Urban Greens-ის თანადამფუძნებელი ტუსია ღარიბაშვილი ახალგაზრდა ქართველი მეწარმეა, რომელიც დროდადრო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს საინტერესო და ინოვაციურ პროექტებს სთავაზობს. Space Farms ერთ-ერთი ასეთი პროექტია, რომელიც ურბანული მეურნეობის პოპულარიზაციასა და მეტი ახალგაზრდის ჩართულობას ისახავს მიზნად. სასტუმრო სტამბაში განთავსებული მომავლის ფერმაში სხვადასხვა ტიპის ბოსტნეული და მცენარე იზრდება, რომელსაც აჭარა ჯგუფის რესტორნებში მზარეულები აქტიურად იყენებენ კერძების გასამდიდრებლად. გარდა ამისა, ტუსია მარსელი მევენახეც გახდა და მსოფლიოს ისეთი ექსპერიმენტი შესთავაზა, რომელიც მარსზე ქართული ვაზის გაშენებას გულისხმობს. “მეცხრე მილენიუმი” ქართული ვაზის 8000 წლოვანი ისტორიის ერთგვარი გაგრძელებაა, რომელიც მას ახალ სიცოცხლეს პლანეტა მარსზე უწინასწარმეტყველებს.
Hammock გთავაზობთ ინტერვიუს მარსელ მევენახე ტუსია ღარიბაშვილთან
მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ, როდის დაინტერესდით ზოგადად მეურნეობით და როგორ მიხვედით ურბანულ მეურნეობამდე?
ბავშვობაში არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე მეურნეობაში აღმოვჩნდებოდი, ამ სფეროსთან შეხებაც კი არ მქონდა. უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას ვსწავლობდი, რის შემდეგაც საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საბანკო სფეროში მოვხვდი. მიუხედავად იმისა, რომ 25 წლამდე მეურნეობასთან შეხება არ მქონია, სულ მიყვარდა სახლში სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩატარება და პატარა კონსტრუქციების შექმნა. აქედან გამომდინარე ყოველთვის მსურდა, რომ შემექმნა რაიმე ისეთი საწარმო ან მეურნეობა, რაც არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ სხვებისთვისაც სასარგებლო იქნებოდა. სწორედ ამ შთაგონებისა და ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი იქამდე, რასაც დღეს Urban Greens და Space Farms ემსახურება.
რას წარმოადგენს Urban Greens და რა არის მისი მიზანი?
Urban Greens ორგანული სასათბურე მეურნეობაა, რომელიც შეფმზარეულებსა და მომხმარებლებს მიკრომწვანილით ემსახურება. ამ პროექტით რეალურად ურბანული მეურნეობის პრეცედენტი შეიქმნა, რაც არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დღეს მთელი მსოფლიოსთვისაც დიდი გამოწვევაა. Urban Greens-ის მიზანი იყო შეგვექმნა ისეთი მეურნეობის ტიპი, რომელიც საშუალებას მოგვცემდა ქალაქში დაგვეთესა და გაგვეზარდა სხვადასხვა სახეობის მიკრომწვანილი.
როგორ გეწვიათ Space Farms-ის იდეა, რა იყო თქვენი შთაგონების წყარო?
Urban Greens-ის პროექტის შემდგომ დავიწყე ამ სფეროზე უფრო მეტი მასალის მოძიება და ახალი ტექნოლოგიების შესწავლა. მსოფლიო აქტუალური ეკოლოგიური პრობლემების გათვალისწინებით, როგორებიცაა გლობალური დათბობა, საკვები პროდუქტის წარმოებისა და აგრო გადასამუშავებელი მიწის კრიზისი, დავფიქრდი იმაზე, თუ რა გზით შეიძლებოდა შემექმნა ისეთი მეურნეობა, რომელიც საშუალებას მომცემდა დამეზოგა მიწისა და წყლის რესურსი და ნაკლები ნარჩენი გამომემუშავებინა. ამ ყველაფერმა მიბიძგა იმისკენ, რომ “აჭარა ჯგუფთან” ერთად შემექმნა Space Farms, რაც სწორედ ამდაგვარი ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი გზაა. Space Farms, სადაც სხვადასხვა ტიპის ბოსტნეული აბსოლუტურად ეკოლოგიურ უნარჩენო გარემოში იზრდება, არ იყენებს ქიმიკატებსა და პესტიციდებს. ამასთან, პროდუქცია სპეციალური ტექნოლოგიის მეშვეობით კონტროლდება, რომელშიც ხელოვნური ინტელექტი და IOT სისტემაა ინტეგრირებული, რისი მეშვეობითაც წყლის მოხმარება ტრადიციულ მეურნეობასთან შედარებით 75%-ით არის შემცირებული. მნიშვნელოვანია, რომ ვერტიკალური მეურნეობა საშუალებას გვაძლევს ნებისმიერ სეზონზე მოვიყვანოთ ჩვენთვის სასურველი პროდუქტი ბევრად ნაკლებ დროში, ვიდრე ეს გათვალისწინებულია.
პროექტ “მეცხრე მილენიუმის” შესახებ მოგვიყევით უფრო ვრცლად?
პროექტი “მეცხრე მილენიუმი” ვაზის კულტურის მომავალს ისახავს მიზნად. მსოფლიომ უკვე აღიარა, რომ ღვინის კულტურა საქართველოდან მოდის და მას 8000-წლიანი უწყვეტი ისტორია აქვს. სახელიც სწორედ ამ პრინციპით შევარჩიეთ, რომ ამ ექსპერიმენტის მეშვეობით ვაზის კულტურა მეცხრე მილენიუმშიც გაგრძელდეს. ჩვენი მიზანია აღმოვაჩინოთ ისეთი ვაზის ჯიში, რომელიც იქნება მდგრადი ექსტრემალური ეკოსისტემების მიმართ. ექსპერიმენტი ორ ლაბორატორიაში მიმდინარეობს, აქედან ერთ-ერთში მარსის ხელოვნური გრუნტის ბიორემედიაცია და ვაზზე კვლევები დაიწყება. როგორც NASA-ს ექსპერტები და Space X-ის დამფუძნებელი ილონ მასკი საუბრობენ, კაცობრიობის გადარჩენის ერთ-ერთი გზა მულტიპლანეტური სისტემის შექმნაა. სწორედ მარსის კოლონიზაციის კუთხით მიმდინარე პროექტისთვის ემზადება ჩვენი ვაზიც.
რატომ ვაზი?
გარდა იმისა, რომ ვაზს ჩვენს ქვეყანაში 8000-წლიანი უწყვეტი ისტორია აქვს, ის თავისი არსით ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ მცენარეს წარმოადგენს, რაც მის ნუტრიენტებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარ ბუნებაშიც გამოიხატება.
რა გამოხმაურება მოჰყვა ამ ექსპერიმენტის დაანონსებას?
როდესაც “მეცხრე მილენიუმის” ექსპერიმენტი დავაანონსეთ, მაშინვე Washington Post-ის ჟურნალისტი გამოგვეხმაურა და სხვა საერთაშორისო ჟურნალისტების ყურადღების არეალში მოხვდა პროექტი, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ცნობადობა საქართველოში ღვინის კულტურის ისტორიის შესახებ.
რა რეაქცია აქვთ სასტუმრო “სტამბას” სტუმრებს Space Farms-ზე?
ძალიან ბევრ სტუმარს ხანდახან არც სჯერა, რომ სასტუმროში შიდა ვერტიკალური სასათბურე მეურნეობა არსებობს, რადგან ხშირ შემთხვევაში მსგავსი მეურნეობა ასეთი თვალსაჩინო და ხელშესახები არ არის. შესაბამისად, ძალიან ბევრი სტუმარი გაოცებული და აღფრთოვანებულია იმ ფაქტითაც, რომ სტამბა პირველი სასტუმროა, რომელშიც მსგავსი მეურნეობაა ინტეგრირებული და Farm To Table კონცეპტს პასუხობს.
როგორ ფიქრობთ, რა არის ქართული აგროკულტურის მომავალი?
სოფლის მეურნეობა დღეს უკვე საკმაოდ აქტიურად ვითარდება. რაც შეეხება ურბანულ მეურნეობას, ვფიქრობ, საქართველოს ამ სფეროში წარმატებული მომავალი ექნება და ეს პროექტი მისაბაძი გახდება, რადგან ჩვენს რეგიონშიც არსებობს ისეთი პრობლემები, როგორიცაა რესურსებისა და მოსავლიანობის არასტაბილურობა და არამდგრადობა. ეს პროექტი ერთგვარი საპილოტე ექსპერიმენტია, რომელიც ნელ-ნელა ვითარდება და უამრავი ახალგაზრდა, კერძოდ კი აგრარული უნივერსიტეტის სტუნდეტები ძალიან დიდ ცოდნასა და გამოცდილებას იღებენ თანამედროვე აგრო ტექნოლოგიებში. გარდა ამისა, ურბანული მეურნეობა სხვადასხვა მრავალფეროვანი პროფესიის ინტეგრაციის საშუალებასაც იძლევა.
სამომავლო გეგმები…
ჩემი მიზანია ურბანული მეურნეობა პროფესიად ვაქციო და მასში უფრო მეტი ახალგაზრდა ადამიანი ჩავრთო, Space Farms კი ერთ-ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ საქართველოში მეტი მომავლის ფერმერი გაჩნდეს. ურბანიზაციის ზრდასთან ერთად, ვფიქრობ, მსგავსი მეურნეობის მიმართ ინტერესი და მოთხოვნაც მოიმატებს და საბოლოო ჯამში იგი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება. გარდა მიმდინარე პროექტებისა, თავში უამრავი იდეა მიტრიალებს, რომლის განვითარებასაც ვგეგმავ.
დაწერე კომენტარი