"თუ მხედველობაში  მივიღებთ იმას, რომ სიცოცხლე – ერთია, რომ ყველა ცოცხალი არსება ერთი წარმოშობისაა და მათ შორის განსხვავება მხოლოდ სახეობათა ევოლუციის პროცესში ჩამოყალიბდა,  თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ყველა ცოცხალ არსებას აქვს მინიჭებული ბუნებრივი უფლებები და რომ ნერვული სისტემის მქონე ნებისმიერ ცხოველს გააჩნია გარკვეული უფლებები, თუ  მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ადამიანის მიერ ცხოველთა ჰუმანური პატივისცემა განუყოფელია ადამიანის მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემისაგან, მაშინ აღიარებული იქნება, რომ ყველა ცხოველს აქვს უფლება მოეპყრონ პატივისცემით და  არცერთ ცხოველს არ უნდა ეპყრობოდნენ ცუდად, მით უმეტეს სასტიკად..."  

 

ეს სიტყვები ჯერ კიდევ 1997 წელს მიღებულ ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაციაში წერია. მიუხედავად ამისა, დეკლარაციის მიღებამდეც და მას შემდეგაც ცხოველთა უფლებების დარღვევა ხშირად სასტიკი მეთოდებითაც კი, სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს. გასაკვირი ალბათ არც ისაა, რომ ამ სისასტიკის შემოქმედი, ხშირ შემთხვევაში მოდისა და სილამაზის ინდუსტრიაა, რომ არაფერი ვთქვათ იმ საცირკო სანახაობებზე, რომლისთვისაც ათასობით ცხოველს ძალიან დიდი ფიზიკური და ნერვული სტრესის ქვეშ უწევს არსებობა. 

 

დღეს ტანისამოსის მწარმოებელი ძალიან ბევრი ბრენდი უხეშად არღვევს ზემოთ ნახსენებ უფლებებს - Humane Society International-ის მიერ ცხოველის ბეწვის გამოყენებასთან დაკავშირებული სტატისტიკა, რომელიც ამბობს, რომ 2014 წელს ჩინეთში  ბუნებრივი ბეწვის წარმოებას 13 მლნ მელია და 14 მლნ ენოტისებრი ძაღლი შეეწირა, ნამდვილად შემზარავია. თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში ახლა ძალიან ბევრს საუბრობენ ცხოველების უფლებების დაცვაზე და შესაბამისად, მოდის სამყაროშიც და სილამაზის ინდუსტრიაშიც  ჩვენთვის ცნობილი და საყვარელი ბრენდებიდან საბედნიეროდ ყოველწლიურად გამოჩნდებიან ხოლმე ისეთები, ვინც ბუნებრივი ბეწვის მოხმარებაზე სამუდამოდ უარს აცხადებს. 




მაგალითად, იტალიურმა მოდის სახლმა პრადამ ერთი წლის წინ გამოაცხადა, რომ 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან  ცხოველის ბეწვი მთლიანად იქნებოდა ამოღებული. პრადას ეს ნაბიჯი მათი Fur Free Aliance-თან თანამშრომლობის შედეგია, რომელიც თავის მხრივ 40-ზე მეტ ცხოველის უფლებადამცველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს. პრადა კი ამ გადაწყვეტილებით Chanel-ის, Gucci-ს, Versace-სა და სხვა მრავალი ბრენდის მსგავს კამპანიას შეუერთდა. აღსანიშნავია ისიც, რომ იქამდე ერთი წლით ადრე ლონდონის მოდის კვირეულმაც აკრძალა თავის პოდიუმზე ბეწვის გამოტანა, რაც მსგავსი  მასშტაბური მოდის კვირეულის მხრიდან ამ კამპანიაში პირველი ასეთი პრეცედენტია. 


გასულ წელს მსგავსი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო Chanel-ის ბრენდმაც, რომელიც ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა მათ შორის, ვინც ეგზოტიკური ტყავის, ნიანგის, ხვლიკისა და გველის ტყავის გამოყენებაზე უარი განაცხადა. ეგზოტიკური ტყავის გამოყენების კამპანიას Chanel-თან ერთად ისეთი ბრენდები შეუერთდნენ, როგორებიც არიან: Coach, Donatella Versace, Michael Kors, Gucci, Burberry და  John Galliano. გარდა ამისა, კამპანიას უერთდებიან მასობრივი წარმოების ისეთი ბრენდები, როგორიცაა, მაგალითად, ZARA და H&M.


როგორც აღვნიშნეთ, პრადასთან ერთად Gucci-მაც უარი თქვა ბუნებრივი ბეწვის გამოყენებაზე. როგორც 2017 წელს მარკო ბიზარის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში იყო ნათქვამი, სოციალური პასუხისმგებლობა მოდის სახლის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. ამიტომაც, ისინი ამ ნაბიჯითაც და მომავალშიც მუდმივად გააგრძელებენ  და ხელს შეუწყობენ ცხოველებისთვის სამართლიანი გარემოს შექმნას. Gucci-მდე ერთი წლით ადრე ტანისამოსის ბუნებრივი ბეწვით დამზადებაზე უარი თქვა Giorgio Armani-მაც, მიზეზად კი სწორედ გარემოზე ზრუნვა და ცხოველთა უფლებების დაცვა დაასახელეს. 


ამ უკვე თითქმის საყოველთაო კამპანიას უერთდებიან ვივიენ ვესტვუდი, რომელიც თავისი მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობასა და სამოქალაქო აქტივიზმს, გარდა გარემოს დაცვისა, სხვა არაერთ მნიშვნელოვან საკითხშიც ამჟღავნებს. მან ჯერ კიდევ 2007 წელს გადადგა ეს ნაბიჯი და ამ ქმედებით მაშინ ისეთი ცნობილი ბრენდების რიცხვს შეუერთდა როგორებიცაა: Ralph Lauren, Betsey Johnson, Stella McCartney, Calvin Klein, Tommy Hilfiger თუ  Comme des Garcons. 

არა მხოლოდ მოდის სამყაროში, ცხოველთა უფლებების დარღვევის ფაქტებს ძალიან ხშირად სილამაზის ინდუსტრიაშიც ვხვდებით. გარდა იმისა, რომ კომპანიები ფუნჯების და  მაკიაჟისთვის საჭირო მსგავსი აქსესუარების დასამზადებლად ზოგჯერ ბუნებრივ ბეწვს იყენებენ, სილამაზის ინდუსტრიაში ძალიან ხშირად ამა თუ იმ კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქტი სწორედ ცოცხალ ცხოველებზე იტესტება.

მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს ევროპაში ცხოველებზე პროდუქტების ტესტირება აიკრძალა,  სამწუხაროდ, მსოფლიოში დღემდე მილიონობით ცხოველი სილამაზისა და თავის მოვლის გლობალურ ინდუსტრიას ეწირება. სწორედ ამიტომაც, ორგანიზაცია Human Society International-მა  კამპანია Be Cruelty Free, წამოიწყო, რომელიც ამ ბიზნესში ჩართულ კომპანიებს მოუწოდებს შეწყვიტონ საკუთარი პროდუქტის ცხოველებზე დატესტვა. გარდა ამისა, ორგანიზაცია მრავალ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს საზოგადოებაში ცნობიერების  ასამაღლებლად - სინამდვილეში რას ნიშნავს Cruelty Free მიდგომა. 


ამ საყოველთაო კამპანიას საბედნიეროდ, არაერთი ბრენდი შეუერთდა. მაგალითად, კომპანია Estee Lauder, რომელიც 25-ზე მეტ ბრენდს ფლობს და 150-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება, 2023 წლიდან უერთდება BecrueltyFree კამპანიას და აცხადებს, რომ კოსმეტიკურ და თავი მოვლის პროდუქტებს ცხოველებზე აღარ დატესტავს.  ასევე პროდუქტის ცხოველებზე დატესტვას უარყოფს Marc Jacobs-იც. ისინი საკუთარ ვებგვერდებზე წერენ, რომ არასდროს იყენებენ ისეთ ინგრედიენტებს, რომლებიც ცხოველებზე იტესტება. ამასთანავე არ ყიდიან თავიანთ პროდუქტებს ჩინეთში, იქ, სადაც ცხოველებზე ამ სახის ექსპერიმენტის ჩატარება კანონით დაშვებულია. 


ამ სიაში განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კომპანია The Body Shop. ის ერთ-ერთი პირველი ბრენდია, რომელმაც ცხოველებზე ექსპერიმენტების ჩატარებასა და საკუთარი პროდუქციის მათზე დატესტვაზე უარი განაცხადა. სხვათა შორის, ეს იქამდე  მოხდა, სანამ დიდ ბრიტანეთში 1998 წელს ეს საქმიანობა აიკრძალებოდა და უფრო მეტიც, ბოდიშოპს, რომელიც ამ იდეას 1989 წლიდან ახორციელებდა და საკუთარ პროდუქციაში 100%-ით ვეგეტარიანულ ინგრედიენტებს იყენებდა, დიდი წვლილი მიუძღვის ბრიტანეთში ამ კანონის ამოქმედებისთვის.
 

გარდა უფლებადამცველთა, სილამაზისა და მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებისა, ცხოველთა უფლებების დაცვას და თანამედროვე სამყაროში მათ შესახებ არსებულ პრობლემებს საკუთარ ნამუშევრებსა თუ პერფორმანსებში ეხმაურებიან ხელოვანებიც. 

ჟაკლინ ტრეიდი


ხელოვანი და პერფორმერი ჟაკლინ ტრეიდი თავისი პერფორმანსით შეეცადა საზოგადოებისთვის ცხოველებზე ექსპერიმენტისა და ტესტირების პრაქტიკის ყველაზე უარყოფითი მხარე ეჩვენებინა და ამ მანკიერ ჩვევაზე დაეფიქრებინა. ამისათვის მან 10 საათის განმავლობაში საჯარო სივრცეში საკუთარ სხეულზე გამოსცადა ის ტკივილი, რასაც მილიონობით ცხოველი ადამიანების მხრიდან ყოველდღიურად განიცდის.

 

ბენქსი




ბენქსიმ თავისი "მოძრავი სკულპტურა" - Sirens of The Lambs ნიუ-იორკის ქუჩებში წარმოგვიდგინა. სატვირთო მანქანაში გამომწყვდეული შინაური ცხოველების სათამაშოები, რომლებიც მათთვის დამახასიათებელ ხმებს გამოსცემდნენ, აუცილებლად მოგაგონებდათ ფერმას, სადაც ეს ცხოველები რეალურად არიან გამომწყვდეული. ამ ნამუშევრით ხელოვანმა იმ პრობლემას გაუსვა ხაზი, რომელიც ამგვარ პირობებში ცხოველების გამომწყვდევას მხოლოდ იმის გამო გულისხმობს, რომ მომავალში ისინი ადამიანების მიერ საკვებ პროდუქტად გადაიქცნენ.
 

 

 

გეილ ჰართი

რომელი ცხოველის ხორცი შეიძლება იყოს საკვები პროდუქტი და რომელი არა, ამას, როგორც წესი, სხვადასხვა კულტურის ქვეყანა თავად აწესებს. მაგალითად, არსებობს ქვეყნები, სადაც ძაღლის, ცხენისა თუ სპილოს ხორცის საკვებად მომხმარება მათი კულტურის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მეორე მხრივ კი, თუ  ძროხის ხორცის მოხმარება ევროპულ და ამერიკულ კულტურაში ჩვეულებრივ ამბად ითვლება, ყველამ იცის, რომ ინდოეთში ეს პირიქითაა და ამ კულტურაში ძროხა ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ცხოველადაა მიჩნეული. ხელოვან გეილ ჰართის ნამუშევარიც სწორედ ამ საკითხს ეხება - თუკი ადამიანები თავადვე აწესებენ, რომელი ცხოველის ხორცი შეიძლება იყოს საკვებად მოსახმარი, არტისტი თავისი ნამუშევრით ასეთ რიტორიკულ კითხვას სვამს: "მაშინ რატომ არ მიირთმევთ თქვენს შინაურ ცხოველს?"

დანა ელინი 





დანა ელინი  ამერიკელი ვეგანი არტისტია, რომელიც თავის ნამუშევრებში ხშირად წარმოგვიდგენს ადამიანების მხრიდან ცხოველების მიმართ გამომჟღავნებულ სისასტიკეს. მის კაშკაშა მკვეთრ ფერებსა და ფორმებს კი, რომლებსაც არტისტი საკუთარ ნახატებში იყენებს, ლაიტმოტივად  მუდამ ერთი მთავარი რიტორიკული კითხვა გასდევს - "რატომ ვიყენებთ ზოგიერთ ცხოველს საკვებად, ზოგიერთს კი არა?

ჰოლოგრამების ცირკი 






მაშინ როდესაც ცხოველების უფლებების დარღვევაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი პირველი, რაც გვახსენდება, ბავშვებისთვის საყვარელი სანახაობა - ცირკია. ათეული წლების განმავლობაში მოშინაურებული გარეული ცხოველები, ვეფხვები, ლომები თუ სპილოები საცირკო სანახაობის განუყოფელი ნაწილი იყო. ალბათ ყველას უნახავს ინტერნეტში გავრცელებული კადრები, თუ რა ძალისხმევისა და ძალადობის ხარჯზე ათვინიერებენ ადამიანების მიმართ აგრესიულ  გარეულ ცხოველებს. ამგვარი სასტიკი მეთოდების გამო ბოლო პერიოდში, მაშინ როდესაც ამდენს ვსუბრობთ ცხოველების უფლებების დაცვაზე, საცირკო სანახაობებმა საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლი დაიმსახურა. თუმცა, მიუხედავად ამისა, უამრავ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც, ამგვარ სანახაობაში ცხოველების ძალადობრივი გზით ჩართვა მაინც გრძელდება. სასიხარულოა, რომ ცხოველების მიმართ ასეთ მტრულ გარემოში, გასულ წელს გერმანიაში  უეცრად გამოჩნდა ცირკი, სადაც ცხოველების ხილვა მაინცაა შესაძლებელი, თუმცა არა იმ ფორმით, რა ფორმითაც აქამდე გვინახავს. საქმე ისაა, რომ გერმანულმა საცირკო სანახაობამ Circus Roncalli-მ საზოგადოებას 3D ჰოლოგრამული ცირკი წარუდგინა, სადაც ცოცხალი ჰოლოგრამული ცხოველების ხილვა 360-გრადუსიანი ხედით შეგვიძლია.