პოპ-არტის მთავარი ფიგურა - ენდი უორჰოლი და მის სახელთან გაიგივებული ასოციაციები იშვიათად თუ ყოფილა შობასთან ახლოს. სინამდვილეში, არტისტს სადღესასწაულო განწყობა და დეკორაცია არა მხოლოდ უყვარდა, არამედ გარკვეულ ეტაპზე საშობაო თემატიკა მისი შემოქმედების წამყვან მიმართულებადაც კი ქცეულა. ეს ფაქტი გასაკვირი სულაც არაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთიანობის, კონსუმერიზმისა და პოპ-კულტურის თემატიკით უორჰოლი ყოველთვის მოხიბლული იყო. შობის ფენომენი კი ცალსახად მატერიალისტური, ხშირად ვულგარული, ამავდროულად კი დემოკრატიული და ერთიანი დღესასწაულის სიმბოლოა, რაც ზუსტად ესადაგება უორჰოლის შემოქმედებით იდეალებს.

 

 

სანამ არტისტი ცნობილი გალერეებისთვის მუშაობას დაიწყებდა, ის ნიუ-იორკში განსაკუთრებულად წარმატებული და ცნობილი კომერციული ილუსტრატორი იყო. 1956 წელს უორჰოლმა “Tiffany & Co”-სთვის საახალწლო მისალოცი ბარათების დამზადება დაიწყო. ექვსი წლის განმავლობაში კომპანია ყოველ საშობაო დღესასწაულზე მყიდველებს უორჰოლის ბარათებს სთავაზობდა, ვიდრე ენდიმ “კემპბელის წვნიანის ქილებზე” მუშაობა არ დაიწყო. ხილის, წინდების, სანთლებისა და ჩრდილოეთის ირმებისგან დახატული საახალწლო ხე ბარათებში კომერციალიზმსა და ინდივიდუალურ ხედვას შორის იდეალური ზღვარს ინარჩუნებდა.

მოგვიანებით 1978 წელს უორჰოლი ტრუმან კაპოტესთან ერთად “High Times”-ის საახალწლო გამოშვებაში მოხვდა, რომლის ყდაზეც მას სადღესასწაულო ფორმა აცვია. 1980 წელს საახალწლო კოსტიუმებთან ერთად საშობაო პოლაროიდიც გადაიღეს. ამავე პერიოდში არტისტი “პოინსეტიას” სერიაზე მუშაობდა. მძაფრი ფერებითა და ვარდისფერი მოხაზულობით შესრულებული “საშობაო ყვავილის” პრინტი მალევე სხვადასხვა კომპანიის სადღესასწაულო კომერციულ პოსტერად იქცა.

ენდი უორჰოლის შობისადმი სიყვარულს ისიც ხაზს უსვამდა, რომ იგი მეგობრებისთვის სადღესასწაულო საჩუქრებს ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით არჩევდა. არტისტი “ამერიკულ შობას” სრულად აღიარებდა. უორჰოლისთვის შობა დიდწილად ნორმან როკველის ნამუშევრებთან ასოცირდებოდა, მისთვის ახალი წელი, ერთი მხრივ, ანთროპოლოგიური ფანტაზია იყო, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო ყველას, პირველ რიგში კი მას.

“Greetings From Andy (Warhol): Christmas At Tiffany’s” ილუსტრირებული წიგნია, რომელიც უორჰოლის საშობაო ჩანახატებსა და დასრულებულ ნამუშევრებს აერთიანებს. წიგნი მცირე ზომის ანეკდოტებს, გამონათქვამებსა და დისკუსიასაც მოიცავს.