“ჩემი მიზანია ვაკეთო ის, რაც აქამდე არავის უკეთებია”
ნამდვილად ვერავინ შეძლო აქამდე ის, რაც საიმონ დუნანმა. მწერალი, ლენდმარკად ქცეული Barneys უნივერმაღის კრეატიული ამბასადორი, ყოფილი Drag Queen, ნიუ-იორკის ბრიტანელი აიქონი და ვიტრინების ყველაზე ცნობილი დიზაინერი საიმონ დუნანი 30 წელზე მეტია გემოვნებას გვიყალიბებს და მოდის ინდუსტრიის სათავეშია.
დუნანმა ვიტრინების დიზაინი აქცია ხელოვნებად და მათ თავისი ნამუშევრების გამოსაფენად იყენებს. მისთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს არტისტობა, როდესაც შეუძლია თავისი ნამუშევარი ყველა გამვლელს აჩვენოს. არტისტი გამოკეტილია გალერეაში, ხოლო ვიტრინების დიზაინერი ქუჩაშია, ხალხთან.
საიმონმა ძვირად ღირებული და ექსკლუზიური მაღალი მოდა ხელშესახები გახადა საზოგადოების ყველა ფენისთვის და დაარღვია აქამდე არსებული დიზაინის კლასიკური ტრადიციები. მინიმალისტური, სუფთა, უნაკლო ვიტრინა, ძვირად ღირებული მასალის და ტექნოლოგიების გამოყენება, ამას ვერ შეხვდებით მის ნამუშევრებში. საიმონ დუნანმა სხვა გზა აირჩია ექსცენტრიკული ვიტრინების შესაქმნელად, ცოტაოდენი როკ-ენ-როლი, არეულობა, შეშლილი კოლაჟები, ხელნაკეთი ნივთები, დანგრეული ოთახები, ქაოსი, რომელშიც დიზაინერი თავს კომფორტულად გრძნობს.
მისი ვიტრინები ინსპირირებულია პანკ-როკით, წინა საუკუნის 30-იანი წლების მანეკენებით და სიურრეალიზმით. დუნანის შთაგონებაა ყოველდღიური საგნების სრულიად ახალ იდეად ქცევა, რაც Barneys ხელწერად დამკვიდრდა. პარიკებისგან აეწყო ნაძვის ხე, პასტასგან შეიქმნა სოფი ლორენი, ჯაგრისები ხეებად გადაიქცა, ძველი კომპიუტერის ნაწილებისგან ბილ გეითსის პორტრეტი ფორმირდა, კლეოპატრა კი ლუდის ბოთლის თავსახურებისგან. მან თავი დააღწია ვიტრინების დიზაინის მოსაწყენ იდეალურობას და ალტერნატიული, მტკიცე ხასიათი შეუქმნა, რომელიც გამვლელებს ან აღფრთოვანებულს, ან განაწყენებულს ტოვებს, მაგრამ არასდროს გულგრილს.
სფეროში გატარებული რევოლუციური იდეების მიუხედავად, საიმონი თავს არ თვლის ტრენდების წინასწარმეტყველად და არ იცის, თუ საითკენ მიდის მოდა. ყოველთვის ზომიერი სკეპტიკურობით უყურებს მომხმარებლის ქცევის ცვლილებებს. წარმოუდგენელად ეჩვენებოდა სმარტფონებზე დამოკიდებულება, ონლაინ შოპინგის პოპულარობა და ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ხალხი სახლიდან ტანსაცმლის გამოწერას ამჯობინებდა მათ მაღაზიაში მორგებას.
მომავლის განჭვრეტა შეიძლება არ არის მისი ძლიერი მხარე, მაგრამ უკვე დამდგარი სიახლის ყველაზე გემოვნებინად შეფუთვა მხოლოდ მას შეუძლია. დუნანი კულტურას მეცნიერული სიზუსტით შეისწავლის და შემდგომ აირეკლავს საკუთარ ნამუშევრებში. ის აკვირდება, რასაც სხვა აკეთებს, ამის სრულიად საპირისპირო გზას ირჩევს და საუკეთესოს ქმნის.
80-იანი წლების ბოლოს დუნანმა შენიშნა საზოგადოების ობსესია ცნობილი ადამიანებით და ამ მიგნებას დაეფუძნა მისი დიზაინის კონცეფციაც. როდესაც ნენსი რეიგანმა დატოვა თეთრი სახლი, დონანმა შექმნა საახალწლო ვიტრინის დიზაინი, სადაც ნენსი რეიგანი უნიფორმად ქცეულ წითელ კოსტიუმში გამოწყობილი, თვითმფრინავის ბილეთით ხელში, პაპიემაშესგან დამზადებულ ძაღლთან ერთად იყო მოთავსებული. საიმონი შეეცადა მანეკენი დაემსგავსებინა პირველი ლედისთვის, მაგრამ იმდენად საშინელი გამოუვიდა, რომ ზურგით შეატრიალა. ვიტრინამ საოცარი გამოხმაურება პოვა პრესაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეს მისი ყველაზე ხმაურიანი ნამუშევარი გახდა, რამაც დაარწმუნა ცნობილი ადამიანების “გამოყენების” მართებულობაში.
აქედან მოყოლებული დუნანის შთაგონება პოპკულტურის წარმომადგენლები გახდნენ, რომლებიც მაშინდელი მაღალი მოდისთვის სათანადოდ დახვეწილად არ ითვლებოდნენ. ყოველი ახალი ვიტრინის შექმნა მის ირგვლივ ხალხის შეკრებით და განხილვით მთავრდებოდა. ენდი უორჰოლის, პრინცის, მადონას ვიტრინები, ჭაღზე დაკიდებული მარტა სტიუარტი, ბეტი მიდლერი მოცეკვავე ნაძვის ხის როლში, მარგარეტ ტეტჩერი, როგორც საპყრობილეში გამომწყვდეული დომინატრიქსი.
საიმონის ვიტრინები ირეკლავდა ყველაფერს, რაც შუშის გარეთ ხდებოდა, ის აკვირდებოდა და უსმენდა, თუ რას ლაპარაკობს ხალხი, რა არის აქტუალური. როდესაც მეჯიქ ჯონსონმა განაცხადა აივ ინფექცირების შესახებ, საიმონმა ამ გამბედავი საქციელის გამო მთელი ვიტრინა დაუთმო, აღნიშნა ანა ვინტურის - ამერიკული “ვოგის” რედაქტორის თანამდებობაზე დანიშვნა, Peace სიმბოლოს 50 წლის იუბილე. სატელევიზიო შოუებსაც მიაგო პატივი, შექმნა სერიალ Sex And The City-ის დასრულების ვიტრინა, აღნიშნა Saturday Night Live-ის ეთერში გასვლიდან 35 წელი. საიმონი ყოველ ახალ წელთან ერთად ზეიმობდა პოპკულტურასაც.
მისი ბოლო ვიტრინისთვის აღმოაჩინა, რომ საზოგადოება შეპყრობილი იყო საკვებით, კულინარიული შოუებით, შეფმზარეულებით და 2010 წელს “Have a Foodie Holiday” ვიტრინით შეხვდა, სადაც ყველაზე ცნობილი მზარეულები ერთმანეთს მასობრივ ბრძოლაში პლასტმასის საკვებით უსწორდებოდნენ. მართალია, ამის შემდეგ დიზაინერად აქტიურ მუშაობას თავი დაანება, მაგრამ კვლავ აგრძელებს სამყაროზე დაკვირვებას, ადამიანების ბუნების შესწავლას, ამ ცოდნის ხელოვნებად ტრანსფორმირებას და იმის შექმნას, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.
დაწერე კომენტარი