შობა-ახალი წელი ყველაზე ჯადოსნური პერიოდია, როდესაც მთელი მსოფლიო ზღაპრულ დეკორაციებში ჩაფლული გვევლინება. სანტა კლაუსის მოლოდინში სადღესასწაულო სეზონის მაგიას ფერადი და განსაკუთრებული ნაძვისხეები, ბრჭყვიალა ორნამენტები და თვალისმომჭრელი განათებები ქმნის, რომელთა გარეშეც დღესასწაული წარმოუდგენელია. სასტუმროებს შორის საახალწლო დეკორაციებით ერთ-ერთი გამორჩეულია ლონდონის უმაღლესი ხარისხის სასტუმრო Claridge’s, რომლის დიზაინზეც ყოველწლიურად მოდის ინდუსტრიის ცნობილი წარმომადგენლები ზრუნავენ.
Claridge’s-ის სასტუმრომ ცხოვრება 1856 წელს დაიწყო და მალევე სამეფო ყურადღებაც მიიპყრო. 1920-იან წლებში იგი ინგლისის ინსტიტუცია გახდა, რომელიც არტ-დეკო ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. 2009 წლიდან მოყოლებული ლონდონის საკულტო სასტუმრო განსაკუთრებით ჯადოსნურ საშობაო დეკორაციებს გვთავაზობს, რომლებიც სხვადასხვა ცნობილი მოდის სახლის ერთგვარი ხელოვნების ნიმუშებია.
დიორის კრეატიული დირექტორის, ჯონ გალიანოს ვერცხლისფერი, თეთრი და ლურჯი ორქიდეებითა და კრისტალებით შექმნილი ნაძვისხით იწყება სასტუმრო Claridge’s საშობაო მაგია. ტროპიკულ ხეს, რომელიც დაფარულია თოვლის ლეოპარდის კრისტალისებური პრინტით, გაყინული გლამურული სხივის ელფერი დაჰკრავს, რაც სასტუმროს არტ-დეკო ინტერიერს განსაკუთრებით უხდება.
სასტუმროს საშობაო ნაძვისხის ისტორია ისევ ჯონ გალიანოსთან ერთად გრძელდება და 2010 წელს დიორი წყალქვეშა სამყაროს მრავალფეროვნებით შთაგონებულ ხეს - Under the Sea-ს გვთავაზობს. ზღვის ცხენები, ვარდისფერი მარჯნები, ვერცხლისფერი ბრჭყვიალა მედუზები, თევზები - 2010 წლის გალიანოს საშობაო ნაძვისხე ნამდვილად ექსცენტრიკული დიზაინის ნიმუშია.
ტრადიციისა და თანამედროვეობის ინფუზიის მაგალითია ალბერ ელბაზის 2011 წელს Claridge’s-სთვის შექმნილი ნაძვისხე. Lanvin-ის ოცნებითა და ფანტაზიებით სავსე სამყაროში განსაკუთრებულია ალბერის უნიკალური მარიონეტები და აბრეშუმის ფიგურები.
2012 წელს Clardge’s საშობაო ნაძვისხე McQueen-ის დამფუძნებელ კალი ელისს ეკუთვნის, რომლის შთაგონების წყაროც ბუნებისგან იღებს სათავეს. Forest Murmurs - მოოქრული ბროლისა და ზურმუხტის თეთრი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი კვერცხებით ქმნიდა უჩვეულო ფერთა პალიტრასა და გლამურს, რომელიც სასტუმროს არტ-დეკო დიზაინში ირეკლებოდა.
დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა 2013 წლის Claridge’s შვიდმეტრიანი ნაძვისხის დიზაინერები არიან, რომელშიც იტალიური მემკვიდრეობის ნაწილს, კერძოდ კი სიცილიურ ელემენტებს შეამჩნევთ. ნაძვისხეს ამშვენებს 450-ზე მეტი ხელნაკეთი იტალიური შუშის სანათები და ჩარჩოები, რომელთაც იტალიის ქუჩებში საშობაო პერიოდში აუცილებლად შეამჩნევთ. ხელნაკეთი სიცილიური მარიონეტები კი იტალიური საშობაო ტრადიციების კიდევ ერთი ნიმუშია. Dolce&Gabbana-ს ეკუთვნის ასევე მომდევნო წლის საშობაო ნაძვისხე, რომელიც დიზაინერთა ბავშვობის მოგონებებით არის შთაგონებული. რვამეტრიანი საშობაო ნაძვისხე ხელით მოხატული სანათებითა და ხის ელემენტებით ასევე ხაზს უსვამს საშობაო ტრადიციებს.
2015 წელს Claridge’s სასტუმროს პირველად ბრიტანელი დიზაინერის, ქრისტოფერ ბეილის მიერ შექმნილი საშობაო ნაძვისხე ამშვენებდა. Burberry-ს ნაძვისხე დაფარული იყო 100-მდე ოქროსა და ვერცხლის ქოლგით, რომელთა შიგნითაც დამოტანჟებული განათებები მის ბრწყინვალე, თვალისმომჭრელ იერს ქმნიდა. სასტუმროს 2015 წლის საშობაო ნაძვისხე ნამდვილად იყო ორი ბრიტანული მემკვიდრეობის მქონე ბრენდის დღესასწაული.
2016 წელს Claridge’s მისაღები უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ საშობაო ნაძვისხე. სერ ჯონ იფეიმ და მარკ ნიუსონმა ცნობილ ბრიტანელ სეტის დიზაინერ მაიკლ ჰაუველსთან თანამშრომლობით საუცხოო სადღესასწაულო ოთხმეტრიანი სინათლის ინსტალაცია შექმნეს, რომელსაც შოტლანდიური ფიჭვის, არყის და ნაძვის ხეები ამშვენებდნენ.
მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა დიზაინერმა, კარლ ლაგერფელდმა Claridge- ის 2017 წლის ნაძვისხე შექმნა, რომელიც ბავშვობის მოგონებით შთაგონებულ ინსტალაციას წარმოადგენს. “ნაძვისხეები ჩემი ბედნიერი ბავშვობის ყველაზე დასამახსოვრებელი სუვენირია” - განმარტავს დიზაინერი. ინვერსიული საშობაო ნაძვისხე ვერცხლისფერი სტალაქტიტებითა და ვარსკვლავებით განსაკუთრებით ბრწყინავდა.
სასტუმრო Claridge’s-ის 2018 წლის ნაძვისხე – „სიყვარულის ხე“, დაიან ფონ ფურშტენბერგის დიზაინით შეიქმნა. „სიყვარულის ხე“ სიცოცხლის სიმბოლოა, რომელიც სიყვარულის ძალის რწმენით არის შთაგონებული. ხის ექვსმეტრიანი სკულპტურა ციურ მნათობ ობიექტს ჰგავს, რომელიც 8000-ზე მეტი ხელნაკეთი ვერცხლისფერი ფოთლითა და მინის სფეროთი არის გაფორმებული. ნაძვისხის მორთულობაში შერეულია 150-მდე გულის ფორმის შუშის ხელნაკეთი ორნამენტიც. “სიყვარულის ხეს” გამოარჩევს ასევე ცხოველთა სკუპტურებიც, რომელიც ბუნების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
2019 წელს Claridge’s სასტუმრო კრისტიან ლუბუტენის დიზაინით შექმნილ ზამთრის საოცრებათა სამყაროს გვთავაზობდა, რომელიც სარკინიგზო მოგზაურობის ნოსტალგიით იყო შთაგონებული. “მატარებელი ჩემში რომანტიკას აღვიძებს, სადაც ოცნებას საზღვარი არ აქვს”, - განმარტავს დიზაინერი. მის Loubi Express-ში ნაძვისხის კენწეროზე ვარსკვლავის ან ანგელოზის ნაცვლად ოქროსფერი გვირგვინი შეინიშნებოდა, რომელიც ინსტალაციას განსაკუთრებით კაშკაშას ხდიდა.
წელს სასტუმროს საახალწლო მაგიის ავტორი ბრიტანული ყვავილების დიზაინის ბრენდის, McQueens Flower-ის დამფუძნებელი კელი ელისია, რომლის შექმნილი ნაძვისხეც სასტუმროს დიდებულ იერსახესა და არტ-დეკო დიზაინის მემკვიდრეობას მკაფიოდ უსვამს ხაზს. 20-იანი წლებით შთაგონებულ ნაძვისხეს, რომელსაც მოყინულის ელფერი დაჰკრავს, ბროლის 10,000-ზე მეტი ნაკეთობა ამშვენებს. ელეგანტური და გლამურული ნაძვისხე, რომლის განათებებიც სივრცეში სხვადასხვანაირ ფორმებად ირეკლება, ეთერულ შეგრძნებებს კიდევ უფრო აძლიერებს.
დაწერე კომენტარი