ნაძვისხე და საახალწლო დეკორაციები ზამთარს წელიწადის ყველაზე ჯადოსნურ დროდ აქცევს. ცივ და უფერულ ამინდში ბრჭყვიალა, მანათობელი ხე მაგიურ და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის. ალბათ სწორედ ამიტომ, ნაძვისხე არაერთხელ ქცეულა სხვადასხვა დიზაინერის შთაგონების წყაროდ.

გთავაზობთ განსაკუთრებით შთამბეჭდავ ნაძვისხეებს, რომლებიც ცნობილმა დიზაინერებმა შექმნეს.



სასტუმრო Claridge, რომელიც ლონდონში მდებარეობს, ტრადიციულად სხვადასხვა დიზაინერს უკვეთავს ნაძვისხეს, მათ შორის ყველაზე დასამახსოვრებელია 2017 წლის კარლ ლაგერფილდის მიერ გაფორმებული ამოტრიალებული ნაძვისხე. ვერცხლისფერი ორნამენტები და მინის ხელნაკეთი ფიფქები თეთრ ბეწვის ხალიჩასთან ერთად თოვლისა და ყინულის ასოციაციას ქმნის. ნაძვის ფესვებზე კი მრავალკუთხა საშობაო ვარსკვლავია განთავსებული.



Dolca & Gabbana-ს დიზაინით შექმნილი 20 მეტრის სიმაღლის ნაძვისხე ტოკიოს Ritz-Cartlon-ისთვის გაფორმებულია ხელნაკეთი ბურთებით, ხილით, ყვავილებითა და სიცილიური თოჯინებით, რითაც დომინიკო დოლჩემ საკუთარ სიცილიურ წარმომავლობას გაუსვა ხაზი. ნაძვისხის საბოლოო შტრიხს წარმოადგენს ოქროსფერი ლენტი, წარწერით - საუკეთესო სურვილებით სტეფანოსა და დომინიკოსგან.



Beau&Bien, რომელსაც სილვი მარეშალი უძღვება, ცნობილია მანათობელი სკულპტურებით. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ Le Royal Monceau-ს ნაძვისხის ძირითადი დეკორაციაც ნათურებია, რომლებიც ხელნაკეთი მინისა და სპილენძის სათამაშოებით გაფორმებული ხის გარშემო მანათობელ სფეროს ქმნიან.



შოტლანდიური საიუველირო ბრენდის, Hamilton & Inches და შვეიცარელი მესაათის, პატეკ ფილიპის კოლაბორაცია სასტუმრო The Balmoral-ის ისტორიული საათის შთაგონებით შეიქმნა. სამი  ნაძვისხე  საათის ისრების  მიმართულებით მოძრაობს.



სასტუმრო The Connaught, რომელიც ლონდონში მდებარეობს, არტისტი ტრეისი ემინისთვის განსაკუთრებულ მოგონებებთანაა დაკავშირებული. ამიტომ სასტუმროსათვის შექმნილი ნაძვისხე მან ნეონით დაწერილი ლექსით გააფორმა, რომელშიც The Connaught-ის სიყვარულზე საუბრობს. 



Yabu Pushelberg-ისა და Lasvit-ის მინიმალისტური კოლაბორაცია ჰონგ-კონგში, სასტუმრო The Upper House-ში იყო განთავსებული. სადღესასწაულო დღეების გასვლის შემდეგ კი ნაძვისხე აუქციონზე გაიყიდა და შემოსული თანხა შიდსის მკურნალობის ასოციაციას გადაეცა.



რომში, სასტუმრო Hotel de Russie-ს შიდა ეზოში, ნაძვისხეს იტალიური საიუველირო ბრენდის, Vhernier-ის დიზაინით შექმნილი 400 სხვადასხვა ზომისა და ფორმის ბრჭყვიალა ბუშტი აფორმებდა.



კერამიკოსმა და ილუსტრატორმა ჯონ ბუთმა სასტუმრო The London Edition-ის ნაძვისხისთვის კერამიკული დეკორაციები შექმნა, მათ შორის მისთვის დამახასიათებელი აბსტრაქტული სახეებით. ახალი წლის შემდეგ თითოეული ნივთი გაიყიდა, შემოსული თანხა კი უსახლკარო LGBTQ ახალგაზრდების დასახმარებელ ფონდში გადაირიცხა.



ბრიტანელმა დიზაინერმა ვივიენ ვესტვუდმა რესტორან Aqua Shard-ის ნაძვისხის დიზაინზე იზრუნა. 5-მეტრიანი ნაძვისხე ვესტვუდისთვის დამახასიათებელი ექსტრავაგანტურობითა და მკვეთრი ფერებით გამოირჩეოდა.