, უნიფორმად ქცეულ კოსტიუმებს, რომლის გამოც The Guardian-მა 50 წელს გადაცილებული საუკეთესო სტილის მქონე ვარსკვლავების სიაში შეიყვანა. მთელ ცხოვრებას უთმობენ ხელოვნებას, დაწყებული აღმოსავლეთ ლონდონში დილის სეირნობით, დამთავრებული სტუდიაში ნამუშევრების შექმნით. თითქმის შეუძლებელია მათი ერთმანეთის გარეშე შეხვედრა და ასევე შეუძლებელია მათი არტისა და ცხოვრების განცალკევება.
დაწერე კომენტარი