საკუთარი თავისა და სამყაროს კვლევა, არაცნობიერი პროცესები და მდგომარეობა - ეს ის თემებია, რომლებიც ახალგაზრდა ფოტოგრაფის, საბა გორგოძის შემოქმედებაში ხშირად ჩნდება. პრემია იკას 2018 წლის გამარჯვებული ფოტოგრაფის გამომსახველობით ენის სპეციფიკას შავ-თეთრი, ფირით გადაღებული კადრები განსაზღვრავს. დოკუმენტური ჟანრი და ქუჩის ფოტოგრაფია საბას შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა მისი პირველი კადრები სკეიტკულტურასა და ადამიანთა პორტრეტებს უკავშირდება. ჟურნალი Hammock გთავაზობთ ინტერვიუს ფოტოგრაფ საბა გორგოძესთან, რომელშიც იგი მისი შემოქმედებითი პროცესების შესახებ გვიყვება. 

 

 

საბა, მოგვიყევი, როდის და როგორ აღმოჩნდი ფოტოგრაფიაში? 

 

ამ სფეროში შემთხვევით აღმოვჩნდი. 2012 წელს დიდ დროს სკეიტბორდზე სრიალში ვატარებდი, გავიცანი უამრავი ადამიანი. თავდაპირველად მეგობრებისგან ნათხოვარი კამერით ვიღებდი ჩემს სკეიტერ-მეგობრებს, შემდეგ უკვე 2013 წლიდან უფრო სერიოზულად დავიწყე გადაღება.

 

 

როგორია შენი შემოქმედებითი პროცესი – საიდან იწყებ?

 

ძირითადად დოკუმენტური, ქუჩის ფოტოგრაფიის მიმართულებით ვმუშაობ, რის გამოც დამოკიდებული ვარ გარემოზე. კომპოზიციას არასდროს ვაწყობ. იმდენად სწრაფად მიმდინარეობს ქუჩაში სხვადასხვა პროცესი და იმდენად გაუცნობიერებელია, რომ ხშირად შეიძლება კამერაში გახედვაც ვერ მოვასწრო. შესაბამისად, გადაღების პროცესი ინტუიციური და სპონტანურია.

 

 

Imaginary World შენი პირველი პროექტია, რომლის გამოფენაც 2017 წელს შედგა, თუმცა ამ სერიის გადაღება წელს დაასრულე. მოგვიყევი ამ პროექტის შესახებ უფრო ვრცლად, რა იყო მისი იდეა? 

 

პროექტი 2012 წლიდან დაიწყო, იმ დროიდან, როდესაც ფოტოგრაფიასთან პირველი შეხება მქონდა. თავიდან პროცესი, რა თქმა უნდა, გაუაზრებლად მიმდინარეობდა. 2015 წლის შემდეგ, როდესაც განათლება მივიღე და რაღაცები ვისწავლე, შევეცადე ამ სამი წლის ნამუშევარი ერთ სერიაში მომექცია და დავიწყე უფრო სიღრმისეული მუშაობა. ეს პროექტი იმ პერიოდის ქართველი თინეიჯერების ცხოვრების ამსახველი სურათი გახდა. თუმცა ჩემთვის Imaginary World იმ ცხოვრების დოკუმენტაციაა, რომელიც მე არ მქონია, რადგან ძირითად შემთხვებებში მე არა აქტორის, არამედ დამკვირვებლის როლში ვიყავი. 

 

 

რას ნიშნავს შენთვის ფოტოხელოვნება და რით გამოირჩევა იგი, როგორც მედიუმი?

 

ფოტოგრაფია ჩემთვის საკუთარ თავზე დაკვირვების შესაძლებლობაა, მასწავლებელი არაცნობიერ პროცესში. იმ მომენტიდან, როდესაც ქუჩაში გადიხარ, იწყება ერთგვარი აქტი, სადაც არაცნობიერი გასწრებს და გაუაზრებლად რეაგირებ სივრცეში განლაგებულ ობიექტებზე. ფოტოს შეუძლია აღწეროს რეალობა ისეთი, როგორიც ის სინამდვილეშია და ამავდროულად, იყო ძალიან სუბიექტური, რაც მას როგორც მედიუმს განსაკუთრებულს ხდის.

 

 

ზოგადად, რა გაძლევს ყველაზე დიდ შემოქმედებით მუხტს?

 

შთაგონებას არასდროს ველოდები, რადგან ჩემთვის ბუნებრივია მდგომარეობა, ვიღებდე ყველგან და ყოველთვის. თუმცა, მგონია, რომ ყველაზე დიდი შემოქმედებითი მუხტის წყარო ჩემთვის შემოქმედებითი ადამიანები არიან, რომლებიც თავის მხრივ ყოველთვის ვითარდებიან და რაღაც საინტერესო პროცესებში არიან ჩართულები. 

 

 

While White Dog Keeps Barking მიმდინარე პროექტია, რომელზეც დღემდე მუშაობ. მოგვიყევი მის შესახებ უფრო ვრცლად… 

 

ამ პროექტზე მუშაობა 2016 წელს დავიწყე და შეიძლება ითქვას, ის ერთგვარი წარმოსახვითი გიდია. იმ ალტერ ეგოს ნამუშევარია, ვინც სამყაროში მინიშნებებს ეძებს, პოულობს და ფოტოგრაფიის საშუალებით მათ დეკოდირებას უკეთებს. ეს კიდევ ერთი გამოხატულებაა იმის, რომ ფოტო ყოველთვის უსწრებს ფოტოგრაფს. 2016-2017 წლებში სხვადასხვა მედიტაციურ პრაქტიკებს მივმართავდი და ამ მიმართულებით ვვითარდებოდი, რაც ჩემი შთაგონების წყარო გახდა. სერია While White Dog Keeps Barking დღესაც მიმდინარეობს, რადგან ვერ დავასრულებ იქამდე, სანამ იმავე მდგომარეობაში არ აღმოვჩნდები. თეთრი ძაღლი, რომელიც სისუფთავისა და გულწრფელობის სიმბოლოა, სწორედ იმ განწყობას გამოხატავს, რომელიც გადაღების პროცესში მნიშვნელოვანია. 

 

 

ყველაფერთან ერთად მოდის მიმართულებითაც მუშაობ...

 

მოდის ფოტოგრაფია ჩემთვის კიდევ ერთი საშუალებაა საკუთარი შესაძლებლობების გამოცდისა და განვითარების. წელს ედიტორიალზე ვიმუშავე, რომელიც Shiro Studio-სთვის შეიქმნა. პროექტზე მუშაობისას დიდი თავისუფლება მქონდა და ვეცადე ქუჩის არეული და ქაოსური ელემენტები მოდასთან გამეერთიანებინა. მინდა, რომ ამ მიმართულებით უფრო სერიოზულ პროექტებზე ვიმუშაო, მაქვს იდეებიც და მომავალში ვაპირებ ჩემი მეგობრის ბრენდთან, Chelsea-სთან თანამშრომლობას, რაც საშუალებას მომცემს მაღალი მოდა და ურბანული დინამიკა ერთ სინთეზში მოვაქციო. 

 

 

არსებობს თუ არა რაიმე კონკრეტული თემები, რომლებსაც შემოქმედების პროცესში ხშირად უბრუნდები? 

 

ფოტოგრაფია ჩემთვის სამყაროს კვლევას გულისხმობს და მის ისეთი პერსპექტივიდან დანახვას, აქამდე რომ არ გიფიქრია. 2020 წელს ვიღებდი არასულიერ ობიექტებს და ვცდილობდი მათი საშუალებით მომეყოლა ამბავი. ეს სერია As it Should Be სწორედ ის თემაა, რომლითაც ხშირად ვარ გატაცებული. რა გავლენა გვაქვს სამყაროზე? - ესაა ის კითხვა, რომლის პასუხსაც ჩემი შემოქმედებით ვეძებ. 

 

 

რა ემოცია გინდა იგრძნოს დამთვალიერებელმა, რომელიც შენს ნამუშევრებს ნახულობს?

 

ძალიან გამიხარდება, თუ დამთვალიერებელი ჩემი ნამუშევრის ნახვისას სამყაროსთან ერთიანობას იგრძნობს. 

 

 

თუ გაიხსენებდი საყვარელ ადგილს, სადაც ოდესმე გადაგიღია?

 

ასეთ რამეზე რომ ვფიქრობ, სულ მახსენდება ვაგზლის მოედანზე არსებული გადასასვლელი ხიდი, რომელიც ჩემთვის მუდმივი გამოფენაა, სადაც სულ შეგიძლია რაღაც საინტერესო ნახო და აღმოაჩინო. 

 

 

ველაზე მეტად რა გხიბლავს შენს პროფესიაში? 

 

რომანტიზებული იდეა... გადიხარ გარეთ და არასდროს იცი  როდის დაბრუნდები. ისეთ სივრცეებში თუ მდგომარეობაში ხვდები, ამაზე წარმოდგენაც რომ არ გქონია მანამდე. ეს მედიტაციური მოგზაურობაა, რომელიც დიდ თავისუფლებას განიჭებს, რაც ჩემთვის ყველაზე მომხიბლავია. 

 

 

როგორ ხედავ საკუთარ თავს მომავალში? 

 

წელს პორტრეტებზე ვმუშაობდი და მინდა, რომ რაც შეიძლება ბევრი შემოქმედი ადამიანი გადავიღო. ამასთან გვაქვს იდეა, შეიქმნას ისეთი პლატფორმა, სადაც ქართული ფოტოგრაფიის ნიმუშების შეძენა იქნება შესაძლებელი, რაც თავის მხრივ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს დიდ სტიმულს მისცემს. პერსონალურად ჩემი შემდეგი ნაბიჯი, სავარაუდოდ, ფოტოწიგნის გამოცემა იქნება, რაც ვთვლი, რომ აუცილებელიცაა. ზოგადად, ბევრი მიმართულებით ვმუშაობ, იქნება ეს სტუდიური გადაღება, ქუჩის ფოტოგრაფია, დოკუმენტური ჟანრი თუ მოდა. საბოლოოდ მინდა, რომ ომის ფოტოგრაფი გავხდე, თუმცა ეს უფრო შორეული პერსპექტივაა, მანამდე ბევრი რამის გადაღებას ვაპირებ.