შანელის Métiers d’Art 2021-ის  შოუს, რომელიც რენესანსის ეპოქის ქალთა ძლიერებას მიეძღვნა,  ერთადერთი სტუმარი - კრისტენ სტიუარტი ესწრებოდა.



ბრენდმა აღნიშნული ჩვენება „ქალთა სასახლედ“ წოდებულ შატო Chenonceau-ში გამართა, რომელიც ლუარის ველზე, საფრანგეთში მდებარეობს. სასახლეში, რომელსაც ვერსალის შემდეგ  ყველაზე მეტი მნახველი ჰყავს  და რომელიც ეკატერინე მედიჩის ისტორიულ რეზიდენციას წარმოადგენდა, ვირჯინი ვიარდმა თავისი ფრანგული სახლის კოლექცია წარადგინა. 

მსოფლიო პანდემიის გამო Métiers d’Art 2021 შოუ არ ჰგავდა შანელის ჩვეულებრივ სამოგზაურო შოუებს - აუდიტორიის ერთადერთი წევრი შუა საუკუნეების დედოფლის როლში მყოფი მსახიობი კრისტენ სტიუარტი იყო, გარშემორტყმული შუა საუკუნეების დიდგვაროვანი ქალბატონებით.

კოლექციით ბრენდმა პატივი მიაგო რენესანსის ეპოქის ძლევამოსილ ქალებს და პარალელი გაავლო მათსა და გაბრიელ შანელს შორის. „მხოლოდ ძლიერ ქალებს შეუძლიათ სასახლეში ცხოვრება“, - ვკითხულობთ ჩვენების  ჩანაწერებში. მოდელებისთვის, რომლებმაც ვირჯინის მიერ შექმნილი რენესანსის მდიდრული, თუმცა გათანამედროვებული სამოსი მოირგეს, პოდიუმს მდინარე ჩერზე გადასასვლელი ხიდი წარმოადგენდა. 

ეს გარემოება შანელისთვის მშვენიერი მეტაფორა იყო: ქალის მიერ აშენებული ისტორიული სახლი, რომელსაც დღესაც ქალი უდგას სათავეში - ვირჯინი, რომლის მიზანსაც მოდის სახლის კლასიკისადმი დამოკიდებულების ინტერპრეტირება და მისთვის ახალი ენერგიის მინიჭება წარმოადგენს.

თავად კოკო შანელი იყო რენესანსის ეპოქის ქალთა დიდი თაყვანისმცემელი, რომელმაც თავის კოლექციაში გამოიყენა სწორედ ამ პერიოდის საყელოები და კონუსისებრი ქუდები. „ჩვენ არ ვიცით, იყო თუ არა კოკო მთლიანად რენესანსის ქალებით შთაგონებული, თუმცა ეს სავარაუდოა, რადგან  იგი აღმერთებდა მათ,  - აღნიშნა ვირჯინიმ, - მისი მაქმანებიანი საყელო და სამკაულები სწორედ აქედან მოდის. სინამდვილეში ეს ადგილი შანელის ისტორიის ნაწილია“.

მთლიანი ჩვენება ხასიათით რენესანსის მემკვიდრეობას წარმოადგენდა: დაუსრულებელი ნაქსოვი ტანსაცმელი, შუა საუკუნეების თანამედროვე გობელენებით, მარგალიტით მორთული ტყავის ქურთუკები, ზარის ფორმის ქვედაბოლოები, საყელოები და ქამრები - ეს ყველაფერი ისტორიული სასახლის ფონზე. „მე მომწონს ყველაფრის ერთმანეთში შერევა, სხვადასხვა ეპოქების - მაგალითად, რენესანსისა და რომანტიზმის - ეს ყველაფერი ძალიან შანელისეულია“, - განაცხადა ვირჯინიმ.