დავით გოგოხია ერთ-ერთი პირველი ყავის ტექნოლოგია საქართველოში, რომელმაც "მეამას" განსაკუთრებული გემოების შესაქმნელად ცოდნა და გამოცდილება საქართველოს საზღვრებს გარეთ დააგროვა, შემდეგ კი თავის გუნდთან ერთად "მეამაში" დანერგა. თუ უკვე გასინჯული გაქვთ "მეამას" ყავის სხვადასხვა გემო, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ თითოეული მათგანის რეცეპტი დავით გოგოხიას და მის გუნდს ეკუთვნის. ამ გემოების შესაქმნელად მათ "მეამასთან" ერთად დიდი და ძალიან საინტერესო გზა გაირეს.
დავით, ვიცით, რომ ყავის სამყაროში მისგან სრულიად განსხვავებული ტექნიკური სფეროდან მოხვდით, მოგვიყევით, როგორ აღმოჩნდა პროფესიით მფრინავი საბოლოოდ "მეამას" გუნდში?
ჩემი პირველი პროფესია სამხედრო მფრინავობა იყო, წლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტროში ვმსახურობდი და რეაქტიული თვითმფრინავის მფრინავი ვიყავი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მომიწია ჩემთვის საყვარელი საქმიანობისთვის თავი დამენებებინა და ახალ პროფესიას დავუფლებოდი. სწორედ ამ დროს გავიგე ინფორმაცია "მეამაზე", ახალ კომპანიაზე, რომელიც განსხვავებულ და საინტერესო ბიზნესს იწყებდა. ეს იყო სრულიად ახალი, თანამედროვე და მომავლის პროდუქტის - ყავის კაფსულების მწარმოებელი კომპანია, რომელსაც სურდა საქართველოში ყავის მიღების კულტურაში დიდი გარდატეხა მოეხდინა. მეამა ეძებდა კადრებს, ვისაც სურვილი ჰქონდა ახალ, განსხვავებულ პროფესიას დაუფლებოდა. კომპანია მენდო და შეიძლება ითქვას, რომ საბოლოოდ ორივე მხარის მოლოდინი გამართლდა.
მოგვიყევით, რა გზა გაიარეთ მანამდე, სანამ ლაბორატორიულ საქმიანობას შეუდგებოდით. ვიცით, რომ ყავის ტექნოლოგიის შესახებ ცოდნა და გამოცდილება საზღვრებს გარეთ დააგროვეთ.
რადგან საქართველოში ამ მიმართულებით კვალიფიციური ადამიანები ნაკლებადაა, მსოფლიოს თოთხმეტ ქვეყანაში მივიღე ცოდნა და გავიარე სხვადასხვა სახის ტრენინგი. სამი წელი ვსწავლობდი და ვიღებდი იმ გამოცდილებას, რომელიც საბოლოოდ ჩვენს საწარმოში დავნერგეთ. ბევრი რამ ვისწავლე - ყავის ისტორია, მისი კულტურა, თუ როგორ უნდა შეარჩიო ნედლეული, ყავის მოხალვა, ნაზავების შექმნა, მაგრამ არავინ გასწავლის ინდუსტრიული მიმართულებით მუშაობას. შედარებისთვის შემიძლია მოვიყვანო მანქანის მართვა. მართვის სწავლა და მოწმობის აღება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ შენ უკვე საუკეთესო მრბოლელი ხარ, ამისათვის თავადვე უნდა გახდე პროფესიონალი, დაახლოებით ასეა ამ სფეროშიც.
რას გულისხმობს კაფსულაზე მუშაობის პროცესი, შეგიძლიათ გაიხსენოთ, როგორ იქმნებოდა “მეამას” პირველი გემოები?
პროდუქტის შექმნის დროს, სანამ გემოებზე ჩამოვყალიბდებოდით, თავად კაფსულის ტექნოლოგიური და მექანიკური გამართვის პროცესსაც ბევრი სირთულე ახლდა თან. კაფსულა შეფუთვის თანამედროვე ტექნოლოგიაა, რომელიც ყავის არომატის შენარჩუნებას ყველაზე კარგად უზრუნველყოფს, ის ასევე ყავის მოხმარების ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი საშუალებაა.
კაფსულის შემდეგ დავიწყეთ ფიქრი გემოებზე. გემოვნება ძალიან ინდივიდუალურია და მომხმარებელს მაღალ ხარისხთან ერთად, რა თქმა უნდა, მისთვის სასურველი გემო უნდა შესთავაზო. ქართველი მომხმარებლისთვის განსაკუთრებული გემოების მისაღებად სპეციალური მოხალვის რეცეპტები და ნაზავები შევქმენით, რის შედეგადაც მივიღეთ ქართული მოხალვის მეთოდი. ჩვენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავაგზავნეთ “მეამას” როგორც ამერიკული, ისე ევროპული ფორმატის ყავის კაფსულები და მათი გემოვნური თვისებებით დიდი მოწონება დავიმსახურეთ.
"მეამა" ორი განსხვავებული - ევროპული და ამერიკული ფორმატის კაფსულის ყავას ქმნის, რატომ იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი მომხმარებლისთვის ორივე ფორმატის შეთავაზება?
რა თქმა უნდა, არცერთი ბიზნესი არ იწყება ანალიზისა და კვლევების გარეშე. ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში ადამიანები დაახლოებით თანაბარი რაოდენობით მოიხმარენ ნალექიან და ხსნად ყავას. გვინდოდა, რომ ჩვენი პროდუქტი ორივე სეგმენტისთვის შეგვეთავაზებინა, რათა ნებისმიერი ფორმატის ყავის მოყვარულს შესაძლებლობა ჰქონოდა, უკეთესი ხარისხის ყავა მიეღო. მარტივად რომ ვთქვათ, მათ, ვინც ყავას პატარა ფინჯნით მიირთმევს, იქნება ეს ესპრესო თუ ნალექიანი, ჩვენ ევროპული ფორმატის კაფსულას ვთავაზობთ, ხოლო ვინც დიდი ფინჯნით სვამს, მათთვის ზუსტად ჩვენი ამერიკული ფორმატის კაფსულაა მისაღები.
შეგიძლიათ განგვიმარტოთ, რას ნიშნავს და რა გემოვნური თვისებებით ხასიათდება ამერიკული ფორმატის ყავა?
როცა ვამბობთ “ამერიკული ფორმატის კაფსულას”, ვგულისხმობთ ყავას, რომელსაც ამერიკელები Black Coffee-ს უწოდებენ, ის გაფილტრული და დიდი მოცულობის სასმელია.
“მეამა” უნიკალური კომპანიია, რადგან ორი კონტინენტისთვის უკვე საყვარელი გემოები და მოხმარების წესი ერთ საწარმოში გააერთიანა. საქართველო ყოველთვის მულტინაციონალური ქვეყანა იყო, რომელიც სხვადასხვა კულტურის მნიშვნელოვან და საინტერესო სიახლეებს თავის კულტურაში ორგანულად ნერგავდა. მე მჯერა, რომ ყავის მოხმარების როგორც ამერიკული, ასევე ევროპული წესი ქართველი მომხმარებლის ჩვევაში აუცილებლად იპოვის თავის ადგილს.
როგორ ფიქრობთ, რატომ არ მოხდა ეს აქამდე?
ამას სჭირდება დიდი გამბედაობა, რადგან ყავის წარმოება საკმაოდ რთული ბიზნესია. ძალიან მიხარია, რომ “მეამამ” ასეთი ნდობა და თანადგომა გამომიცხადა. ჩვენ ერთად შევქმენით მაღალი ხარისხის პროდუქტი და მომხმარებელს გავუზიარეთ განსხვავებული გამოცდილება.
როგორც გითხარით, ყავის ბიზნესი საკმაოდ რთულია, მაგრამ ამ ყველაფერს თავისი პოზიტიური მხარეებიც აქვს, რადგან სირთულიდან გამომდინარე მაღალი ხარისხის ყავის კაფსულების წარმოებას ყველა ვერ შეძლებს და მცდელობების მიუხედავად საქართველოში დღეს ხარისხიან კაფსულის ყავას სხვა ვერავინ აწარმოებს. Ჩვენ ამისთვის წლები ვემზადებოდით, თითქმის სამი წელიწადი ვიღებდით განათლებას ყავის ინდუსტრიაში, შემდგომ ეს გამოცდილება ჩვენს საწარმოში რომ გამოგვეყენებინა. ამ დიდ გზაზე მილიონობით გაფუჭებულმა კაფსულამ საბოლოოდ სასურველ, წარმატებულ შედეგამდე მიგვიყვანა, რომლისთვისაც გარდა ფინანსური სახსრებისა, დიდი მოთმინება და მიზანდასახულობა იყო საჭირო.
პირადად თქვენთვის რა არის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რომელიც "მეამაში" საქმიანობისთვის ყველაზე დიდ სტიმულს გაძლევთ?
ერთ მაგალითს მოვიყვან, ბერლინში ძალიან პოპულარულია ე.წ. Speciality Coffee Shop-ები, სადაც მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ყავას სთავაზობენ. ერთ-ერთი ასეთი კაფეს მეპატრონემ პირადი საუბრისას მითხრა, რომ დღეს ის პირველია თავის სფეროში და ბერლინში მის კაფეს და გემრიელ ყავას ყველა იცნობს, მაგრამ თავდაპირველად ახალი კაფე და განსხვავებული გემოს ყავა ყველასთვის უცხო იყო, არავინ ინტერესდებოდა. მან კი ბევრი შრომა, ენერგია, სახსრები და რესურსი ჩადო და ევროპაში მისი კაფე დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ზოგადად, მსოფლიოში ყავის მომხმარებლების ცნობიერება მსგავსი ტიპის ბიზნესებისა და კაფეების ხარჯზე ამაღლდა.
ჩვენ გვსურს, რომ საქართველოშიც გავზარდოთ მოთხოვნა ხარისხიან, ჯანსაღ და განსაკუთრებული გემოს ნამდვილ ყავაზე.
აღმოჩენა, რომელმაც ყავის შესახებ თქვენი წარმოდგენა სრულიად შეცვალა...
არც კი ვიცოდი, რომ ყავის სხვადასხვა, ძალიან განსხვავებული და მრავალფეროვანი გემოები არსებობდა. ალბათ რთული წარმოსადგენია, რომ ყავაში ალუბლის ნოტების, თაფლის არომატის, აკაციის ყვავილის სურნელისა და ჟასმინის ნოტების აღმოჩენაა შესაძლებელი, მაგრამ რამდენიმე ათასი ფინჯანი ყავის დაგემოვნების, ასევე ბევრი ცოდნისა და გამოცდილების დაგროვების შემდეგ, მეც დავიწყე ამ ყველაფრის აღმოჩენა, რაც ერთ დროს ჩემთვის აბსოლუტურად დაუჯერებელი იყო. ახლა მინდა, რომ ეს ძალიან მდიდარი და გემრიელი სამყარო ჩვენს მომხმარებელსაც გავაცნო.
მითი ყავის შესახებ, რომელიც დაგემსხვრათ და ახლა გინდათ, რომ ყველამ იცოდეს...
ასეთი მითები ბევრია, მაგრამ რაც მთავარია აღმოვაჩინე, რომ ყავა შაქრის გარეშეც გემრიელია. ზოგადად, საკვებში ნებისმიერი სახის დამატკბობელს ნაკლოვანებების დასაფარად იყენებენ. ყავას, რომელიც სხვათა შორის ხილია, თავისი ბუნებრივი სიტკბო გააჩნია. თუ ყავა მაღალი ხარისხისაა, ის კარგად დავარგებული მოიკრიფა და სწორად დამუშავდა, არ სჭირდება დამატებითი დატკბობა, პირიქით, ხარისხიან ყავაში ჩამატებული შაქარი მის უნიკალურ არომატულ ღირებულებებს ფარავს.
თქვენ თვითონ "მეამას" რომელ გემოს ანიჭებთ უპირატესობას?
გააჩნია დღის მონაკვეთს, ხასიათს და განწყობას. დილით სწრაფად გამოსაფხიზლებლად ინტენსიური გემო მირჩევნია, ლანჩის დროს ან სადილის შემდეგ უფრო მსუბუქი გემო მსიამოვნებს, საღამოს კი თუ დროულად დაძინებას არ ვაპირებ, შემიძლია ჩვენი ასორტიმენტიდან ნებისმიერი ყავა ამოვარჩიო, მაგრამ ხშირ შემთხვევაში საღამოს ჩემი არჩევანი უკოფეინო ყავაზე ჩერდება. კოფეინის მოქმედება ჩვენს ორგანიზმში დაახლოებით ოთხიდან ექვს საათამდე გრძელდება, საღამოს რვა ან ცხრა საათზე მიღებული ყავა დროულად დაძინებაში შესაძლოა ხელისშემშლელი ფაქტორი იყოს, მაგრამ უკოფეინო ყავის მიღების შემთხვევაში იღებ ყავის გემოს, მაგრამ არა კოფეინს. საღამოს უკოფეინო ყავა ჩემთვის იდეალური გამოსავალია.
ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე "მეამაში"...
ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ მეამაში სამუშაო დღე იწყება ყავით და ეს პროცესი გრძელდება მთელი დღის განმავლობაში. ჩვენი ყავის ტექნოლოგების გუნდის მიერ ყოველდღიურად ლაბორატორიაში დადგენილი პროტოკოლის მიხედვით მოწმდება მზა პროდუქტის ნიმუშების შესაბამისობა ხარისხთან, შემდეგ გროვდება ეს მონაცემები და ამის მიხედვით ვაკეთებთ ანალიზს. მაქსიმალურად ვზრუნავთ მომხმარებელზე, რათა მათ მიიღონ მაღალი ხარისხის, ინდივიდუალურ გემოვნებას მორგებული, განსაკუთრებული გემოსა და არომატის ყავა, თუმცა გარდა ყოველდღიური აუცილებელი საქმიანობისა, პარალელურ რეჟიმში ახალ გემოებზე მუშაობაც მიმდინარეობს, რაც რთული, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ საინტერესო პროცესია.
სამომავლო გეგმები...
გარდა იმისა, რომ ყავის კულტურა საფუძვლიანად შევისწავლეთ და ჩვენი დღევანდელი მდგომარეობით კმაყოფილი ვართ, მუდმივად ვეძებთ სიახლეებს. დიდი ხანია, რაც ჩაის შესწავლაც დავიწყეთ და გვინდა, რომ ჩვენს მომხმარებელს კაფსულის ფორმატში მრავალფეროვანი და განსხვავებული ჩაი შევთავაზოთ. რაც შეეხება ყავის კაფსულების ასორტიმენტის ზრდას, ვვარაუდობთ, რომ "მეამას" ახალ პროდუქციას მომხმარებელი სულ მალე გაუგებს გემოს.
დაწერე კომენტარი